ციფრული მუზეუმი გურჯაანში

წარსულის შენარჩუნება, ინფორმაციის გადაცემა, ემოციის აღძვრა – ეს მუზეუმების ფუნქციათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. თუმცა, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, უდავოა, რომ მუზეუმი მნახველის გარეშე ვერ იარსებებს.

ტექნოლოგიების ეპოქის უდიდესი გამოწვევა საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, დაინტერესებაა. XXI საუკუნე ადამიანს ინფორმაციის მოპოვების, შემეცნებისა და გართობის უამრავ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წარსულის საცავმა – მუზეუმმა – თანამედროვეობას ფეხი აუწყოს.

ტექნოლოგიების ეპოქისგან თავის დასაცავად მსოფლიოს მუზეუმებმა გამოსავალი კვლავ ტექნოლოგიებში იპოვეს; იმისათვის, რომ მუზეუმს მნახველი ჰყავდეს, საჭიროა ინoფორმაცია საზოგადოებას მისთვის სასურველი ფორმით მიეწოდოს. სწორედ ასე გაჩნდა სამუზეუმო ექსპონატების გაციფრულების იდეა. დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად დატკბეს იმ ექსპონატებით, რომელთა რეალურად მონახულებასაც ვერ ახერხებს.

დღეს შესაძლებელია ვირტუალურად მოინახულოთ ისეთი მუზეუმები, როგორებიცაა: მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი, ლუვრი, ბრიტანეთის მუზეუმი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ექსპონატების გაციფრულების იდეა არც ქართული მუზეუმებისთვისაა უცხო. უფრო მეტიც, მსგავსი პროექტი რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

„თუ შენ არ მიდიხარ მუზეუმში, მუზეუმი მოვა შენთან“ – ეს გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ახალი პროექტის – „ციფრული მუზეუმის“ – სლოგანია. პროექტი ორი ნაწილისგან შედგება და ის, ერთი მხრივ, ექსპონატების გაციფრულებას, დაბეჭდვასა და გამოფენისთვის მომზადებას, ხოლო, მეორე მხრივ, მუზეუმების ახალგაზრდებისთვის გაცნობას გულისხმობს.

Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს გურჯაანის მუზეუმების კურატორ ეკა ბეროშვილთან, რომელმაც ახალი პროექტის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.

როგორ გაჩნდა მუზეუმის ექსპონატების გაციფრულების იდეა და რა არის ამ პროექტის მიზანი?

პროექტის განხორციელების იდეა მუზეუმების ცნობადობის გაზრდის სურვილთან ერთად გაჩნდა. ჩვენი მიზანია ახალი თაობის დაინტერესება და ვიზიტორთა მოზიდვა. XXI საუკუნეში ამ მიზნის მისაღწევად ექსპონატების გაციფრულება აუცილებელ ღონისძიებად მიგვაჩნია, რადგან ვფიქრობთ, ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ჩვენი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა ამ ფორმით უფრო იოლია.

ვინ არიან პროექტის ადრესატები? ვის გსურთ, მიაწვდინოთ ხმა?

პროექტის ადრესატები, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეები და პედაგოგები არიან. ამ პროექტით გვსურს, რომ მათ მუზეუმის დათვალიერებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარების სურვილი გავუჩინოთ, რისთვისაც მზად ვართ, ჩვენს ნებისმიერ მუზეუმში დავუთმოთ სივრცე.

სამომავლოდ გვსურს, ხმა უცხოელ ტურისტებსაც მივაწვდინოთ. ძალიან გვინდა, ჩვენი მუზეუმებისა და ექსპონატების შესახებ ინფორმაცია სასტუმროების დახმარებით მათაც მივაწოდოთ.

რა ღონისძიებები განხორციელდა პროექტის ფარგლებში და ამჟამად რა ეტაპზეა იგი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუზეუმებში ჯამში ათასამდე ექსპონატს ითვლის. „ციფრული მუზეუმის“ პირველი ეტაპისთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ 55 ექსპონატი გავაციფრულეთ. პირველი გამოფენა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოვაწყვეთ. გამოფენამ მნახველთა მოწონება დაიმსახურა.

პროექტის მეორე ნაწილი ახალგაზრდებისთვის, უფრო ზუსტად, მოსწავლეებისთვის მუზეუმებისა და მათი ექსპონატების გაცნობას გულისხმობს. ამისათვის მოველაპარაკეთ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც გურჯაანის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრების ორგანიზებაში დაგვეხმარა. ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო რესურსცენტრის ხელმძღვანელ დალი მინდიაშვილს. მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა 4 დეკემბერს შედგა. ვცდილობთ, ახალგაზრდებს ინფორმაცია განსხვავებულად და მათთვის საინტერესო ფორმით მივაწოდოთ და, მგონი, გამოგვდის კიდეც. იანვრიდან სკოლებში ვიზიტების განახლებას ვგეგმავთ.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სკოლებში პრეზენტაციები ბიბლიოთეკების შესახებაც ტარდება. „ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნების თარო არ არის“ – ეს არის სლოგანი პროექტის მეორე ნაწილისა, რომელსაც ჩემთან ერთად ბიბლიოთეკების კურატორი ხათუნა ბუზალაძე უძღვება.

ციფრული მუზეუმი მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია. როგორ შეხვდა ამ სიახლეს გურჯაანის მოსახლეობა?

პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაც ძალიან მახარებს. ეს პირადად ჩემთვისაც უდიდესი გამოცდილებაა. ყოველი პრეზენტაციის შემდეგ რაღაცას ვცვლი იმის მიხედვით, თუ რამ უფრო მეტად დააინტერესა მსმენელი.

რა მნიშვნელობისა და ღირებულების მატარებელია მუზეუმი 21-ე საუკუნის ადამიანისთვის, რომელსაც ინფორმაციის მიღების უამრავ წყაროზე მიუწვდება ხელი?

მე ვფიქრობ კულტურას, ისტორიას საუკუნე არა აქვს; თუ არ იცნობ შენს წარსულს, ვერ შექმნი მომავალს. პროექტი „ციფრული მუზეუმი“ თანამედროვე მეთოდების გამოყენებაზეა ორიენტირებული. პროექტი საინტერესო აღმოჩნდა სწორედ იმიტომ, რომ ერთმანეთს შეერწყა სიძველე, რომელიც მუზეუმშია და მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება და სიახლე, რომელიც მოგზაურობს.

და ბოლოს, როგორია პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები?

სკოლებში ვიზიტები 2020 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. ამასობაში თუ სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩავთვლით, რომ პროექტი მიზნის მისაღწევად სათანადო საშუალებაა, შეხვედრების ჩატარებას სხვა მუნიციპალიტეტებსაც შევთავაზებთ.

აგრეთვე, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასტუმროებსა და კერძო მარნებთან, რათა გამოფენის ჩასატარებლად სივრცეები დაგვითმონ. აუცილებლად მივალთ ყველასთან, ვინც დაგვპატიჟებს.