TIME-მა დემნა გვასალია 2022 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა, TIME-მა ესპანური Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია 2022 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

ფოტო: Getty Images

„[დემნას მიერ შექმნილი] სილუეტები, ხალვათი იქნება ისინი, თუ ტანზე მჭიდროდ მომდგარი, სხეულის ყველა ადგილს იდეალურად ესადაგება. დუალიზმი, რომელსაც დემნა განასახიერებს ასახავს არამხოლოდ წარსულსა და თანამედროვეობას, არამედ მომავალშიც იჭრება. ბრენდთან დაკავშირებული მისეული მიზანი გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე პროდუქტის გაყიდვის სურვილი – სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ Balenciaga-ს ეფექტი მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – ვკითხულობთ TIME-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანისაგან შემდგარი სია, რომელსაც TIME-ი ყოველწლიურად აქვეყნებს, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რეიტინგია მსოფლიოში – პირველად, ეს სია 1999 წელს გამოქვეყნდა.