როცა ირმა დაუშვილს ახსენებ საქმიან წრეებში, ეს სახელი და გვარი ძირითადად, კომპანია „დიოსთან“ ასოცირდება, ამიტომაც Forbes Woman-ს 30 წლიანი ისტორიის მქონე ბიზნესმენი, ამჯერად სხვა კუთხიდან უნდა გაგაცნოთ.ბუნებრივია, როცა მის ამბავს მოგიყვებით, „დიოზე“ საუბარს გვერდს არ ავუვლით. გარდა იმისა, რომ ირმა დაუშვილი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია, ცდილობს და ბევრს აკეთებს იმისთვის, რათა საქართველოში უფრო მეტი ძლიერი და თავდაჯერებული ქალი იყოს.
ამ გზაზე ირმასთვის, 2017 წლიდან, საუკეთესო პლატფორმაა ბიზნესფედერაცია ‒ „ქალები მომავლისთვის“. ის ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და ცდილობს საკუთარი გამოცდილებით ქალების გაძლიერებაში წვლილი შეიტანოს, ეს მაშინ, როცა საქართველოში ქალებს მხარდაჭერა ჯერ ისევ ძალიან სჭირდებათ.
„ბიზნესფედერაციაში გაერთიანებული ქალების მიზანია, შევძლოთ და ერთობლივი ძალებით ჩვენი ქვეყნის მომავალი შევცვალოთ. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამ დასახვეწია. ფედერაციის ეგიდით ვცდილობთ, ჩავერთოთ ყველა პროცესში, იქნება ეს საკანონმდებლო საკითხები თუ პრობლემების შემთხვევაში ბიზნესის ლობირება. ვფიქრობ, გასული 5 წლის განმავლობაში ერთიანი ძალებით ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ. მაგალითად, გამოვყოფდი შრომის კოდექსზე მუშაობის პროცესს და კანონმდებლობაში გენდერული ბალანსის გათვალისწინების მიღწევას“.
ირმა დაუშვილისთვის ქალის ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას უტოლდება. გვეუბნება, რომ ქვეყანა ძლიერია მაშინ, როცა ის ეკონომიკურად დამოუკიდებელია და რომ ასეა, ქალიც. ამიტომაც არ ენანება დრო, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს და მათი სურვილების გათვალისწინებით რჩევებიც მისცეს. ამის შესაძლებლობა ცოტა ხნის წინ სწორედ ბიზნესფედერაციის მენტორინგის პროგრამის ფარგლებში ჰქონდა, რომელსაც „ქალები მომავლისთვის“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეულია 10 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ ბიზნესის სწორად დაგეგმვასა და განვითარებაში სწორედ „ქალები მომავლისთვის“ წევრები ეხმარებიან ‒ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით აძლევენ ფინანსურ, მარკეტინგულ, ორგანიზაციულ რჩევებს. ეკონომიკური დამოკიდებულება ერთგვარი ბორკილებიაო გვიხსნის, რაც ხშირ შემთხვევაში ქალებს საკუთარი ოცნებების რეალიზებას უზღუდავს.
„დამოუკიდებლობას თავდაჯერებულობა მოაქვს, ძლიერი ქალი კი საბოლოოდ, ძლიერ ქვეყანას ნიშნავს. თუ გადავხედავთ რა ხდებოდა 25 წლის წინ და შევადარებთ დღევანდელ რეალობას, დავინახავთ, რომ მოტივირებული და მებრძოლი ქალების რაოდენობა იზრდება“.
მაგრამ ვიდრე ძლიერები გავხდებით, წინ ბარიერებია. ირმა დაუშვილი გვეუბნება, რომ პირველი წინაღობა ჩვენივე თავია, თუმცა მიაჩნია, რომ ბარიერი იმსხვრევა მაშინვე, როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ჩვენ შეგვიძლია გავცდეთ დიასახლისის სტატუსს, მაშინაც კი, თუ ჩვენს შესაძლებლობებში ოჯახშიც ეჭვი ეპარებათ. ახალი ხომ არაა, რომ ქალის გზა წარმატებისკენ მუდმივად რაღაცის დამტკიცებაზე გადის?
„ჩემთვის ფედერაცია არის შესაძლებლობა, ჩემ ირგვლივ არსებული გარემო, რამდენადაც ამას ჩემი რადიუსი გასწვდება, შევცვალო უკეთესობისკენ. დღეს ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, მთავარია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ შეძლოს ჩვენივე მუხტის სხვებისთვის გადაცემა. „ქალები მომავლისთვის“ ძალიან ბევრ საინტერესო ქალს აერთიანებს, მათგან მეც ახალ გამოცდილებას ვიღებ, ერთმანეთს ვუზიარებთ წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, ერთმანეთის გამოცდილებაზე ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ბევრი ძლიერი ქალი ერთად დიდი ძალაა“.
ვუსმენ ირმა დაუშვილს და მინდა გავიგო მისი ფორმულა ‒ რა შემთხვევაში მოდის წარმატება?
ირმა დაუშვილი პროფესიით მათემატიკოსია, ამიტომაც წარმატებული ბიზნესმოდელი მისთვის არითმეტიკის ოთხ მოქმედებას ჰგავს. მიმატება ‒ ეს არის შემოსავალი, გამოკლება ‒ ხარჯები, გამრავლება ‒ განვითარება, გაყოფა ‒ კი მოგებისა და პასუხისმგებლობების განაწილება იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ბიზნეს პროცესში. როგორც არითმეტიკულ მაგალითში ვერ მივიღებთ სწორ პასუხს, ისეა ბიზნესშიც. თუ რომელიმე მოქმედება არასწორად გავაკეთეთ წარმატებას ვერ მივაღწევთ. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით თვლის, რომ „დიო“ ‒ 27 წელია წარმატებული კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. ამ წარმატების ისტორია კი 1996 წლიდან იწყება და თავის და-ძმასთან, თამაზ და თამუნა დაუშვილებთან ერთად ქმნის. ოცდამეშვიდე წელია ბაზარზე სტაბილურად ლიდერ პოზიციებზეა და მაინც სულ განვითარების ძიების პროცესშია. კომპანია, რომელმაც ოპერირება 2 პროდუქტით დაიწყო, ახლა 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, დღეს უკვე „დიო“- ში შესაძლებელია თანამედროვე მართვის სისტემებით პროდუქციის შერჩევა, როგორც ინტერიერის ასევე ექსტერიერის დიზაინისთვის..
კითხვაზე პასუხად გვეუბნება, რომ მარტო წარმატებული ვერ გახდები, მთავარია გყავდეს მოტივირებული გუნდი, ადამიანები, რომლებსაც იდეის რეალობად ქცევის სჯერათ და რომლებიც მზად არიან შენთან ერთად იშრომონ.
„წარმატება ეს არის მიზანი, ხედვა და შრომა. აქ ბევრი რამ ერთიანდება და ვერაფერს გამოაკლებ. არსებულ ქაოსში ვხედავთ იმას, რაც გვინდა დავინახოთ; ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ადამიანები, ვინც წარმატებაში დაგვეხმარებიან, მათ აუცილებლად ვიპოვით. წარმატების გზაზე არ შეგვეშინდეს წარუმატებლობის, რადგან ყველა ახალი დაბრკოლების გადალახვა, ეს არის ერთი ნაბიჯი წინ. მთავარია, არ დანებდე და წარუმატებლობა ტრაგედიად არ აქციო.
„დიო“ ახლა მთლიანად დაკავებულია იმით, რომ პროდუქცია უფრო თანამედროვე გახადოს, იქნება ეს სმარტის ელემენტების შემოტანა თუ უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. კომპანია მუდმივად მუშაობს გენდერულ თანასწორობაზე, გვინდა რომ ჩვენთან ღირსეული სამუშაო ადგილები იყოს, მაქსიმალურ ენერგიას ვდებთ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებითაც. კარგად გვაქვს გააზრებული ისიც, რომ ჩვენი საქმით არ უნდა ზიანდებოდეს გარემო“.
ბუნების სიყვარულმა ირმა დაუშვილი 21 წლის წინ იმერეთში, მეგობრებთან ერთად სოფელ ნუნისში მიიყვანა. ის ამ ჯადოსნური ადგილის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ახლა წუხს, რომ ჯერ ისევ არ შეუძლია მასზე ისაუბროს იმდენივე, რამდენიც „დიოზე“. მისი მიზნების რეალიზების მთავარი ხელშემშლელი ბარიერი ინფრასტრუქტურული პრობლემებია, განსაკუთრებით კი გზა, რომელიც ორი ათეული წელია უმძიმეს მდგომარეობაშია.
„ნუნისში 2002 წელს შევედით, ძალიან დიდი ენთუზიაზმით, მაგრამ არსებობს რაღაცები, რასაც ჩვენი ენთუზიაზმი და ფინანსები ვერ სწვდება. რთული დასაჯერებელია, მაგრამ 21 წლის მანძილზე 28 კმ-იანი გზის მონაკვეთზე მხოლოდ 500 მეტრი გზა გაკეთდა, ინფრასტრუქტურა სრულად მოუწყობელია. არ არის ინტერნეტი და გაზიფიკაცია. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციისა, მოჯადოებულ წრეში ვრჩებით; როგორი დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გეგმები, რაც არ უნდა გინდოდეს ვერაფერს იზამ, ამ პირობებში ინვესტორსაც ვერ შემოიყვან. არ შეიძლება ეს ადგილი ასეთ მდგომარეობაში იყოს“.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნუნისში ჯადოსნური კუნძული მაინც მოაწყვეს, ანუ სუფთა ჰაერზე, კომფორტული გარემოთი და გემრიელი კერძებით, 70 სტუმარზე გათვლილი სასტუმრო. ნუნისის მთავარი ხიბლი ის უნიკალური წყალია, რომელიც კანის სხვადასხვა დაავადებებს კურნავს, მაგრამ უგზოობა ადამიანთან ნაწილს მკურნალობის შესაძლებლობას უზღუდავს, პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ზამთარში.
გამოსავალზე ფიქრმა, ირმა დაუშვილი თბილისში შესაბამისი ცენტრის შექმნის იდეამდე მიიყვანა. მეცნიერებთან და გეოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ დაბალი ტემპერატურის ნუნისის წყალი ჰერმეტულ პირობებში გადაადგილებისას სამკურნალო თვისებებს არ კარგავს. ნუნისშიც და თბილისშიც მკურნალობის მიზნით წყალი ორიენტირებულია გათბობაზე, იმისთვის რომ კანის ფორები გაიხსნას და მინერალები ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს. ნუნისის წყლის დედაქალაქში ჩამოტანის იდეა დროში ფიტოთერაპიის ცენტრის შექმნას ემთხვევა. ასე ჩამოყალიბდა 2020 წელს „დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი“, ანუ ახალი სიტყვა ქართულ მედიცინაში. კლინიკა ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს და „დიოს“ მსგავსად, ცენტრიც საოჯახო ბიზნესს წარმოადგენს. კლინიკას მისი მეუღლე ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც საქართველოში 30 წელია უკვე მცენარებით მკურნალობის საუკუნოვანი მეთოდები აღადგინა.
„მცენარეული მკურნალობა კლასიკური მედიცინის დონეზეა აყვანილი. ჩვენს კლინიკაში ყველა პაციენტს ინდივიდუალური მკურნალობა ენიშნება, რომელსაც ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება, იმისთვის რომ სწორად შეირჩეს მცენარეული ნაკრები, აუცილებელია მას წინ უსწრებდეს კვალიფიციური ლაბორატორიული და თუ ექოსკოპიური კვლევები; დღეს, პაციენტის მეტი კომფორტისთვის, ეს ყველაფერი უკვე ადგილზე კეთდება. ჩვენს ცენტრს ერთმანეთზე უკეთესი შედეგები აქვს“.
„დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრი“ უპირატესობას მცენარეებით მკურნალობას ანიჭებს, თუმცა არც მედიკამენტურ ჩართულობას გამორიცხავს, რადგან მთავარ ფიტოთერაპევტს ცხოვრებისეული კრედო აქვს ‒ პაციენტმა არ დაკარგოს დრო და სწორად იმკურნალოს. ამ მიზნით ჩვენს ცენტრში სხვადასხვა პროფილის პროფესიონალი ექიმებია მოწვეული, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.
ცენტრი ასევე სთავაზობს უძველესი მეთოდით, გოგირდის აბაზანებით მკურნალობას, ძვალსახსროვან დაავადებებსა და სხვა. საბურთალოზე, სწორედ ცინცაძის ქუჩა არის საბურთალოს ჭაბურღილი N4-დან, რომლის წყალიც 1800 მეტრიდან ამოდის და რომელიც ორთაჭალის წყლებისგან ტემპერატურულად მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„გოგირდის აბაზანა აუმჯობესებს კანის ხარისხს. იგი გაჯერებულია კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის დიდი რაოდენობით. 10-20 წუთამდე გოგირდის აბაზანა იმდენივე რაოდენობას გვაწვდის, რამდენსაც ხაჭო, ხახვი, ნიორი, კივი თუ სხვა საკვების მიღება“.
ირმა ის ადამიანია, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის არ გაჩერდება და მალე მასთან დაკავშირებულ კიდევ განსხვავებულ პროექტებზე მოგიყვებით.