რომელი ქვეყანა ლიდერობს AI სფეროში პირველობისთვის ბრძოლაში? …და რატომ არა საქართველო?

შეიარაღება, ატომური შესაძლებლობები, მოგზაურობა კოსმოსში — ეს ის სფეროებია, რომლებშიც სახელმწიფოები ერთმანეთს მე-20 საუკუნეში ეჯიბრებოდნენ და რომლებშიც საქართველოს ლიდერობის შანსი ნულთან ახლოს იყო.

21-ე საუკუნის დიდი რბოლა საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებსაც გზას აძლევს. მაგრამ რატომ გვესმის მუდმივად ისრაელისა და ესტონეთის AI წარმატებების შესახებ, ხოლო საქართველო კვლავ ინოვაციურ ვაკუუმშია?

ტრიინ მაჰლაკოივ, DataFest Online 2021-ის სპიკერი ესტონეთიდან, გვიყვება თანამედროვე გლობალური AI კონკურენციის შესახებ, რომელშიც ყველა განვითარებული ქვეყანა არის ჩართული. რა გაკვეთილის სწავლა შეუძლია აქედან საქართველოს?

ტალანტების აღზრდა

მაშინ, როდესაც მრავალი სამრეწველო სფერო დიდწილად დამოკიდებულია ქვეყანაში არსებული ბუნებრივ რესურსებსა თუ ინფრასტრუქტურაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანები არიან.

ნებისმიერი მანქანის უკან დგანან სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის გამოკვლევა, შექმნა ან ოპერირება.

ასეთი მოთხოვნადი უნარების მქონე ადამიანების აღზრდაში ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ და ნიდერლანდები, ჩართულია არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორიც. კერძო ინვესტორები მზად არიან, მილიონობით დოლარი ჩადონ AI სპეციალობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რადგან სამუშაო ბაზარზე ასეთი უნარების ადამიანების მუდმივი ნაკლებობაა.

ამ დროს საქართველოს უნივერსიტეტები ყოველწლიურად ათასობით იურისტს უშვებენ, რომლებისთვისაც სპეციალობით მუშაობის დაწყება ძალიან რთულია, AI კომპანიებს კი დეველოპერების, მონაცემთა ანალიტიკოსებისა და მანქანური დასწავლის სპეციალისტების პოვნა მაინც უჭირთ.

იქნებ პრობლემა ნაწილობრივ ინფორმაციის ასიმეტრიულობაშია, რადგან სკოლის დასრულებისას ახალგაზრდების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, რა პროფესიებია ამჟამად მსოფლიოში მოთხოვნადი? ან რომც ჰქონდეთ ამაზე ინფორმაცია, არ იციან, სად წავიდნენ, რადგან საქართველოში ძალიან ცოტა ადგილას ისწავლება ეს პროფესიები?

ტალანტების მოზიდვა

ხელოვნურ ინტელექტში ყველაზე წარმატებული ქვეყნები ადგილობრივ კადრებს არ სჯერდებიან და უცხოეთიდან სპეციალისტების მოზიდვას ყველანაირი ძალით ცდილობენ.

ამ მაჩვენებლითაც ყველაზე წარმატებული ქვეყანა დღესდღეობით აშშ-ია. მსოფლიო AI ტრეკერის მიხედვით, აშშ-ში 3-ჯერ უფრო მეტი AI ტალანტი მუშაობს, ვიდრე იმ ადამიანების რაოდენობაა, ვინც ქვეყნის შიგნით ამ დარგში მიიღო განათლება.

ამერიკაში თავს იყრიან საუკეთესო ტალანტები ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ევროპიდან, რაც, თავის მხრივ,  ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტი ტალანტის მოზიდვას.

სწორედ ეს არის სილიკონის ველის მსგავსი ადგილების წარმატების საიდუმლოც. წარმატებული AI სტარტაპები მაგნიტივით იზიდავენ ამ სფეროს სპეციალისტებს, რაც ასეთ ადგილებს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებაში ეხმარება.

თუმცა წარმატების შესაძლებლობა უფრო პატარა ქვეყნებსაც აქვთ. ამ ასპარეზზე ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი „სტარტაპ ქვეყნად“ ცნობილი ისრაელია, რომლის სტარტაპებმა 2019 წელს 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციები მოიზიდეს. აშშ-ისრაელის ერთობლივი სტარტაპის თანადამფუძნებელი შული გალილი ისრაელის AI წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად ისრაელის სტარტაპერების სამხედრო წარსულს ასახელებს, სადაც ისინი ხელოვნურ ინტელექტთან, გამოსახულების გადამუშავებასა და მონაცემთა ანალიზთან დაკავშირებულ პრაქტიკულ უნარებს იძენენ.

ქვეყნების მზადყოფნა

დაბოლოს, ცალკეული კომპანიებისა და ინდივიდების წარმატების გარდა, საინტერესოა მსოფლიოს სრული სურათის დანახვაც.

2020 წლის Oxford Insight-ის „სახელმწიფო AI მზადყოფნის ინდექსი“ აფასებს ქვეყნების ინოვაციურ მზაობას ოთხი ძირითადი კატეგორიის მიხედვით: მართვა; ინფრასტრუქტურა და მონაცემები; უნარები და განათლება; მთავრობა და საჯარო მომსახურებები.

მსოფლიოს 172 ქვეყანას შორის საქართველო 72-ე ადგილს იკავებს.

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი მოწინავე პოზიცია ესტონეთს უჭირავს, მსოფლიოს მასშტაბით მე-17ადგილით. ესტონეთის წარმატება გასაკვირი არ არის მისი სახელმწიფოს გაციფრულების გრძელვადიანი სტრატეგიის გათვალისწინებით. ის ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს: AI-ის სახელწმიფო სამსახურებში დანერგვა, ეკონომიკაში AI-ის გამოყენების ხელშეწყობა, კვლევები და შესაბამისი უნარების სწავლება და ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნა.

თუმცა ესტონეთი ყოველთვის ასეთი წარმატებული არ იყო. DataFest Online 2021-ის სპიკერი ესტონეთიდან ქვეყნის გავლილი გზის შესახებ ყვება და გვიზიარებს, თუ როგორ უწყობს მისი ორგანიზაცია ახალი Skype-სა და Spotify-ის ჩამოყალიბებას.

ესტონეთზე ნაკლებად წარმატებული ქვეყნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გამოწვევა კვლავ AI უნარებისა და ცოდნის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს ნაკლებობა და ეკონომიკური სტაგნაციის გამო ტალანტების გადინებაა.

ამ გამოწვევების ფონზე, იმედისმომცემია ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული პროექტები თუ ინოვაციური ჰაბები. ბოლო რამდენიმე ათწლეულის ტენდენციები მკაფიოდ აჩვენებს, რომ მომავალი ტექნოლოგიებშია და ამ ასპარეზზე საქართველოს უნიკალური შანსი ეძლევა, დაეწიოს სხვა ქვეყნებს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ძალისხმევას სწორ მიმართულებას მივცემთ.

DataFest Tbilisi კვლავ დაბრუნდა! DataFest Tbilisi 2021 თავს მოუყრის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან – ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს 5 დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორკშოპებსა და დატატონებს.

 

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი.

ღონისძიების პარტნიორები არიან:  საქართველოს ბანკი  და გრანთ თორნთონი.

ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge

მედია  პარტნიორები არიან: ფორბს ვუმენი, Marketer.ge, Entrepreneur საქართველო.