უკრაინაში ომის მეცამეტე დღეა. ომის, რომელიც პუტინის რუსეთმა ფაქტობრივად ევროპას გამოუცხადა, ამას უკვე აღარავინ მალავს. ამიტომაც უკრაინის გვერდით დგას ყველა, ვისაც როგორ შეუძლია. „ეს ჩვენი ომია“, ამბობს დარეჯან მაისურაძე, ქართველი მეომარი ქალი, რომლისთვისაც საქართველოს გადარჩენის გზა ახლა სწორედ უკრაინაზე გადის. ამიტომაც არ დაფიქრებულა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და 63 წლის იუბილესაც ბრძოლის ველზე შეხვდა.
დარეჯან მაისურაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-პოლკოვნილია. საქართველოში 28 წელი იმსახურა, 1979 წლიდან 2005 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იყო აფხაზეთის ომი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, სწორედ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულმა ბოლო სისხლისღვრამ რუსებზე შურისძიების სურვილი გაუჩინა. პირველად ეს გრძნობა აფხაზეთის ომის დროს მოვიდა, უკრაინისთვის ბრძოლის პირობაც საკუთარ თავს სწორედ მაშინ მისცა, რადგან აფხაზეთისთვის უკრაინელებთან ერთად იომა.
როცა პირველ სამხედრო გამოცდილებაზე ვეკითხებით, გვეუბნება, რომ ეს სწორედ აფხაზეთში იყო. წლების განმავლობაში ეშერაში შეკრებებზე დადიოდა, ემზადებოდა სხვადასხვა შეჯიბრებებისთვის. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, დარეჯანი შინაგან საქმეთა სამინიტროში, ვაკის რაიონის განყოფილებაში კადრების უფროსად მუშაობდა და მებრძოლებს ანაწილებდა.
შემდეგ იყო 2008 წელი და რუსეთის მორიგი სამხედრო აგრესია საქართველოს თავს. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ დაგროვდა, ახლა მისთვის უკრაინაში ომი შანსია, რომ ბოროტებას პასუხი დაუბრუნოს.
დარეჯან მაისურაძე უკრაინაში აგვისტოს ომის შემდეგ წავიდა, პერიოდულად ხან საქართველოშია, ხან მეორე სამშობლოში. ის ორი შვილის დედაა, 33 წლის ბიჭი და 31 წლის გოგო ჰყავს. ამბობს რომ განაცხადს ომში წასვლის თაობაზე ოჯახი პანიკით შეხვდა. შვილებთან ერთად მთელს გარემოცვას მასთან ერთი კითხვა ჰქონდა, რატომ მიდიოდა ომში? ქართველი სნაიპერი ქალის პასუხიც ერთია: „14 წელია უკრაინაში ვარ და როცა უკრაინას უჭირს ვერსად გავიქცევი“.
მისთვის არ არსებობს ბრძოლისთვის თავის არიდების არგუმენტი. გვაინტერესებს რამდენად რთულია იყო ქალი, დედა და იყო ბრძოლის ველზე. დარეჯანის პასუხი აქაც მოკლე და კონკრეტულია, ამბობს რომ სწორედ დედამ უნდა დაიცვას თავისი და სხვისი შვილების სიცოცხლე.
უკრაინის ომში თადარიგიდან ქალი მხოლოდ თავად არის, თუმცა ცხადია რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი პოლიციელი ქალებიც იბრძვიან. თავად ახლა დასავლეთ უკრაინაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაშია, მისი ამოცანა ერთ-ერთი ქალაქის დაცვაა.
„აქ შედარებით სიმშვიდეა. მოქმედებს კომენტანტის საათი. თუმცა ბევრი იძულებით გადაადგილებული პირია და დარეჯანი მათ ეხმარება“.
კიევში წასვლა უნდა, მაგრამ ჯერ არ გაუშვეს, ხელმძღვანელობა ეუბნება რომ უკრაინას ჯერ არც ამდენდ უჭირს.
ახლა მსოფლიოს საერთო კითხვა აწუხებს, როგორ დამთავრდება ომი. ჩვენ ქართველები უკრაინის დიდი გულშემატკივრები ვართ, ბრძოლის ველიდან გვამშვიდებს, რომ მეგობარი ქვეყნის გამარჯვებაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.
„აქ დასამარდება რუსეთის უძლეველი არმიის მითი და ჩაესვენება მისი მზე, როგორც ეს ჯოხარ დუდაევმა თქვა“.
დარეჯან მაისურაძეს უკრაინაში ომამდეც კარგად იცნობდნენ. როცა მშვიდობაა საკუთარ ქალაქში ის სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს, მისი საქმე გამაჯანსაღებელი მასაჟია.