ინოვატორი ქალები დიზაინის სფეროში: დოროთი დრეიპერი

ამერიკელი ინტერიერის დეკორატორი დოროთი დრეიპერი პიონერად არის მიჩნეული ამ სფეროში. მისი სტილი მინიმალისტური ნამდვილად არ არის. ამასთან, ის პირველი ქალია, რომელმაც თამამად დაიწყო ნათელი და ჭრელი ფერების გამოყენება. მის მიერ შექმნილი დიზაინი არაერთგვაროვანი და მრავალფეროვანი იყო, შესაბამისად, ეს უახლესი სტილი ყველასთვის საინტერესო გახდა. მისმა წარმატებამაც არ დააყოვნა, დღეს მისი ინტერიერის დიზაინს ჰოლივუდშიც კი იყენებენ.

Courtesy of the Greenbrier

დოროთი შეძლებულ ოჯახში დაიბადა ნიუ-იორკში, ამ პერიოდში ეს რაიონი საგრძნობლად დაწინაურებული იყო. ისინი ფლობდნენ სახლს მანჰეტენზე, ასევე სახლს ნიუ-პორტში. მისი ძმისშვილი კი ნენსი ტუკერმანი იყო, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა. დრეიპერმა განათლება ბრეავლის სკოლაში მიიღო, ნიუ-იორკში, თუმცა ის ოჯახთან ერთად ხშირად მოგზაურობდა. მისი იდეებით აღფრთოვანებული იყო პროფესორი, დონალდ ალბრეხტი, რომელმაც ნიუ-იორკის ცენტრალური მუზეუმის დიზაინი შექმნა, ის ამბობდა, რომ დრეიპერმა მოახერხა და ისტორიული სტილის გარდაქმნა, მისი ინტერპრეტაცია შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

1912 წლიდან დოროთიმ დაიწყო სახლების ყიდვა-გაყიდვა, მისი რეპუტაცია საკმაოდ მაღალი იყო, რადგან დეკორაციებს მშვენივრად ქმნიდა. ამ ყოველივეს გამო მას უამრავი კლიენტი ჰყავდა. სწორედ მათ ურჩიეს, ბიზნესი დაეწყო. 1925 წელს დრეიპერმა Architectural Clearing House შექმნა, კომპანია იყო პირველი ოფიციალური დაწესებულება, რომელიც ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა. 1929 წელს წარმატების ფონზე დოროთიმ კომპანიას სახელი შეუცვალა და Dorothy Draper and Company დაარქვა. 1930 წელს დუგლას ელიმანმა მედისონ ავენიუს ერთ-ერთი დაწესებულების შესაცვლელად დაიქირავა დოროთი, ეს ყველაზე დიდი პროექტი იყო მისთვის. დამქირავებელი კმაყოფილი დარჩა და მათი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდა. დრეიპერმა ახალ სფეროშიც სცადა მუშაობა, სახლების მშენებლობა დაიწყო, რომლებიც დღეს Sutton Place-ს სახელით არის ცნობილი.

Courtesy of the Greenbrier

დოროთის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და მას არაერთ შტატში სთავაზობდნენ სამსახურს. მან შექმნა დიზაინი სასტუმროებისთვის ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და სან ფრანცისკოში. „დიდ დეპრესიას“ ის არ შეუჩერებია და კვლავ აგრძელებდა მუშაობას. სწოედ ამ პერიოდში შექმნა Palácio Quitandinha რიო დე ჟანეიროში, მან ამ პროექტისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 1937 წელს დოროთიმ დაიწყო მცირე ბიზნესების დახმარება, მან ბრუკლინში არაერთი ადამიანი დაასაქმა. 1950 წელს დოროთიმ ახალი პროექტი წამოიწყო, ამჯერად მისი დამქირავებელი Packard იყო, მათ დრეიპერს მანქანების ინტერიერი შეუკვეთეს.

1954 წელს დოროთიმ შექმნა კაფეტერიის დიზაინი, რომელიც ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმშიც კი მოხვდა. მას ასევე უმუშავია აეროპორტების დიზაინზე და მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი კენედის აეროპორტის დიზაინის შექმნა იყო. დღეს მის ყველაზე წარმატებულ პროექტად მაინც Greenbrier Hotel მიიჩნევა, ამ დროს დრეიპერმა მომსახურე პერსონალის ფორმების დიზაინიც განსაზღვრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს სასტუმრო საავადმყოფოდ გადააკეთეს, რამდენიმე წელიწადში შენობა Chesapeake and Ohio Railroad-მა იყიდა, მათ დოროთის კრეატიულობის სჯეროდათ და სწორედ ის დაიქირავეს.

Courtesy of the Greenbrier

დოროთის სტილს რაც შეეხება, სწორედ მან შექმნა Modern Baroque, დრეიპერმა კლასიკურ სტილს თანამედროვე ელემენტები დაუმატა და ასე ჩამოაყალიბა ახალი ხედვა. ის არასდროს უშინდებოდა ექსპერიმენტებს და მუდმივად იყენებდა დრამატულ ფერებს, მათ შორის შავსა და თეთრს, ეს კი ცოტას თუ გამოსდიოდა. მას ისიც გამოარჩევდა სხვებისგან, რომ დიდ, უცნაური ფორმის სარკეებს დიდ ყურადღებას აქცევდა და ამის გამო ტერმინი the Draper touch ჩამოყალიბდა. 1937 წლისთვის არც ერთი ქალი იყო ისეთი პოპულარული, როგორც დოროთი.

2004 წელს დოროთის წიგნი Entertaining is Fun! How to Be a Popular Hostess ხელახლა დაიბეჭდა, ის პირველად 1941 წელს გამოაქვეყნეს, თუმცა ახალი ვერსია მალევე გახდა გაყიდვების ლიდერი. 2006 წელს მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ნიუ-იორკის მუზეუმში, სახელად The High Style of Dorothy Draper. 2006 წლიდან 2007 წლამდე დალასის მუზეუმში ტარდებოდა გამოფენა, სახელწოდებით In the Pink: The Legendary Life of Dorothy Draper. ამ ღონისძიებაზე დოროთის ნამუშევრებს, უცნობ ფოტოებს და არაერთ ფაქტს უსვამდნენ ხაზს. მსგავსი გამოფენები მოეწყო ფლორიდაში, ნიუ-იორკსა და ტეხასში. დღეს ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან კელი ვერსტელი და ჯონათან ადლერი, სწორედ დოროთის გავლენას აღიარებენ მათ შემოქმედებაზე.

Courtesy of the Greenbrier

აღსანიშნავია, რომ დოროთის მეუღლე ფრანკლინ რუზველტის პირადი ექიმი იყო, ხოლო დრეიპერი ელეანორ რუზველტის ბიძაშვილი. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მუდმივად მხარს უჭერდნენ ერთმანეთს. დოროთიმ მუშაობას თავი 1960 წელს დაანება, ხოლო 1969 წელს ოჰაიოში გარდაიცვალა. მას ალცაიმერის დაავადება ჰქონდა. კარლტონ ვარნლიმ მისი კომპანია იყიდა და ის დღემდე აგრძელებს მუშაობას. ნოვატორული, საჭიროებებს მორგებული და დახვეწილი დიზაინის გამო მან სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი საკულტო ინტერიერის დიზაინერების სიაში.