იკონური არქიტექტურული ჟურნალის Domus-ის ქართული გამოცემა – Domus Georgia პირველად 2021 წელს გამოვიდა. Domus Georgia-ს მთავარი რედაქტორი, არქიტექტორის დოქტორი, თბილისის არქიტექტურის დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის დამფუძნებელი, ლენა კილაძე იხსენებს როგორ გაუჩნდა ჟურნალის საქართველოში გამოცემის იდეა და რა გზა გაიარა ამ იდეის სისრულეში მოყვანამდე.
ლენა ამბობს, რომ არქიტექტორი მამის მიერ უცხოეთიდან წლების წინ ჩამოტანილი ის ინგლისურენოვანი გამოცემა ერთგვარი ფანჯარა იყო, საიდანაც შორეული და განსხვავებული სამყარო ჩანდა. დიდი ხნის ოცნებას ‒ ჟურნალის ქართული ვერსია შეექმნა ‒ მოგვიანებით მიუბრუნდა, როცა პანდემიის დროს შედარებით მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა და Domus-თან მოლაპარაკებები დაიწყო. Domus Georgia წელიწადში ორჯერ გამოდის და ჟურნალთან ერთად ცოდნის გაზიარების პლატფორმას ქმნის არქიტექტურის თემაზე.
ლენა კილაძე გვიყვება Domus Georgia-ს, ბავშვობის, არქიტექტურასთან დაკავშირებული პირველი ასოციაციებისა და ჩვენი ქალაქის არქიტექტურული კონტექსტის ამბებს.
როგორ დაიწყო თქვენი როგორც არიქიტექტორის თავგადასავალი?
მე დავიბადე ოჯახში, სადაც მთელი ბავშვობა, ჩვენი სახლი, ჩვენი ცხოვრება, ურთიერთობა განსაზღვრული იყო არქიტექტურით. მამა, ლევიკო კილაძე, არქიტექტორი იყო. ვცხოვრობდით სახლში, რომელიც ალექსანდრეს ბაღში იდგა. ბაბუას დახვრეტის შემდეგ ბებიას ეს სახლი ჩამოართვეს. მოგვიანებით მხოლოდ ნაწილი დაუბრუნეს, რომელიც მთლიანად მამაჩემის გალამაზებული იყო ვიტრაჟებით, სხვადასხვა დეტალით, ჩემი და ჩემი ძმის ოთახი ‒ მოხატული დისნეის მულტფილმების პერსონაჟებით… ახლა ვხვდები როგორი უჩვეულოდ საინტერესო იყო მთელი ის გარემო, რომელსაც დედა და მამა ქმნიდნენ. ყველაფერი ხელოვნებასა და არქიტექტურას უკავშირდებოდა ‒ სწავლაც, თამაშიც, ქალაქში ჩანახატებზე სიარული თუ საქართველოს გარშემო მოგზაურობაც. ყოველ შაბათ-კვირას გასვლებს აწყობდნენ ქალაქში ან ქალაქგარეთ ‒ ძეგლების დათვალიერებით, შემეცნებითი თამაშებით ‒ ხშირად ჩვენს მეგობრებთან ერთად.
სახლი, სადაც ახლა ჩვენ ვსხედვართ, მამას სახელოსნო იყო. მისი ოაზისი. საბჭოთა პერიოდში მხატვრებსა და არქიტექტორებს სახელოსნოებს აძლევდნენ ახალაშენებული კორპუსების ბოლო სართულზე. ეს იყო აბსოლუტურად მამაჩემის მიერ შექმნილი სივრცე. აქ იყო ხის თაროები, მისი ხელით გაკეთებული ავეჯი, მაგიდები, სკამები, ბუხარი, მისი პროექტები, ნახატები. ეს იყო ჩემთვის ჯადოსნური ადგილი, სადაც კარადაში სახაზავი საშუალებები, „კოჰინორის“ საშლელები და ფანქრები, როტრინგები, ფლომასტერები ინახებოდა. თაროებზეც ჯადოსნური წიგნები ეწყო არქიტექტურასა და მხატვრობაზე. ჩემი ძმაც არქიტექტორია. ორივეს გაგვიმართლა. მშობლებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რასაც დღეს ვაკეთებ. საოცრად საინტერესოდ ცხოვრობდნენ, შეიძლება ითქვას, ჩვენი ყველაზე კარგი მეგობრები იყვნენ, რომლებთანაც არ იყო არანაირი ტაბუ, არანაირი შეზღუდვა, პირიქით, ყველაფერი საინტერესო და ახალი, პირველ რიგში, მათ უკავშირდებოდა.
მამა ბევრს მოგზაურობდა. აქ იყო მის მიერ ჩამოტანილი პლაკატები, წიგნები, ჟურნალები. მათ შორის, პირველი Domus-ი, რომელიც ჩამოიტანა. მას ძალიან უყვარდა თავისი პროფესია, თავდადებულად განიცდიდა ქალაქის ბედს, მის განვითარებას, მთლიანად იხარჯებოდა თავის სპეციალობაში ‒ განსაკუთრებით მახსოვს, როგორ მუშაობდა „მზიურის“ პროექტზე ‒ ეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო და დიდი როლი შეასრულა ქალაქის სარეკრეაციო სივრცის შექმნაში. როცა უცხოეთიდან ბრუნდებოდა, ჩვენ და ჩვენს მეგობრებს გვიყვებოდა იქაურ არქიტექტურაზე, ყოფაზე. როგორ მუშაობენ, როგორც ცხოვრობენ, რადგან მაშინ ფარდა იყო ჩვენსა და დასავლეთს შორის.
მე ბავშვობაში ხატვა უფრო მიტაცებდა და გრაფიკის მიმართულებით ვფიქრობდი წასვლას, მაგრამ სკოლის ბოლო წლებში არქიტექტურამ უფრო დამაინტერესა. არქიტექტურას აქვს უნიკალური უნარი, ადამიანის ცხოვრების ძალიან ბევრ და ღრმა შრეს შეეხოს.
რა გხიბლავდათ მაშინ არქიტექტურაში და რა დარჩა ამ აღქმაში უცვლელი?
ლუის კანი ამბობდა, რომ არქიტექტურა (ჭეშმარიტი არქიტექტურა!) განუზომლიდან იწყება, გეგმარების პროცესში (იდეის ქაღალდთან შეერთების ადგილას) განზომილებადი ხდება და მერე ისევ განუზომელს უბრუნდება. ეს საოცარი შეგრძნება ‒ არქიტექტურის მეშვეობით მარადისობასთან შეხების ‒ იყო თავიდან და დარჩა დღესაც. და კიდევ, ეს საოცარი განცდა, რომ შენ შეგიძლია ადამიანების ცხოვრების ხარისხი შეცვალო. შეცვალო გარემო, რომელშიც ცხოვრობ- იქნება ეს საცხოვრებელი, სამუშაო თუ საჯარო სივრცე. ყოველთვის გამძაფრებული მქონდა იმის განცდა, რომ გარემოს შესწევს ადამიანებზე ზემოქმედების უნარი. ჩემზე ძალიან მოქმედებდა (და მოქმედებს) ის სივრცე, სადაც ვცხოვრობ, ვმუშაობ, დავდივარ… ქალაქის გარემო. ბავშვობაში ეს იყო ალექსანდრეს ბაღი, სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სკოლა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა, „რუსთაველის“ თეატრი, „პიონერთა სასახლე,“ ლაღიძის წყლები, კინოთეატრი „სპარტაკი,“ კინო „რუსთაველი“-ის, რაც ჩემთვის ქალაქს ქმნიდა. შემდეგ ქალაქის საზღვრები გაიზარდა… მას ახალი უბნები, მოედნები, გარეუბნები დაემატა. ქალაქი ნელ- ნელა შემოდიოდა ჩემს ცხოვრებაში, არქიტექტურა კი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიურ დიალოგში ვყოფილიყავი ამ ქალაქთან, მის ურბანულ მემკვიდრეობასთან, მეფიქრა მახსოვრობაზე, დღევანდელ კონცეფციებსა და მომავალზე ‒ და ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ეს მოგზაურობა ქალაქში (და ახლა უკვე სხვა ქალაქებშიც) დღესაც გრძელდება.
მე, ზოგადად, ქალაქის ადამიანი უფრო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნება ძალიან მიყვარს. ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, თავისი გულისცემით, ბოლო დროს ხანდახან აუტანელი ხმაურით. ამიტომ ყოველთვის ვფიქრობ, როგორ შეიძლება ეს ქალაქი უკეთესი გახდეს, ჩვენი ცხოვრება უკეთესი იყოს ამ ქალაქში. როგორ შეიძლება შევცალოთ ეს გარემო ისე, რომ უფრო კომფორტული, ცხოვრებისთვის უფრო ადაპტირებული და მორგებული გავხადოთ ის. ქალაქი ადამიანებისთვისაა და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი საშუალება, ამ ქალაქით ისიამოვნონ. ვინი მაასის სიტყვები მომწონს და სულ ვიმეორებ (ვცდილობ მახსოვდეს!): „მხოლოდ ჩვენ ვქმნით ჩვენს ქალაქს, ჩვენს გარემოს… და ყველაფერი ჩვენზეა!“
რა აკლია ყველაზე მეტად ჩვენს ქალაქს?
ძალიან ბევრი რამ აკლია და ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. ეს ქალაქი საუკუნეების განმავლობაში ძალიან რთული ისტორიით ვითარდებოდა: უამრავჯერ დაინგრა, აშენდა და ასე მოაღწია დღემდე. დღევანდელი ქალაქგეგმარებითი სტრუქტურა (ისტორიულ ქალაქს არ ვგულისხმობ, რომლის უნიკალური ფეოდალური გეგმარებითი ქსელიც კი გვაქვს), ძირითადად, საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა თავისი პლუსებითა და მინუსებით. 90-იანი წლებში ეკონომიკურმა კრიზისმა, ომმა, რადიკალურმა ცვლილებებმა ქვეყანაში დაშალა არსებული სტრუქტურები და ახლის ჩამოყალიბება გართულდა. ამ პროცესის შედეგები დღეს სახეზეა. აუცილებელია ისტორიული ზონების მკაცრი რეგულირება, დაცვითი არეალის გამოყოფა, ცენტრის განტვირთვა, მეტი საჯარო და სარეკრეაციო სივრცეების გაჩენა, ტრანსპორტის მოგვარება, საფეხმავლო სივრცეების არსებობა… და, რა თქმა უნდა, დროის გამოწვევებზე პასუხების ძიება ‒ პანდემია და პოსტ პანდემიური ცვლილებები, მდგრადობის თემა, გლობალური დათბობა ‒ კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას. ფაქტია, რომ ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და მას მუდმივ რეჟიმში ესაჭიროება შესაბამისი ქმედებები ‒ იქნება ეს კანონმდებლობის განახლება და მისი დღევანდელ რეალობაზე მორგება, ინფრასტრუქტურული განახლება თუ ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი ორი რამ მგონია: ის, რომ არსებობდეს კონცეპტუალური ხედვა ამ ქალაქის განვითარების პერსპექტივის ‒ რა გვინდა ჩვენ ამ ქალაქისგან და რა მიმართულებით გვინდა, რომ ის განვითარდეს? რა ტიპის, რა ზომისა და რა ფუნქციების მატარებელი უნდა იყოს, როგორ უნდა განვტვირთოთ ცენტრი და როგორ გავხადოთ ეს ქალაქი ადამიანებზე ორიენტირებული? და მეორე ‒ შეიძლება ითქვას, უმთავრესი (რადგან შეუქცევადი პროცესია) ‒ ურბანული მემკვიდრეობის დაცვა. მემკვიდრეობის, რომელიც კულტურული და ესთეტიკური ღირებულების მიღმა ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის განმსაზღვრელია და, შეიძლება ითქვას, ის ეკონომიკური მარკერია, რომლის შენარჩუნება, დაცვა და გადააზრება მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისა თუ იდენტობის შენარჩუნებისათვის.
ეს რთული პროცესებია ‒ და არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი კეთდებოდა ამ მიმართულებით, უბრალოდ, მეტი კოორდინაცია, კოლაბორაცია, მეტი მომიჯნავე დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების (როგორც ქართველის, ისე უცხოელის) ჩართულობა, გამოცდილების გაზიარება, კვლევა, ანალიზი, დიალოგი, დისკუსია და საჯარო განხილვა გვჭირდება ამ თემებზე სასაუბროდ. მსოფლიო პროგნოზებით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 70 პროცენტი დიდ ქალაქებში იცხოვრებს – ეს გარდაუვალია და ამიტომ, ალბათ, ყველაზე მთავარი გამოწვევა ისაა, რომ რაღაცნაირად ადაპტაცია შევძლოთ ამ პროცესებთან.
რა იყო თქვენს ბიოგრაფიაში „დომუსამდე?“
„დომუსამდე“ იყო სწავლა, განათლება, სხვადასხვა თავგადასავალი არქიტექტურის კონტექსტში. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში ასპირანტურაში გავაგრძელე სწავლა, მაგრამ ომი დაიწყო და ვეღარ გავჩერდი იქ. არც ტელეფონი იყო, არც ფრენა, ჩამოვედი ბოლო მატარებლით, რომელიც აფხაზეთის გავლით წამოვიდა.
მერე იყო პერიოდული მოგზაურობები, სტაჟირებები, ხატვა, პერსონალური გამოფენები, ლექციები. გერმანიაში ვიყავი დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბერლინში ვმუშაობდი არქიტექტურულ ოფისში გარკვეული დროის განმავლობაში, მერე იყო ამერიკა ‒ იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტები, ჰუმანიტარული საქმიანობა და „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“…
90-იან წლებში, როცა თბილისში დავბრუნდი, ძალიან გამიჭირდა მარტო არქიტექტურის კეთება. მივხდი, რომ ახალი გარემოს შექმნის სურვილი მაშინდელ უმძიმეს რეალობაში არარეალური იყო. ჩემს მეგობრებთან ერთად ძეგვის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩავერთე. გვინდოდა რამე გაგვეკეთებინა მათთვის, ოღონდ არანაირი ცოდნა არ გვქონდა, რა უნდა გაგვეკეთებინა. აბსოლუტურად ინტუიციურად, მოხალისეობრივ საწყისებზე ვცდილობდით ამ ბავშვების დახმარებას. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად უნიკალური მოდელი იყო როგორ მოხდა მათი რეაბილიტაცია და პრაქტიკულად 120 ბავშვი მოწყდა ქუჩას. ძალიან არასტანდარტული, უნიკალური გარემო შეიქმნა, რომელშიც ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო ჩართული. წლები ჩავდიოდი იქ. თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ჯერ ხატვის სწავლება ვცადე, მერე დავიწყეთ ფილმების ყურება. მეგობრები კასეტებზე გვიწერდნენ ფილმებს, ვისაც რა ჰქონდა; ტელევიზიამ არქივი გადმოგვცა. ასე დავმეგობრდით, მოგვიანებით დავდიოდით კონსერვატორიაში, თეატრებში, კინოში… დღემდე ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და ის წლები ‒ უძვირფასესი წლებია ჩემი ცხოვრების. ეს ბიძგი გახდა შემდგომში ჰუმანიტარული ფონდის „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქმიანობაში ჩავრთულიყავი. მერე ამერიკაში წავედი.
ამერიკაში რა მიზნით წახვედით?
ამერიკა არის ქვეყანა, რომელმაც, ალბათ, ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ფულბრაიტის სტიპენდიით წავედი ჯერ იელის უნივერსიტეტში, შემდეგ კი კოლუმბიის უნივერსიტეტში ვიყავი ხუთ წელიწადს. იელის უნივერსიტეტი არქიტექტურის ერთ- ერთი ყველაზე დიდი სკოლაა მსოფლიოში. უცებ მოვხვდი იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც მხოლოდ წიგნებიდან ვიცნობდი ან მათ პროექტებზე ვიზრდებოდი-ვინსენტ სკული, ლეონ კრიერი, პიტერ ეიზენმანი, ფრენკ გერი იქ ლექციებს გვიკითხავდნენ. მუშაობის ყველა პირობა იყო: უზარმაზარი ბიბლიოთეკა ‒ ჩემი საყვარელი ადგილი ‒ ზღვა ინფორმაციითა და ტექნიკური აღჭურვილობით, ფილმოთეკით ‒ საიდანაც შეგეძლო დილიდან საღამომდე არ გამოსულიყავი. გვერდზე ლუის კანის შედევრები ‒ ბრიტანული ხელოვნების ცენტრი და უნივერსიტეტის გალერეა, სადაც დავით კაკაბაძის ერთადერთი ქანდაკება Z და მისი აკვარელის ჩანახატები ინახება და, რა თქმა უნდა, ფილიპ ჯონსონის „შუშის სახლი“ ‒ მე-20 საუკუნის ლეგენდარული შენობა, რომელიც სულ რაღაც 40 წუთის სავალ გზაზე იყო (იქვე ამერიკული განზომილებით)… ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე. იელის შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, იქ გატარებულმა წლებმა საერთოდ შეცვალა ყველაფერი. იქ ისეთი ადამიანების გვერდით მომიწია მუშაობა, როგორებიც არიან მარკ ვიგლი და კენეტ ფრემპტონი (ჩემი მენტორი ‒ არქიტექტურის თეორიის ლეგენდა დღევანდელ სამყაროში, რომლის წიგნებზეც გაიზარდა არქიტექტორების მთელი პლეადა). კვირაში ერთხელ მოწვეული სპიკერების სერია იმართებოდა- სტივენ ჰოლი, ელისაბედ დილერი, რენცო პიანო და თითქმის ყველა ცნობილი არქიტექტორი ამ სკოლის სტუმარი იყო. კულუმბიის ცხოვრება კიდევ ბევრად საინტერესო იყო იმიტომ, რომ ვიყავი ნიუ-იორკის შუაგულში და სულ რომ არცერთ ლექციაზე არ მევლო, თვითონ ნიუ-იორკი იყო სავსე ინფორმაციითა და მოვლენებით არქიტექტურასთან, დიზაინთან და ხელოვნებასთან დაკავშირებით. ის წლები სავსე იყო უნიკალურ ადამიანებთან ურთიერთობით, მათთან მეგობრობით, ახალი პროექტებითა და კვლევით. სანამ წამოვიდოდი, მინდოდა მათთან საუბარი სხვებამდეც მიმეტანა. გაუთავებლად ვფიქრობდი, რამხელა ბედნიერება იქნებოდა, თუ ეს ადამიანები ერთხელ მაინც ჩამოვიდოდნენ საქართველოში, ექნებოდათ საშუალება ლექცია წაეკითხათ, ვორქშოფი ან მასტერკლასი ჩაეტარებინათ. აქედან გაჩნდა იდეა, ჩამეწერა ინტერვიუების სერია არქიტექტურაზე.
ამერიკაში დარჩენაზე არ გიფიქრიათ?
არა, ხუთწლიანი პროგრამა იყო, რომლის დასრულების შემდეგაც პერიოდული თანამშრომლობა გავაგრძელე კოლუმბიის უნივერსიტეტთან და სხვა არქიტექტურულ სკოლებთან, მაგრამ საქართველოში წამოვედი. დარჩენა არ მნდომებია. ყოველთვის აქეთ მომიწევდა გული… აქ მინდოდა საქმის კეთება. საქართველოში შეიძლება ბევრად უფრო რთულია, მაგრამ ამავე დროს ბევრად უფრო საინტერესოა.
როგორ შემოვიდა საქართველოში Domus-ი?
როცა ამერიკიდან დავბრუნდი, განსაკუთრებით თვალსაჩინოდ დავინახე ჩვენი ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობა. ამ თემასთან მიმართებაში ძალიან ბევრ აქტივობას ვაკეთებდით. დიალოგის პლატფორმა შევქმენით მოწვეული სპიკერებით, ლექციებით, ვორქშოფებით, ელჩებიც ჩავრთეთ სერიით “Ambassadorial Talks ‒ არქიტექტურა როგორც დიპლომატია“, რომ ურბანული მემკვიდრეობის როლის ხაზგასმა შეგვძლებოდა. პანდემიის პერიოდში, ჩემი მოგზაურობები რომ შეიზღუდა და გარკვეული პერიოდი სახლში ჩავჯექი, მაშინ გაცოცხლდა ეს სიყვარული Domus-ის მიმართ ‒ დომუსიც ხომ „სახლს“ ნიშნავს ‒ არა შენობას, არამედ ადგილს, სადაც კარგად გრძნობ თავს. და გაჩნდა იდეა, ხომ არ შეგვეთავაზებინა გამოცემისთვის საქართველოში ეროვნული პროექტით შემოსვლა. ასეთი ეროვნული პროექტები Domus-ს ყოველთვის აქვს, ოღონდ დიდ ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთში, ინდოეთში, კორეაში. ერთი პერიოდი გერმანიასა და ისრაელშიც იყო, ახლა აღარ არის. როდესაც ჩვენმა გუნდმა მოლაპარაკებები დავიწყეთ, ისინი, ბუნებრივია, დაინტერესდნენ, ვინ ვიყავით, რა გამოცდილება გვქონდა, როგორია ბაზარი ჩვენთან, იყო თუ არა ინტერესი, ვინ წაიკითხავდა ჟურნალს და რა დატვირთვა ექნებოდა მას ქვეყნისთვის.
ის, რომ Domus-ი დაგვთანხმდა დაგვეწყო ქართულ პროექტზე მუშაობა, ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. გამოცემას მალე არსებობის 100 წელი შეუსრულდება, ის ლეგენდარული, იკონური ბრენდია, რომელსაც თავისი მკაცრი მოთხოვნები და სტანდარტი აქვს. ბოლო წლებში მისი მოწვეული რედაქტორები იყვნენ ისეთი არქიტექტორები, როგორებიც არიან მიკელე დე ლუკი, ვინი მაასი, დევიდ ჩიპერფილდი, ტადაო ანდო, ჟან ნუველი. Domus-ის შემოტანა საქართველოში, პირველ რიგში, ალბათ, ისევ და ისევ დაკავშირებული იყო სწავლის სურვილთან, იმიტომ, რომ Domus-ი პრაქტიკულად ცოდნის გაზიარების პლატფორმაა სხვადასხვა დონეზე. ჩვენ გვაქვს სრული წვდომა ჟურნალის ასწლიან მასალაზე, მისი გამოყენების შესაძლებლობა. Domus-ი, ზოგადად, ყოველთვიურად გამოიცემა დიდი, დაახლოებით 60 000-იანი ტირაჟით, მაგრამ საქართველოში სხვანაირადაა: ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ექსკლუზიური პროექტი, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის არა ჟურნალის, არამედ კატალოგის ტიპის კონცეპტუალური გამოცემის ფორმით და Domus Georgia-ს კონკრეტულ თემაზე აერთიანებს მასალას ჟურნალის არქივიდან, ეხმიანება მიმდინარე გამოწვევებს და ნაწილობრივ ქართული კონტენტის შემომტანიცაა.
ესაა პროექტი, რომელიც უნდა გახდეს საგანმანათლებლო პლატფორმა, გააერთიანოს ლექციები, ვორქშოფები, მასტერკლასები, საგანმანათლებლო ფილმების ჩვენება; Domus Georgia იმდენად უნიკალურია ამ რეგიონისთვის, რომ, ვფიქრობ, ნელ-ნელა გავა ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზეც. ჩვენი ოცნებაა, Domus Georgia-მ გარკვეული ჰაბის პრინციპით გააერთიანოს ეს მოთამაშეები საქართველოს გარშემო. მე მჯერა ამის. რატომაც არა?! რატომ არ შეიძლება Domus Georgia გახდეს პლატფორმა, რომლის გარშემოც ცნობილი არქიტექტორები ისაუბრებენ ამა თუ იმ თემაზე, გაიგებენ საქართველოს შესახებ, ჩამოვლენ აქ, ჩაერთვებიან ჩვენი განათლების სისტემაში, საქართველოს შესახებ ინფორმაცია გავა საზღვარგარეთ.
Domus-ის როგორც იკონური ბრენდის უნიკალური ცოდნა და მიდგომა არქიტექტურისა და მისი ისტორიისადმი არაა ის, რაც ახალი ამბების პლატფორმას ქმნის. ესაა პლატფორმა, რომელიც ღრმა აზრობრივ კონტენტზეა დაფუძნებული, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციამ წალეკა სამყარო და ამ ინფორმაციის გადაცემის ფორმები სულ უფრო და უფრო მობილური, ტიკ-ტოკური ხდება. ამის ფონზე, კონტენტი, რომელიც გიბიძგებს დაფიქრდე, გააანალიზო, სიღრმისეულად გაიაზრო, დაუკავშირო, ცოტა მეტი აზრობრივი მომენტი ჩართო, ვფიქრობ, უკვე საგანმანათლებლო დატვირთვას ატარებს. თან ამას დაემატა გამოწვევა, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა ქართულენოვანი პლატფორმა თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინზე სასაუბროდ.
მთელი წლის განმავლობაში, რაც Domus Georgia-ს მეორე გამოცემა გამოვიდა, ჩვენ გვაქვს ლექციები, შეხვედრები, “Domus Georgia Talks” ‒ საუბრების სერია, რომლის ფარგლებიც ვაწყობთ ფილმების ჩვენებებს, დისკუსიებს მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი არქიტექტურის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოწვევების შესახებ და, ზოგადად, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთა დანიშნულებაა ახალგაზრდა არქიტექტორებმა თავი ამ საერთო სურათის ნაწილად იგრძნონ.