სტრატეგიული დაგეგმარება, ორგანიზაციული განვითარება, მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციების, ბრენდინგისა და მომხმარებელთა გამოცდილების მენეჯმენტი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელთაც ნინო დგვეფაძის, BRANDOR Consulting-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორის, ექსპერტიზა მოიცავს.
20 წელზე მეტი გამოცდილებითა და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის წოდებით ის პარალელურად იკავებს სააფთიაქო ქსელ „იმპექსის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორის ინტეგრირებული კონსულტანტის პოზიციას, არის საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი.
ჩვენი მხრიდან უთუოდ აღსანიშნავია ის მონდომება და ძალისხმევა, რომელიც საჭიროა ამგვარად მრავალმხრივი წარმატების მისაღწევად, უფრო ზუსტად კი განვლილ გზასა და მისწრაფებებზე, მისი საქმიანობის უკან მდგომ ფილოსოფიაზე თავად გვესაუბრება.
თქვენი პროფესიული გამოცდილება მრავალ სფეროს მოიცავს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მრავალფეროვანი კარიერული გზის გავლა იმისათვის, რომ დღეს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას მართავდეთ?
ბიზნეს კონსულტანტს სიღრმისეულ თეორიულ ცოდნასთან ერთად სწორედ სხვადასხვა სექტორში მიღებული გამოცდილების ადაპტაციის უნარი, კრიტიკული და სინთეზური აზროვნება, ინოვაციურობა სჭირდება. ბიზნეს დიაგნოსტიკისა და სტრატეგიული მარკეტინგული აუდიტის ეტაპზე, რომელიც ყველა საკონსულტაციო პროექტის პირველ ეტაპს წარმოადგენს, სიღრმისეულად ვსწავლობთ ინდუსტრიასა და კომპანიას. შესაბამისად, ჩემი მრავალფეროვანი კარიერული გზა ყველაზე მეტად შესასწავლი სექტორისა და კლიენტ კომპანიის ჰოლისტიკური მიდგომით ანალიზში მეხმარება. არასოდეს იცი, სრულიად განსხვავებულ სექტორში მიღებული გამოცდილება რა ინოვაციური გადაწყვეტის შექმნაში დაგეხმარება.
ნინო, მოგვიყევით თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ კარიერული განვითარების გზაზე? როდის წამოიწყეთ „ბრენდორი“ – ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე უჭერს მხარს? რამ გიბიძგათ მისი შექმნისკენ?
ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი მუდმივი და უწყვეტი თვითგანვითარება, გამოწვევების მიღება და მათი გადალახვაა, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა რწმენის გარეშე, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს და შესაძლებლობებიც ამოუწურავია. ამაში ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების არაერთ ეტაპზე დავრწმუნდი. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს, სოციალურ სტატუსს, ქვეყანას – მთავარია მოძრაობა და ცვლილებების მიღება, მასში გაერთიანება, ადაპტაცია. ბუნებით ინტროვერტი ვარ და ეს ცხოვრებისეული ფილოსოფია მარტივად არ ჩამომიყალიბდა. დიდი შრომის, საკუთარ თავთან ჭიდილის, მარცხის, შეცდომების, საკუთარ თავზე გამარჯვების, გამარჯვების აღნიშვნის და სხვებისა და საკუთარი თავის აღიარების შედეგად მივიღე.
მუშაობა მესამე კურსიდან დავიწყე. ჩემი პირველი სამსახური იყო „პროფესიონალთა ლიგა“, რომელიც საერთაშორისო ფესტივალებისა და ხელოვნების ღონისძიებების ორგანიზებით იყო დაკავებული. სწორედ ამ ეტაპზე პირველად აღმოვაჩინე მარკეტინგი, ჯერ კიდევ 1998 წელს, როდესაც მარკეტინგი საქართველოში არც კი ისწავლებოდა. ჩემი პროფესიული განვითარების საწყისი ეტაპი ერთ-ერთ წამყვან კომპანია „ვისოლ ჯგუფს“ უკავშირდება. დამწყები პოზიციიდან ბოლოს დეპარტამენტის დირექტორის და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიცია დავიკავე, ამასობაში კი საკუთარ განვითარებასთან ერთად კომპანიაც ბაზრის ლიდერი გახდა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი აქვს ადამიანების ნდობას ჩემი და ჩემი შესაძლებლობების მიმართ და რომ არა საწყის ეტაპზე არსებული კორპორაციული კულტურა და მენეჯმენტის სტილი, რომელიც წაახალისებდა და აფასებდა ინოვაციებს, დღეს არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ.
Brandor Consulting-ის ჩამოყალიბება ჩემს ამერიკელ ნაცნობს უკავშირდება, რომელსაც საქართველოსა და სომხეთში ახალი პროდუქტის შექმნა სურდა და ქართველ მეგობართან ერთად საქართველოს ბაზრის მოკვლევაში დავეხმარეთ. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, თავად შეგვექმნა მარკეტინგული სააგენტო, რომელიც ბიზნესის პერსპექტივას გაითვალისწინებდა და კომპანიის საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზზე დაყრდნობით შესთავაზებდა მას მარკეტინგულ გადაწყვეტილებებს. ეს იყო ახალი ეტაპი ჩემი ცხოვრების გზაზე, ცვლილებებით და გამოწვევებით სავსე, რაც არასოდესაა მარტივი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს თანამოაზრე მეგობარს სხვა ქვეყანაში მოუწია წასვლა. სწორედ ამ დროს ჩემი მხარდამჭერი ბიზნესში გახდა ჩემი მეუღლე და პარტნიორი, რამაც გაამყარა ჩემი რწმენა, რომ დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც დაეხმარებოდა ბიზნესებს, მიეღწიათ წარმატებისთვის სწორედ მარკეტინგის მიმართ სტრატეგიული მიდგომით. ერთ შესაძლებლობას მეორე მოჰყვა და, ეტაპობრივად, კლიენტი კომპანიების ნდობამ და მათი მხრიდან გამოკვეთილმა მოთხოვნამ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიად ჩამოგვაყალიბა. ახლა კი თითქმის ყველა სექტორში გვაქვს განხორციელებული პროექტები, რომლებმაც მდგრადი შედეგი მოუტანა ჩვენს კლიენტ კომპანიებს. ჩვენ ვეხმარებით მათ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. შესაბამისად, ჩვენ ვართ ბიზნესის გვერდით, როცა მათ ვჭირდებით და ჩვენი კლიენტ კომპანიების თითოეული წარმატება არის ჩვენი წარმატება.
შესაძლებლობები კომპანიისთვის შეუზღუდავია, თუმცა, შეზღუდულია ჩვენი ადამიანური რესურსი. ხარისხის შესანარჩუნებლად BRANDOR Consulting ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე პროექტზე მუშაობს.
რა ტიპის სერვისებს აერთიანებს თქვენი კომპანია?
ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ მათი საჭიროებების შესაბამის ინდივიდუალურად შემუშავებულ პროექტის დიზაინს და გამოცდილ კონსულტანტთა გუნდს. BRANDOR Consulting-ის პროფესიული სერვისები ეფუძნება ინოვაციური, პრაქტიკული და მიზანზე ფოკუსირებული გადაწყვეტილებების შემუშავებას.
ჩვენი სერვისები მოიცავს სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების სერვისებს, სტრატეგიული მარკეტინგის, HR, ბრენდინგის, მომხმარებლის გამოცდილების მენეჯმენტისა და ორგანიზაციული კორპორატიული კულტურის ხელშემწყობი სერვისების ინტეგრირებას.
საქართველოში ხშირია, როდესაც კომპანიას არ აქვს ფორმულირებული კორპორაციული მიზნები და სტრატეგია, მაშინ, როდესაც კომპანია განვითარების სტრატეგიის გარეშე იგივეა, რაც გემი კომპასის გარეშე. დეტალური დიაგნოსტიკა და სტრატეგიული მარკეტინგული აუდიტი გვაძლევს მიმართულებას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საკვანძო ბიზნეს პროცესების რედიზაინი, ან რომელი ახალი ბიზნეს პროცესებია შესამუშავებელი. შეფასების ძირითადი მაჩვენებლების (KPI) სისტემის შექმნა არის ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სერვისების მდგრად შედეგს კომპანიისთვის. ყველაზე რთული გამოწვევა შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებაა – ბიზნესის ყველა სტრუქტურული ერთეული კორპორაციული მიზნების, სტრატეგიისა და ღირებულებების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, ამიტომ ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის მენეჯმენტის უშუალო ჩართულობას.
ჩვენი სტრატეგიული მარკეტინგული და ბრენდინგის სერვისებისთვის მნიშვნელოვანია, კლიენტი კომპანიისთვის აღმოვაჩინოთ ბრენდის უნიკალური არსი, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და წარმატებისთვის. განვითარებად ქვეყნებში აღიარებულია სტრატეგიული მარკეტინგის წამყვანი როლი, თუმცა საქართველოში სტრატეგიული მარკეტინგის პრაქტიკის დანერგვა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ წამყვანი სექტორის მოწინავე კომპანიების და ბანკების მხრიდან შეინიშნება.
„ბრენდორის“ ხედვა ეფუძნება ბრენდის ჰოლისტიკურ გააზრებას ‒ რას ნიშნავს ეს მიდგომა და როგორ ითარგმნება ეს სტრატეგია „ბრენდორის“ ყოველდღიურ საქმიანობაში?
ბრენდად ფორმირება ყველა კომპანიის მისწრაფებაა და ერთადერთი გზაა, სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნო.
ჩვენი ხედვა ეფუძნება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ინტეგრირებულია. როგორც ადამიანის რომელიმე ორგანოს ვერ უმკურნალებ მთლიანი ორგანიზმის დეტალური შესწავლის, დიაგნოსტიკის გარეშე, იდენტურია კომპანიაც. თუ კომპანიის გამოწვევებს მისი მიკრო და მაკრო გარემოს შესწავლის გარეშე, განყენებულად და ზედაპირულად შეხედავ, აუცილებლად აცდები გზას, რის მაგალითებიც ქართულ ბიზნეს გარემოში, სამწუხაროდ, ხშირია. პროექტის დაწყებამდე პოტენციური დამკვეთ კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრებს არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ამ ეტაპზე ხდება კომპანიის მხრიდან გამოკვეთილი საჭიროებების დაზუსტება და, ზოგ შემთხვევაში, მათი სახეცვლილებაც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პროექტები ხშირად მრავალკომპონენტიანია და სხვადასხვა სერვისის ინტეგრირებულ შეთავაზებას გულისხმობს.
„ბრენდორის“ მიერ განხორციელებული სხვადასხვა მასშტაბის წარმატებული პროექტების რიცხვი დაარსების დღიდან სწრაფად იზრდება. რა მეთოდოლოგიებით სარგებლობს კომპანია საქართველოს ბაზარზე?
კომპანიის გამოცდილების ეტაპზე 70-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბისა და ტიპის წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული. კომპანია იყენებს როგორც ბიზნეს დიაგნოსტიკისა და დაგეგმარების აღიარებულ, ისე ჩვენ მიერ შემუშავებულ და საქართველოს ბაზარზე ადაპტირებულ მეთოდოლოგიებს. ჩემი სადისერტაციო კვლევის ფარგლებში შევქმენით ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების (IMC) სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი და საქართველოს ბაზარზე საუკეთესოდ მორგებული კონცეპტუალური მოდელი. ჩვენი მეთოდოლოგიის გამოყენებით კლიენტ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კომუნიკაციის სრული ინტეგრაციისთვის და მარკეტინგულ კომუნიკაციებში ჩადებული ინვესტიციიდან ხელშესახები ამონაგები მიიღონ.
ასევე, ჩვენი ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტის, თამარ მაღალაშვილის, სამეცნიერო კვლევის შედეგად, საქართველოს ბაზარს მოვარგეთ მომსახურების ხარისხის კვლევის საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუმენტი (SERVQUAL) და დავადგინეთ შეუსაბამობები მომხმარებელთა მოლოდინებსა და მიღებულ მომსახურება/სერვისებს შორის. მომხმარებლებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნის სტრატეგიის ფორმირებას სწორედ ამ მიგნებებს ვაფუძნებთ.
ვაჭრობა და დისტრიბუცია, სამედიცინო, ფინანსური მომსახურებები, ფარმაცევტული, ტურიზმი და მასპინძლობა, ენერგეტიკა… ეს „ბრენდორის“ პროექტების მიმართულებათა არასრული ჩამონათვალია. დღემდე კომპანიის გამოცდილებიდან რომელ პროექტებს გამოარჩევდით?
ჩვენთვის მცირე და მსხვილი პროექტი არ არსებობს. ყველა პროექტს აქვს საკუთარი შეფასების ინდიკატორები, ჩვენთვის ყველაზე ღირებული კი კლიენტი ორგანიზაციის კმაყოფილება და დაფასებაა. ჩვენი მიზანია, საკონსულტაციო პროექტთან დაკავშირებული ტრანსფორმაცია გავხადოთ მდგრადი და კომპანიამ ჩვენი მომსახურების შემდეგაც გააგრძელოს ზრდა და განვითარება. ყველა პროექტი დაკავშირებულია ახალ გამოწვევასთან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მათ. ამიტომაც, ჩვენს მიმდინარე ორ გამოწვევას გამოვყოფდი, ორივე მათგანი საქართველოში ყველაზე განვითარებად სექტორებს ეხება – ფარმაცევტულსა და საბანკოს. ისეთ ოლიგოპოლიურ ბაზარზე, როგორიც სააფთიაქოა, ახალი მოთამაშის გამოჩენა და მისი დამკვიდრება სრულ ორგანიზაციულ ტრანსფორმაციას, რებრენდინგს, სტრატეგიული გეგმის განვითარებასა და მისი განხორციელების გამართვას მოითხოვდა. შესაბამისად, „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელთან როგორც ინტეგრირებული კონსულტანტი, სტრატეგიული განვითარების დირექტორის პოზიციასაც ვიკავებ. ბრენდის დაპირების შესრულება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას უნდა მივყვეთ, რაც ხანგრძლივი პროცესია. „იმპექსი“ 2021 წელს დასახელდა, როგორც ფარმაცევტული სექტორის ყველაზე დინამიკურად მზარდი კომპანია, რაც BRANDOR Consulting-ისთვის დიდი წარმატებაა და კომპანიის გუნდის თითოეული წევრის თავდაუზოგავი შრომის შედეგია. დარწმუნებული ვარ, „იმპექსის“ მიერ ბრენდის განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია ყოველწლიურად მეტ და მეტ შედეგს მოუტანს კომპანიას, რაც მის თითოეულ თანამშრომელზე აისახება.
მეორე უახლესი გამოწვევა, საბანკო სექტორის ერთ-ერთი მოთამაშისთვის საცალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ბრენდის პლატფორმის ადაპტაცია და მხარდამჭერი მარკეტინგული კომუნიკაციისთვის მომზადებაა. ასეთ კონკურენტულ ბაზარზე, სადაც წამყვანი მოთამაშეები სისტემური და მუდმივად განვითარებადი ბანკები არიან ერთგული მომხმარებლების არმიით, გამოწვევა დიდია. თუმცა, საბანკო სექტორში ციფრული ტექნოლოგიებით წარმოშობილი შესაძლებლობები ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებს არღვევენ და ბაზარზე ახალ მოთამაშეებს გაძლიერების შესაძლებლობა ეძლევათ. ჩვენი მიზანია, მათი სერვისები ბანკის გუნდთან ერთად მომხმარებლისთვის სასურველი გავხადოთ. რა თქმა უნდა, ამისათვის, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომების, სტრატეგიების, პროდუქტების, პროცესების განვითარება და მომხმარებლის გამოცდილების ჰიბრიდული მოდელის ტრანსფორმაცია იქნება მნიშვნელოვანი. როდესაც ბიზნესის ფილოსოფიის ცენტრი არის ადამიანი და მისი საჭიროებები, როდესაც აანალიზებ ბრენდისა და მომხმარებლის შეხების თითოეულ წერტილს, აყალიბებ ე.წ. „მომხმარებლის მოგზაურობის ბილიკს“, არსებული გამოცდილების ჰოლისტიკურ ჭრილში შესაფასებლად. BRANDOR Consulting-ში აქტიურად ვიყენებთ აზროვნების დიზაინის მოდელს, რომელიც განსაკუთრებით კარგად მუშაობს, რათა შეიქმნას ინოვაციური პროდუქტი ან სერვისი თვალსაწიერის მაქსიმალური გაფართოებით სხვადასხვა განათლების, ექსპერტიზისა და გამოცდილების მქონე ადამიანების ჩართულობით.
აღსანიშნავია, რომ კომპანია კლიენტ ორგანიზაციებს ორგანიზაციული განვითარების გზაზეც სთავაზობს დახმარებას. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვთ თანამშრომლებს ბიზნესის წარმატებაში?
თანამშრომელი არის ორგანიზაციის ადამიანური კაპიტალი და მყარად მწამს, რომ გრძელვადიან წარმატებას აღწევენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც ინვესტიციას დებენ თანამშრომლებში, ზრუნავენ მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე და აძლევენ საშუალებას წვლილი შეიტანონ კომპანიის განვითარებაში და, აქვე, რა თქმა უნდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანური რესურსების პროცესების გამართულ ფუნქციონირებას. ყველა თანამშრომელს გააზრებული უნდა ჰქონდეს თავისი როლი კომპანიის სამიზნე ნიშნულების მიღწევის ეტაპზე და ცვლილებების აუცილებლობა VUCA გარემოში. ახალი კლიენტი კომპანიების დიაგნოსტიკის ეტაპზე ხშირად იკვეთება ხოლმე საჭირო ცვლილებები, კომპანიის ეტაპობრივი ტრანსფორმაცია-რესტრუქტურიზაცია. არის შემთხვევები, როდესაც კომპანიის დამფუძნებელს ცვლილებების განხორციელების დაწყება სურს გარკვეული თანამშრომლების დათხოვნით, რაზეც ჩვენ არასდროს ვთანხმდებით. ორგანიზაციული დონის ტრანსფორმაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი და მენეჯმენტი საკუთარ ექსპერტიზას აერთიანებს ბიზნეს კონსულტანტების ჰოლისტიკურ ხედვასა და გამოცდილებასთან. ჩვენი, როგორც ბიზნეს კონსულტანტების, მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ არსებული თანამშრომლები, მივმართოთ ისინი ცვლილებების მისაღებად და გავაერთიანოთ ერთიანი ბრენდის ღირებულებებისა და მიზნების ქვეშ, შიშის ფაქტორის გარეშე. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც ხდება, როდესაც ცვლილებებისადმი რეზისტენტულობა დესტრუქციულ ქმედებაში გადადის და თანამშრომელი იწყებს კომპანიის საზიანოდ ქმედებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება აუცილებელი, რომ დავემშვიდობოთ მათ, თუმცა ეს მხოლოდ კომუნიკაციის ყველა არსებული სტრატეგიის ამოწურვის შემდეგ ხდება.
გვიამბეთ „ბრენდორის“ სამომავლო გეგმებსა და მისწრაფებებზე.
BRANDOR – ჩვენთვის „ბრენდისთვის მებრძოლს“ ნიშნავს, ბრენდის ჰოლისტიკური მართვა ჩვენი საოპერაციო ფილოსოფიაა. სწორედ, ეს არის ჩვენი მისწრაფება, დავეხმაროთ ჩვენს კლიენტ კომპანიებს გაითავისონ ბრენდის შექმნის ძალა და შიგნიდან გარდაიქმნან წარმატებისთვის.
ბიზნეს საკონსულტაციო სერვისებზე მოთხოვნა მზარდი დინამიკით ხასიათდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებაა. კოვიდ პანდემიის ფონზე ერთადერთი რაც შეიძლება ჩვენს სფეროში პოზიტიური დავინახოთ არის ის, რომ არსებულმა რეალობამ ძალიან დააახლოვა სამყარო და მოხსნა ონლაინ კომუნიკაციის ბარიერი, დისტანციური სერვისების შეთავაზება შესაძლებელი გახდა საკონსულტაციო ბიზნესშიც. შესაბამისად, ჩვენი სერვისების კომერციალიზაცია სხვადასხვა ბაზარზე ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია.