გახდე წარმატებული – რთულია! განსაკუთრებით რთულია არაფრისგან საქმის წამოწყება და შემდგომ, ამ საქმის საერთაშორისო პროდუქტად ქცევა. ამგვარ მისიას კი უამრავმა ქალმა გაართვა თავი. სამწუხაროა, რომ მათი სახელები, საქმიანობასთან ერთად, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ასეთ ქალებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. დღეს კი მათგან ერთ-ერთს – დონა კარპენტერს გაგაცნობთ, ქალს სნოუბორდებით გამომუშავებული მილიონების საინტერესო ისტორიით.
გასული წლის ოქტომბერში Forbes-მა იმ ქალების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც მხოლოდ საკუთარი შრომით შეძლეს წარმატების მიღწევა და ქონების დაგროვება. ამ სიაში 44-ე ადგილზე 530 მილიონი დოლარით დონა კარპენტერია. ქალის მთავარი საქმიანობა უკვე რამდენიმე ათეული წელია სნოუბორდების გამოშვებაა.
სნოუბორდების მწარმოებელი უმსხვილესი ბიზნესის ისტორია 1977 წლიდან იწყება. დონა კარპენტერის მეუღლე, ჯეკ ბარტონი, აარსებს კომპანიას, სახელწოდებით – Burton. კომპანია დღემდე სნოუბორდებსა და სნოუბორდინგისათვის საჭირო აქსესუარებს (სათვალე, ჩაფხუტი, სპეციალური ტანისამოსი) გვთავაზობს. დონასა და ჯეკ ბარტონის ქორწინების შემდეგ კი ქალი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად იწყებს ზრუნვას და ბაზარზეც მათი სნოუბორდები აქტიურად ჩნდება. დონა და მისი მეუღლე მსოფლიოში პირველები იყვნენ, ვინც თოვლზე სასრიალო დაფების მწარმოებელი ფაბრიკა ააგო.
მსოფლიოს უმდიდრესი და გავლენიანი Self-Made ქალები თავდაუზოგავი შრომის შედეგად აღწევენ ყველაფერს. დონა კარპენტერსაც თავიდანვე ასეთი კაპიტალი არ ჰქონია, ამიტომაც მისი პირველი სამსახური Burton-ის პატარა ოფისის, კიდევ უფრო პატარა ოთახში ჯდომა და სატელეფონო ზარებზე პასუხი იყო. ბიზნესის გაფართოებასთან ერთად, დონამაც დატოვა ეს ოთახი და მონაწილეობდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. უკვე 80-იანი წლებიდან კი ქალმა Burton-ის სნოუბორდებზე სრიალის საშუალება ევროპელებსაც მისცა. სწორედ დონა კარპენტერის სახელს უკავშირდება კომპანიის ევროპის ბაზარზე გასვლა და ავსტრიაში პირველი საერთაშორისო ოფისის გახსნაც.
2009 წლისათვის Burton-ს საკუთარი წარმოების 61 მოდელის სნოუბორდი ჰქონდა და მათი შემოსავალიც 487 მილიონზე მეტი იყო. ამჟამად, Burton თავის პროდუქციას თითქმის ხუთი ათას მაღაზიაში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის.
ჯეკ ბარტონი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. თავდაპირველად, დონა კარპენტერი კომპანიის პრეზიდენტი იყო, ხოლო 2016-2020 წლებში იგი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. ამჟამად დონა სნოუბორდების უმსხვილესი მწარმოებლის – Burton – მფლობელი და მმართველია.
დონა კარპენტერის როლი Burton-ის განვითარებაში შეუფასებელია. 2019 წელს, მისივე მმართველობის პერიოდში, კომპანია სერთიფიცირებული B კორპორაცია ხდება, ანუ იგი სოციალურ და გარემოსდაცვით საქმიანობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის უმაღლესი სტანდარტებიც დაცულია.
დიდხნიანი მოღვაწეობის შედეგად, დონა კარპენტერი სპორტის, სნოუბორდინგის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად იქცა. მისი წმინდა ქონება 500 მილიონ დოლარს აღემატება და ის კვლავაც განაგრძობს მაღალშემოსავლიანი ბიზნესის მართვას. როგორც თავად ქალი ამბობს, სჯერა, რომ სნოუბორდი სამყაროს უკეთესს ხდის.
დონა, Refinery29-ის „სუპერ ქალი“ და The New York Times-ის „სნოუბორდის ელჩი“ მეწარმე, საკუთარი საქმით ქალების გაძლიერებასა და მათ ლიდერ პოზიციებზე დანიშვნასაც უწყობს ხელს. დღესდღეობით, დონა კარპენტერი Burton-ის არაერთ დეპარტამენტს აკონტროლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კარპენტერი სპეციალურად ახალგაზრდა გოგონებისთვის უშვებს სნოუბორდებისა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების ხაზს.
დონა კარპენტერმა Burton-ში ქალების პოპულარიზაციისა და გაძლიერებისათვის მთელი რიგი პროგრამები შექმნა. პროგრამები, პირველ ყოვლისა, სწავლებას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, ორსული ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქალებისათვის დამატებით შეთავაზებებსაც. დონამ Burton-ში ქალების თითქმის ყველა დონეზე დასაქმება მოახერხა. ამ ფაქტმა კი აჩვენა, რომ კომპანია და მისი მოგება პოზიტიურად იცვლება, რაც მეტწილად კომპანიის საქმიანობაში ქალების ჩართულობამ განაპირობა. ქალთა ლიდერობის ინიციატივა (WLI) კარპენტერმა 13 წლის წინ შექმნა. კომპანიაში ამ სასიამოვნო ცვლილების შედეგად კი ლიდერის პოზიციებზე სამუშაოდ უფრო მეტი ქალი შეირჩა. მათი მმართველ პოზიციებზე საქმიანობა 10-დან 40 პროცენტამდეა გაზრდილი.
დონა კარპენტერი მუდმივად აღნიშნავს, რომ მეტი ქალი აღმასრულებელი დირექტორის, კრეატორის, მეწარმის ყოფნა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია. ის ქალებს მუდამ ახსენებს, რომ Burton-ში მათთვის ადგილი ყოველთვის იქნება. დონა Refinery 29-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს კომპანიებისათვის ქალების როლსა და მნიშვნელობაზე. იგი ინტერვიუში ამბობს: „ჩვენ ვერასდროს გავიზრდებით და მივაღწევთ წარმატებას ქალთა ბაზარზე, თუ არ გვეყოლებიან ქალები, რომლებიც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ… Burton არის დამსაქმებელი, რომელიც ირჩევს ქალებს.“