კომპანია Spotify-ის დამფუძნებელი და CEO, დენიელ ეკი ევროპული ტექნოლოგიური სტარტაპების წახალისება-განვითარების მიზნით, მილიარდი ევროს დაბანდებას გეგმავს. ფინანსური რესურსი მომავალი ათწლეულის მანძილზე ინოვაციური პროექტების დაფინანსებაზე გადანაწილდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიოტექნოლოგია და მანქანური დასწავლა.
აღსანიშნავია, რომ დენიელ ეკი აქამდეც აფინანსებდა ერთეულ ევროპულ სტარტაპებს – შვედური ტელემედიცინის კომპანიას Kry, საცხოვრებლის საძიებელ ვებ-გვერდს საერთაშორისო სტუდენტებისათვის – student.com და ხელოვნური ინტელექტის განხრით მომუშავე კომპანია HJN Sverige-ს. შესაბამისად, ამჟამინდელი ინვესტიცია არამხოლოდ გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, არამედ აგრძელებს კიდევაც დენიელ ეკის ევროპის ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად განვითარების ამბიციას.
დენიელ ეკის ქონებას Forbes 3.6 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც მიანიშნებს იმაზე რომ იგი საკუთარი ქონების დაახლოებით მესამედს კონკრეტული მიმართულებით ხარჯავს.
მოცემული ინვესტიცია მიზნად ისახავს ევროპული ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას გლობალურად. დენიელ ეკი საკუთარი „ევროპული ოცნების“ განხორციელებას მეცნიერებთან, ინვესტორებთან და სახელმწიფოებთან ერთობლივი მუშაობით გეგმავს.