წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის შემდეგ, 2019 წლის მაისში ძალებისა და პროფესიული გამოცდილების გაერთიანება გადაწყვიტეს. დოდოშკა და თაკო ჩხეეიძეები კომპანია Dodo Designs-ის დამფუძნებლები არიან, თუმცა თაკოს პროექტების მენეჯმენტი აბარია, დოდოშკა კი კრეატიულ მხარეზეა პასუხისმგებელი.
დოდოშკა ჩხეიძე თოთხმეტი წელია დიზაინის სფეროშია. განათლებით თეატრის მხატვარია, სტუდენტობის პერიოდიდან როგორც დამდგმელი მხატვარი, ფილმებსა და რეკლამებზე მუშაობდა. ამას ინტერიერის დიზაინი და ვიტრინებისთვის შექმნილი ინსტალაციები, სხვადასხვა ღონისძიებისა და მუსიკალური ფესტივალის გაფორმება მოჰყვა.
თაკო მენეჯმენტის სპეციალისტია, კომპანია More is Love-ში მისი დაარსების დღიდან, 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. დის შემოთავაზება, თავად შეექმნათ საავტორო კომპანია, იმ ეტაპს დაემთხვევა, როცა საყვარელი სამსახურიდან წამოვიდა სიახლის სურვილით.
კომპანია Dodo Designs ერთდროულად ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, პრაქტიკულად ყველაფერზე, რის ქვეშაც დიზაინი შეიძლება მოიაზრო. მთავარი სამომავლო გეგმა კი საავტორო ავეჯისა და პროდუქტის დიზაინის შექმნას უკავშირდება, რომელიც არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, უცხოეთშიც ხელმისაწვდომი იქნება კონცეპტუალური დიზაინერული პროდუქციის მოყვარულებისთვის.
დოდოშკა ამბობს, რომ ყველა ახალი პროექტი ნულიდან იწყება და საკუთარ საქმეში ეს ყველაზე მეტად ხიბლავს. ნულიდან დაწყებულ და შთამბეჭდავად დასრულებულ პროექტებს შორისაა მის მიერ შექმნილი განათებული მთვარე მრგვალ ბაღთან, განათებული გული „გალერია თბილისის“ ვიტრინაში და ერთ-ერთი ბოლო დროის ნამუშევარი ‒ დოდოშკას დიზაინით შექმნილი ყვავილების გასაყიდი პავილიონები ორბელიანის მოედანზე.
რა უპირატესობა და, პირიქით, რა მინუსი აქვს დების ერთ კომპანიაში მუშაობას?
დოდოშკა: მე მგონი, საუკეთესო ვარიანტია, რომ საკუთარი და იყოს შენი პარტნიორი და მასთან ერთად აკეთო საქმე. დაზე უკეთ სხვა ვერ გაგიგებს, არანაირი დაძაბულობის მომენტი არ გაქვს, არ ფრთხილობ, აბსოლუტურად თავისუფლად და კომფორტულად გრძნობ თავს.
რა მიგაჩნიათ ერთანეთის ძლიერ მხარედ?
თაკო: ერთმანეთს ვაბალანსებთ საქმეში. სხვადასხვა მიმართულებით რომ ვმუშაობთ, ამის გამო ‒ კიდევ უფრო. მე მენეჯმენტის მხრივ ვარ პასუხისმგებელი, ტექნიკური ნაწილი მაბარია, დოდოშკას ‒ კრეატიული მხარე.
დოდოშკა: მე 14 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ სულ ფრილანსერად ვიყავი და მარტო. ოფიციალური სამსახური არასდროს მქონია, არც უფროსი მყოლია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემმა საქმიანობამ იმდენად წინ წაიწია და ისეთი გეგმები დავისახე, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებოდა მენეჯერი, თუნდაც ბიზნესის კუთხით. მგონია, რომ სათანამშრომლოდ საუკეთესო ვარიანტი ჩემი და იყო, რომელიც პროფესიონალია ამ საქმეში და ბოლომდე ჩაერთო გულით.
რით გაუწევს Dodo Designs კონკურენციას ბაზარზე არსებულ სხვა დიზაინ კომპანიებს?
დოდოშკა: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ჩვენი მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს კომპანია შეიქმნა და გავერთიანდით, ავეჯისა და პროდუქციის დიზაინია. ახლა დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. გვინდა, რომ ჩვენი ავეჯი და ნივთები უცხოეთშიც გავიტანოთ და ლოკალურად არ ვიყოთ შემოფარგლული საქართველოთი. ვფიქრობ, ეს იქნება პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგაც ერთმანეთს გავხედავთ და ხელს ჩამოვართმევთ იმის ნიშნად, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა.
საიდან გაჩნდა იდეა?
დოდოშკა: რადგან წლებია დიზაინზე ვმუშაობ, თან სხვადასხვა მიმართულებით, ინტერიერის შექმნისას, ვიტრინის გაფორმებისას თუ რეკლამებზე მუშაობისას სულ მიწევდა ამ მხრივ ფიქრიც და ასე თუ ისე, ჩემი სავტორო დიზაინით ავეჯის შექმნაც, მაგრამ ამას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. თან მუდმივად მდევდა ეს იდეა, რომ რატომაც არა, მოდი, საკუთარს გავაკეთებ-მეთქი, მაგრამ უდროობის გამო ამას თავს ვერასდროს ვაბამდი.
მონახაზი უკვე არსებობს, როგორი იქნება თქვენი ავეჯი?
დოდოშკა: მრავალი წელია, თავში მაქვს რაღაც იდეები. რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ჩემი კოლექციები მრავალფეროვანი იქნება, განსხვავებული სტილისა და ხასიათის. ეს იქნება დიზაინერული, კონცეპტუალური ხაზი. მასობრივი წარმოება ამ ეტაპზე ჩემს ინტერესს არ წამოადგენს.
როგორ ფიქრობთ, რითი იცნობა თქვენი ხელწერა?
თაკო: დოდოშკას ხშირად ეუბნებიან, ეს შენი გაკეთებულია, ვიცანითო. ვფიქრობ, მისი ნამუშევრები ორიგინალური, სხვებისგან გამორჩეულია, ეს მისი უსაზღვრო ფანტაზიის დამსახურებაა.
რთულია მუშაობა მაშინ, როცა დამკვეთი გყავთ და თქვენი ხედვა და იდეები დამკვეთის მოთხოვნებს უნდა შეუსაბამოთ?
დოდოშკა: ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას მეტი სირთულეა ამ მხრივ. შენც არ გინდა დათმო საკუთარი იდეები და არც დამკვეთს უნდა დათმოს, რადგან მან უნდა იცხოვროს და კომფორტულად იგრძნოს თავი იმ სახლში. ამ დროს გიწევს ახსნა, რომ რასაც სთავაზობ, ორივესთვის უკეთესია, ხან გამოდის კონსენსუსი, ხანარა. ბოლო დროს უარს ვამბობ ისეთ თანამშრომლობაზე, სადაც პროფესიულ კომპრომისზე წასვლა მომიწევს და იმის გაკეთება, რაც პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის. ვიტრინების გაფორმების დროს უფრო მეტი თავისუფლებაა, კონცეფციებს სთავაზობ დამკვეთს და ის ირჩევს რამდენიმე ვერსიიდან.
გიყვართ გამოწვევები?
დოდოშკა: ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, რომ ბაზარზე უკვე არსებულ ბრენდებს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ, თუმცა შეჯიბრის მოთხოვნილება საერთოდ არ მაქვს, განვითარებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, ‒ ჩვენი, ჩვენი კომპანიის, ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან კარგია, რომ დიდი არჩევანი იყოს.
თაკო: ბოლო 6 წელი წინა სამსახურში ვიყავი, More is Loveში, ბრენდ მენეჯერად ვმუშაობდი დაარსების დღიდან. ფაქტობრივად, მე და რამდენიმე ადამიანმა ავაწყვეთ კომპანია, რომელზეც სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებულია ქართულ ბაზარზე. ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ დღესაც თავიანთი გუნდის წევრად მომიხსენიებენ. გამიჭირდა წამოსვლის გადაწყვეტილების მიღება, უბრალოდ, დგება მომენტი, როცა ხვდები, რომ კონკრეტულ სივრცეში საკუთარი თავი ამოწურე.
დატვირთული სამუშაო რეჟიმი გაქვთ?
დოდოშკა: ამდენი წლის განმავლობაში ჩემთვის ღამე, დასვენება, შაბათ-კვირა, დღესაწაული არ არსებობდა. არანორმალური დოზით ვმუშაობდი მთელი ცხოვრება. ახლა გადავწყვიტე, რომ რაღაც სისტემაში ჩავსვა ეს მუშაობა და, ვფიქრობ, დროული და აუცილებელი იყო ეს გადაწყვეტილება. მივხვდი, ჯობია დავისვენო ხოლმე, რომ ორშაბათიდან ისევ განახლებული ძალებით შევუდგე მუშაობას. შარშან, მაგალითად, არცერთ დღეს არ დამისვენია. ახლა კვირადღეს ვისვენებ. საერთოდ, მგონია, რომ გააჩნია რას აკეთებ, რამდენად მოგწონს შენი საქმე. ჩემთვის გადაღებები, დეკორაციების მონტაჟი, აქტიური მოქმედება იმდენად სასიამოვნოა, ისეთი მაგარია რაღაც რომ გაქვს თავში და მერე ის შენ თვალწინ ხორცს ისხამს, რომ ერთი სული მაქვს ხოლმე დამთავრდეს და შედეგი დავინახო.
შეფასება მნიშვნელოვანია?
დოდოშკა: კარგი გამოხმაურება უდიდესი სტიმული და მოტივაციაა ჩემთვის, რომ შემდეგი კიდევ უკეთესად გავაკეთო. კატეგორიულად არ ვეთანხმები აზრს, რომ შექება აფუჭებს ადამიანს. მე რომ ამდენი დადებითი შეფასება არ მომესმინა, ვერც ასეთი შემართება მექნებოდა და ვერც ღამეების თენებას შევძლებდი.
თაკო: მეც დოდოშკასავით ვფიქრობ და თუ მაქვს შეფასების საშუალება სხვისი გაკეთებულის მიმართ, ყოველთვის სიამოვნებით გამოვხატავ მოწონებას.
როგორ ხედავთ კომპანიის მომავალს რამდენიმე წლის მერე?
თაკო: ვთქვათ, 5 წლის მერე აქაურობა წარმომიდგენია ბევრი თანამშრომლით, ბევრი სფეროთი, მხიარული და ლაღი განწყობით. ახლა ხუთნი ვართ კომპანიაში. არსად არ გვეჩქარება, გვირჩევნია ნელა და ხარისხიანად იყოს.
გუნდს დიდი მნიშვნელობა აქვს?
დოდოშკა: მე არ აღვიქვამ ჩემს სამსახურს ცალკე გამიჯნულ სტრუქტურად, ‒ ჩემი ცხოვრების ნაწილია. აქ ისე უნდა ვიყო, როგორც ოჯახში ან მეგობრებთან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღე კომფორტულ გარემოში გავატარო, შესაბამისად, თანამშრომლების შერჩევა გადამწყვეტია. მათთან ერთად ვაკეთებ საქმეს, რომელიც მოგვწონს და გვიყვარს. ერთმანეთი გვიყვარს. უბრალოდ პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ზის და მათემატიკური სიზუსტთ რაღაცას აკეთებს, ჩემთვის არ იქნება კომფორტული. ცხოვრების ნაწილად უნდა თვლიდეს საქმეს. ალბათ, მე და თაკოს ამიტომაც გვაქვს ეს კომფორტი ერთად მუშაობისას, რომ ამ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ. თან ერთმანეთთან ურთიერთობის რა დეფიციტიც გვქონდა სამსახურების გამო, ახლა ავინაზღაურეთ.
დიზაინში რა გიქმნით კომფორტს?
დოდოშკა: ჩემთვის ესთეტიკურ მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფოტოგრაფიით ვიყავი გატაცებული, მერე თეატრის მხატვრობა დავამთავრე, თეატრის, კინოს დეკორაციებზე გადავინაცვლე. დღემდე ყველაფერს კადრის თვალით ვუყურებ, კომპოზიციებს ვალაგებ, რა რას მოუხდება, რა როგორ უნდა განლაგდეს. თან ეს ოდნავადაც არ მიღლის ტვინს, ალბათ, პროფესიული ჩვევაა. შესაბამისად, იმ გარემოში, სადაც ყოფნა მიწევს, მნიშვნელოვანია, რომ ჰარმონია იყოს. შეიძლება ერთმა დეტალმა უდიდესი ესთეტიკური სიამოვნება მომანიჭოს.
თბილისისთვის, ფაქტობრივად, სიახლეა ვიტრინებისთვის შექმნილი ინსტალაციები. ამის იდეა საიდან გაჩნდა?
ლონდონშია ამის ძალიან დიდი კულტურა. ვიტრინები ისეა გაფორმებული, მთელი სიამოვნებაა ქუჩაში სეირნობა, ფაქტობრივად, მუზეუმში დადიხარ. პირველად რომ ვიყავი ლონდონში წლების წინ, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ევროპის სხვა ქვეყნებშიც ანიჭებენ ამას მნიშვნელობას, მაგრამ ისეთ მაღალ კატეგორიაში აყვანილი არაა, როგორც ლონდონში. ეს იყო შთაგონების წყარო. ძალიან ნელ-ნელა შემოდის ვიტრინების ინსტალაციებით მორთვის კულტურა საქართველოში, მაგრამ მაინც შემოდის და მიხარია.
რთულია თქვენი საქმე?
თაკო: სხვათა შორის, ძალიან მიყვარს სირთულეების დაძლევა. ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენი საკუთარი კომპანიაა, მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ, ამავდროულად, ეს უფრო მეტ ძალასაც მაძლევს.
ბევრ სირთულეს ვაწყდები, განსაკუთრებით, როცა სარემონტო ან შენების პროცესია და დაქირავებულ ხელოსნებთან გვაქვს საქმე, მაგრამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, ჩემი გამოცდილება და უნარები მეხმარება ეფექტურად მოქმედებაში.
დოდოშკა: ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. გარდა იმისა, რომ დამკვეთთან გრძნობ ვალდებულებას, პასუხისმგებელი ხარ ხალხთანაც, როცა არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ ქალაქს უკეთებ რამეს. ყველაზე მეტი ბოლო პროექტზე ‒ ყვავილების გასაყიდ პავილიონებზე ვინერვიულე. ეს აღარ იყო პატარა დეკორაცია, რომელსაც ვიტრინაში დადგამ და გარკვეული პერიოდის მერე აიღებენ. ესაა ქალაქისთვის შექმნილი ნამუშევარი, კოლორიტულ ადგილზე. თან არქიტექტურასაც შევეხე, რომელიც არაა ჩემი პროფესია, მოვიფიქრე რა ფორმის ყოფილიყო ნაგებობა, დავხაზე ჩემი გემოვნებით, აბსოლუტური თავისუფლება მქონდა, ერთადერთი მოცემულობაში ვიყავი შეზღუდული ‒ ადგილისა და ზომის თვალსაზრისით. ამდენი მღელვარების შემდეგ პროექტს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ შვებით ამოვისუნთქე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ზოგადად, ყველა პროექტი, ვიღაცას ბინას უკეთებ, იქ უნდა იცხოვროს და უნდა გათვალო ყველაფერი ისე, რომ კომფორტული იყოს ის სივრცე მისთვის.
რომელ პროექტს ჰქონდა ყველაზე დიდი გამოხმაურება?
თაკო: საბედნიეროდ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პროექტი არ შედგა ან ვინმე უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი ორ პროექტს, რომლებსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან. ეს არის ორბელიანის მოედანზე ყვავილების ახლადგახსნილი პავილიონები, რომლებზეც დოდოშკა საუბრობდა და რომლის სახითაც, ვფიქრობ, თბილისს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ადგილი შეემატა. და მეორე ‒ შარშან საახალწლოდ შექმნილი მრგვალი ბაღის მთვარე, რომელმაც ისეთი მოწონება დაიმსახურა ხალხში, რომ ბევრი ითხოვდა, დატოვეთ სამუდამოდ, არ მოხსნათო. დღემდე მეუბნებიან, იქ მივდიოდით იმისთვის, რომ უბრალოდ გვეყურებინაო. ყველას გული დაწყდა, რომ მოკლევადიანი პროექტი იყო.
დოდოშკა: სხვათა შორის, ახლა გავიგეთ, რომ ისევ გადაწყდა ამ მთვარის დაკიდება. ზოგადად, მე მგონი, მოკლევადიან ინსტალაციებსაც აქვს თავისი ხიბლი, რაღაცნაირად ჯადოსნურია, ‒ რომ იყო და ქრება.
ავტორი: მაკა ცხვედიანი
ფოტო: ანა ბოკო