სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ონლაინ-სწავლებისას ფოტო-ვიდეო მასალის გადაღების და გამოქვეყნებისას მშობლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას:
„სოციალურ ქსელებში ვრცელდება ონლაინ სასწავლო პროცესის, ონლაინ შეხვედრების ამსახველი (მათ შორის, იუმორისტული) ფოტო-ვიდეო მასალა. ონლაინ შეხვედრების, ონლაინ-სწავლების ამსახველი მასალა (ფოტო, ვიდეო გამოსახულება) წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემებს, რაც უნდა იქნეს გათვალისწინებული მათი გასაჯაროებისას.
არასრულწლოვნის მონაცემების ინტერნეტში ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროებამ შესაძლოა არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე (გახდეს ბულინგის ან სხვა სახის არასასურველი მოპყრობის ობიექტი).
შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, ასევე, არასრულწლოვანი პირების მშობლები და ოჯახის წევრები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ბავშვების მონაცემების გასაჯაროებას და იმოქმედონ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქვეყნის მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადავიდა. 23 მარტიდან მათ დანარჩენი სასწავლებლებიც შეუერთდებიან.