Disney+ მეგობრებს ფილმების ერთად ყურების საშუალებას აძლევს

Disney+-მა საკუთარ მომხმარებლებს აშშ-ის ბაზარზე ახალი პლატფორმა შესთავაზა, რომლის დახმარებითაც, მათ ფილმებისა და სერიალების ერთობლივად ნახვა შეეძლებათ, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.

პანდემიის თანმდევი მოვლენების გამო, ამერიკული კომპანიის ეს ნაბიჯი საკმაოდ საჭირო და დროულია, ვინაიდან ადამიანებს მეგობრებთან ერთად ფილმების ნახვის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. თუმცა, ამას გარდა, ეს სიახლე კომპანიისათვის საკმაოდ პრაგმატულიც აღმოჩნდა, ვინაიდან მათ ამ გზით გაზარდეს გამომწერებისა და მომხმარებლების რაოდენობაც.

ახალი პლატფორმა შვიდამდე ადამიანს აძლევს საშუალებას, ერთდროულად ჩაერთოს პირდაპირ ეთერში მათი ტელეფონების, ლეპტოპებისა და ტელევიზორების გამოყენებით. ამასთანავე, თითოეულ მათგანს ეძლევა შესაძლებლობა, დააპაუზოს ან გადაახვიოს ჩვენება მათი სურვილისამებრ.

შეგახსენებთ, რომ Disney+ არ გახლავთ პირველი კომპანია, რომელმაც მსგავსი მომსახურებით უზრუველყო საკუთარი მომხმარებლები. Disney-ს საკუთრებაში მყოფმა ტელეარხმა, Hulu-მ, საკუთარ მაყურებლებს ამგვარი პლატფორმა მაისის ბოლოს შესთავაზა, ხოლო კიდევ ერთმა ტელემაუწყებელმა, Amazon-მა, ივნისში.

photo – Disney+

მომხმარებლებს არ ექნებათ ჩატით სარგებლობის საშუალება, თუმცა მათ ემოციების გამოხატვა 6 სხვადასხვა სმაილის დახმარებით შეეძლებათ.