რატომ უნდა დავგეგმოთ „არაფრის კეთება“

ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო კორპორაციულმა სამუშაო სისტემამ და სტანდარტებმა მოიცვა, რომელიც დილიდან საღამომდე სამუშაო მაგიდასთან ყოფნას მოითხოვდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა, გარანტირებულად იცოდი, რომ დღის ბოლოს სამსახურებრივ პასუხისმგებლობებს მაგიდასთან დატოვებდი და საღამოს დროს საკუთარ ინტერესებს დაუთმობდი. ბოლო წლებში კი საათობრივად შეზღუდულ მუშაობას ანტერპრენერული სისტემა წამოეწია, რომელიც, ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას საკუთარი საქმიანობა წამოვიწყოთ და თავად ვაკონტროლოთ სამუშაო გრაფიკი, თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულ ნაბიჯზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები – ანუ მზადყოფნა 24/7 მოგვეთხოვება.

Photo by Ben Duchac

ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა – როდისაა შესაძლებელი, დასვენება მოასწრო?

მსოფლიო დღეს, ალბათ, ყველაზე კონკურენტუნარიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. აქტიურია „Hustle“ კულტურა, რომ სანამ ისვენებ სხვა სწავლობს, მუშაობს და უმჯობესდება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენს ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას და ვარჩევთ განტვირთვის მაგივრად მაქსიმალურად დავუთმოთ დრო საკუთარ საქმიანობას.

დროის მენეჯმენტს უდიდესი ადგილი უკავია ისეთი ადამიანების ყოველდღიურობაში, რომლებიც ბევრი რამის მოსწრებას ცდილობენ, თუმცა, რამდენად ხშირია დასვენების – არაფრის კეთებისთვის – დრო ისე გამოვყოთ, როგორც, მაგალითად, შეხვედრას დავგეგმავდით კალენდარში?

საინტერესოა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და, ამასთან, დაკავებული ადამიანის, ჯეფ ბეზოსის მიხედვით, ის მაინც ახერხებს „არაფერი აკეთოს“ და წიგნში Invent and Wander: The Collected Writings of Jeff Bezos ის ამ ცნების ბენეფიტებზე საუბრობს.

ბეზოსი წერს, რომ ის ადრე დგება, თუმცა შეხვედრებს დილის 10 საათამდე არ გეგმავს, რათა ადრეული საათები გაატაროს კონკრეტული გეგმის მიყოლის გარეშე – მშვიდად წაიკითხოს გაზეთი, მიირთვას ყავა და შვილებს სკოლაში გასვლამდე საუზმე მოუმზადოს. ბეზოსის თანახმად, სამყაროში, რომელშიც ადამიანის პროდუქტიულობა დღის სწორი და დეტალური დაგეგმვით იზომება, ხშირად საუკეთესო გზა პროდუქტიულობის მაქსიმიზაციისთვის არის დროის გამოყოფა იმისთვის, რომ არაფერი აკეთო.

დღის გეგმაში „არაფრის კეთებისთვის“ დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რადგან ამგვარად ვმიჯნავთ დროის ამ მონაკვეთს სხვა აქტივობებისგან, რაც ზრდის ალბათობას, რომ ამ დროს მართლაც დასვენებას დავუთმობთ, ეს კი ნებისმიერ რამეს მოიცავს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.

ადამიანის ტვინის ფუნქციონირება მოითხოვს კიდეც განტვირთვის დროს – იგი აუცილებელია, რათა დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია დავაკავშიროთ ერთმანეთთან და მომავალი გადაწყვეტილებები მათი ანალიზის საფუძველზე მივიღოთ.

ჯენი ოდელიც, New York Times-ის ბესტსელერი ავტორი, წიგნში  How to Do Nothing: Resisting the Attention Economy  საუბრობს იდეაზე, რომ ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტებს მაშინ შევიგრძნობთ ბოლომდე, თუ კონკრეტულად იმ წამს ვაცნობიერებთ, რომელშიც ვართ. თუ არ შევწირავთ არსებულ მომენტს მომავლის წარმატების მოლოდინს.

მთავარია, თავისუფალ დროს შევხედოთ როგორც დროის მონაკვეთს, რომლითაც უნდა განვიტვირთოთ და არა როგორც პოტენციურ პროდუქტიულობის დროს, რადგან სწორედ ასეთი მიდგომა დაგვეხმარება დანარჩენ დროს მაქსიმალურად გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები.