ტრამპი – ამერიკა ისევ და თანაც ძალიან მალე იქნება ღია ბიზნესისთვის

13 მარტს აშშ-ში დონალდ ტრამპის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ერთეულების დახურვა მოჰყვა.

პრეზიდენტის ნაბიჯს ეკონომისტთა ნაწილი გადამეტებულად მიიჩნევს და დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. მათი აზრით, უკვე საკმაო ზიანი მიადგა როგორც ბიზნესს, ასევე, დასაქმებულთა სექტორს.

კონსესუსი მთავრობის ლიდერებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის ჯერაც არ შემდგარა. მთავრობის წარმომადგენლებმა კი უკვე განაცხადეს, რომ 15 დღიანი სოციალური დისტანციის პერიოდი აუცილებელია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რომლითაც აშშ-ში უკვე 40 000-მდე ადამიანია ინფიცირებული. აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას კი, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელების აზრით, შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა.

პრეზიდენტ ტრამპისა და ეკონომისტთა ნაწილის მოსაზრებით კი, ქვეყნისთვის ეკონომიკური შოკი შესაძლოა იმაზე საზიანო იყოს, ვიდრე ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელია.

ეკონომიკური “გათიშვის” შედეგები მხოლოდ ახლა იწყებს ოფიციალურ მონაცემებში ასახვას. მკვლევრების განცხადებით, წლის მეორე მეოთხედში ეკონომიკის 30%-იანი შემცირება, ხოლო უმუშევრობის დონის 13 %-მდე ზრდაა მოსალოდნელი. ეს ორივე მაჩვენებელი კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეკორდულია.

„ამერიკა ისევ და ძალიან მალე იქნება ღია ბიზნესისთვის. ძალიან მალე. იმაზე ადრე, ვიდრე 3 ან 4-თვიანი პერიოდია. ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ, რომ პრობლემაზე უარესი თავად პრობლემის მოგვარების გზა აღმოჩნდეს“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე.

წყარო – The New York Times