დარაბა – ახალი ქართული პლატფორმა ხელოვნების მოყვარულთათვის

სტარტაპი „დარაბა“, ქართული ხელოვნების პირველი ცენტრალიზებული პლატფორმაა საქართველოში, რომელიც საშუალებას გაძლევთ დისტანციურად, ონლაინ სივრცეში დაათვალიეროთ და შეიძინოთ ქართული ხელოვნების სრული სპექტრი: კერძო კოლექციები, გალერეები და განსხვავებულ მედიუმში მომუშავე ხელოვანთა ნამუშევრები.

ვებგვერდზე განთავსებული ნიმუშები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და ნებისმიერი გემოვნებისა თუ ინტერესის მქონე ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სთავაზობს შეარჩიონ როგორც ცნობილი ქართველი მხატვრების კლასიკური ნიმუშები, ასევე თანამედროვე, პროფესიონალი, დამწყები ან თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები.

ამ უნიკალურ შესაძლებლობას გალერეა ჰოუმის ბაზაზე შექმნილი ქართული სტარტაპი გთავაზობთ, რომელიც GITA-ს მიერაა დაფინანსებული.

ვებგვერდზე განთავსებული ფოტოსურათები მაღალი ხარისხისაა და როგორც დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე აღნიშნავს , ისინი მაქსიმალურად ასახავენ ორიგინალის რეალურ სახეს.

როგორ გავიმარტივოთ ძიების პროცესი?

განსხვავებული ფილტრების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ ძიების დიაპაზონი, ამისათვის უნდა აირჩიოთ ძიების სასურველი კრიტერიუმი: ავტორი, პერიოდი, მედიუმი, საგანი, ფერი, ზომა და ფასი. ნამუშევრები დაყოფილია კატეგორიებად: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, ქანდაკება და აშ.  პლატფორმაზე არსებული ამ და სხვა ფილტრების საშუალებით მომხმარებლისთვის უფრო მარტივი ხდება შერჩევის პროცესი.

ამასთან, თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ ინდივიდუალური დახმარება ნამუშევრის შერჩევისას. ამ პროცესს ერთ-ერთი კურატორი წარმართავს თქვენი ბიუჯეტის შესაბამისად.

პროექტის ონლაინ პორტალი ინფორმაციულობასთან ერთად კომერციული ხასიათისაცაა. სახელოვნებო ნამუშევრების ონლაინ გაყიდვა ქართველი ხელოვანების საერთაშორისო დონეზე ცნობადობას უწყობს ხელს. პოპულარიზაციის მიზნით ონლაინ პლატფორმა მათ უქმნის სივრცეს, სადაც უსასყიდლოდ შეეძლებათ ნამუშევრების წარდგენა. გარდა ამისა, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, ნამუშევრის მყიდველამდე ტრანსპორტირებასა და მარკეტინგულ თუ სარეკლამო ღონისძიებებში მათ ჩართვას. დამფუძნებლები აქტიურად ეძებენ ხელოვანებს, თუმცა  დაინტერესებულ პირებს თავადაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ მათ და შესთავაზონ საკუთარი ნამუშევრები.

ნამუშევრის ავთენტურობა:

თქვენ ყოველთვის მიიღებთ ავთენტურობის სერტიფიკატს მხატვრის ან გალერეის ხელმოწერით და ნამუშევრის ზუსტი აღწერით. კონცეფციის თაობაზე კი  შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია ჰკითხოთ არტ კონსულტაციის გუნდის წევრებს, რომლებიც უფასოდ მოგაწვდიან აღნიშნულ ინფორმაციას.

ამჟამად საიტზე ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც სტანდარტული, ასევე ორ( 2D ) ან სამგანზომილებიანი( 3D ) ანიმაციის სახით. იგეგმება ყველა ნამუშევრის ანიმაციად გარდაქმნა, რაც მათ მინიმალისტურ, ან სრულებით გაცოცხლებას გულისხმობს. სივრცეზე მორგებული მორგებული ხმოვანი და ამოძრავებული გამოსახულება თანამედროვე საგამოფენო ინოვაციური იდეებისა და პროექტების ხელშეწყობას მოიცავს.

წარმოგიდგენთ პლატფორმაზე განთავსებულ ნამუშევრებს, რომლებიც ყველაზე ძვირადაა შეფასებული (22 მარტი, 2020).

კლოუნი – ოლეგ ტიმჩენკო | 22,778 ₾
ქალიშვილის ტორსი – ავთო ვარაზი | 18,172₾
მცხეთა, ჯვარი – მამია ახობაძე | 18,172₾
ხევსურეთ – მამია ახობაძე | 18,172₾
უსათაუროდ – შალვა ძნელაძე | 11,381₾