უკვე რამდენიმე თვეა, Dalood-ის ახალმა მაღაზიამ გიორგი ახვლედიანის 12 ნომერში, გოთიკური არქიტექტურული სტილით შესრულებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლში დაიდო ბინა. ხანგრძლივი სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად, Dalood-ის უნიკალური სივრცე სამოსის სახლს, გასტრო-ბარსა და კაფეს აერთიანებს.
Dalood-ის ახალი სივრცე მომხმარებელს, შთამბეჭდავ ესთეტიკურ გამოცდილებასთან ერთად, შესაძლებლობას აძლევს ერთდროულად გაეცნოს მოდის ტენდენციებს, შეიძინოს უნიკალური ნივთები, Dalood-ის სამოსი და, ამასთან, მიიღოს სრულიად განსხვავებული და დაუვიწყარი გასტრონომიული გამოცდილება.
ქართული ბრენდი Dalood-ი 2001 წელს დიზაინერმა ნანა შუკვანმა დააარსა. 14 წლის შემდეგ ბრენდის მმართველობა მისმა ქალიშვილმა, დიზაინერმა მაკა კვიციანმა გადაიბარა. მაკამ Dalood-ში თავისი საქმიანობა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო, შესაბამისად, ის ბრენდის შექმნასა და ჩამოყალიბებაში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული.
დღეს Dalood-ი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდია და მომხმარებლისთვის მსოფლიოს 15 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ხშირად აღნიშნავენ, რომ Dalood-ის სამოსი ქალებს ფემინურობისა და ე.წ. soft power-ის აქცენტირებით აძლიერებს, თავს კომფორტულად აგრძნობინებს, რაც Dalood-ის სამოსის მატარებელს თავდაჯერებულს, საკუთარ თავთან ჰარმონიულსა და გაბედულს ხდის.
Dalood-ის კრეატიული დირექტორის თქმით, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ბრენდის წარმატებით პოზიციონირებამ განაპირობა კონცეპტუალური სივრცის შექმნის საჭიროება. ჩანაფიქრი იყო, რომ ახალ სამოსთან ერთად მომხმარებელს ამ სივრციდან სრულიად განსხვავებული გამოცდილება გაჰყოლოდა. მაკას თქმით, აქაურობა მათთვისაა, ვინც სიახლესა და ესთეტიკას ეძებს, ვისაც შთაგონებისა და ფიქრისთვის მშვიდი გარემო სჭირდება.
„როცა Dalood-ის ახალ სივრცეზე ფიქრი დავიწყე, არჩევანი მქონდა, რომ ეს ყოფილიყო ან უბრალოდ მაღაზია ან მთლიანი გამოცდილება, რომელსაც აქ მოსული ადამიანი ჩვენთან შეიძენდა. მინდოდა, მომხმარებელი უფრო მჭიდროდ დაგვკავშირებოდა და მიხარია, რომ ეს შევძელით. სტუმარი აქ ტანსაცმელსაც შეარჩევს, მუსიკასაც მოისმენს, ჭურჭლისა და პარფიუმერიის შეძენასაც შეძლებს და კაფეში გემრიელ კერძებსაც დააგემოვნებს“.
ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანაში მაკას დიზაინერი ეკა პაპამაიკლი დაეხმარა. კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ინტერიერში ავთენტურობის შენარჩუნებით, თბილისური ხასიათისა და თანამედროვეობის შერწყმით, უნიკალური ახალი სივრცე გაჩნდა.
„დიდი დრო დავხარჯეთ შენობის შესწავლაზე, რომ მისი ავთენტური სახე მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა და არაფერი დაგვეზიანებინა. არაერთი სპეციალისტი იყო პროცესში ჩართული. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ეკა პაპამაიკლზე შევაჩერე არჩევანი. მას ულამაზესი, ძალიან გემოვნებიანი სახლი აქვს, რომელშიც, თანამედროვეობის მიუხედავად, სიძველე და ავთენტურობა ზედმიწევნითაა შენარჩუნებული. ჩვენი ხედვა და ფასეულობები დაემთხვა. ეკამ არაჩვეულებრივად იმუშავა, შესანიშნავი დიზაინი შექმნა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. შენობის სიძველის გამო ობიექტი რთული იყო, დაახლოებით 2 წელიწადს ვაკეთებდით, ყველაფერს დაკვირვება და აწონ-დაწონა სჭირდებოდა. ერთობლივი მუშაობით შევძელით შენობის ისტორიული სახეც შეგვენარჩუნებინა და მასში ახალი ელემენტებიც შეგვეტანა. ვფიქრობ, ქართული ატმოსფერო შევქმენით, თბილისური კულტურა თანამედროვე ფორმით წარმოვაჩინეთ. ავეჯისა და ნივთების დიდი ნაწილი სპეციალურად ჩვენთვის შეიქმნა. ძალიან შთამბეჭდავია შუშაბანდი და სადარბაზოს მოზაიკა, რომელიც ქართული ქვითაა შექმნილი.“
კაფე Dalood-ი შუადღის 12:00 სთ-დან ღამის 12:00 სთ-მდე მუშაობს. მომხმარებელს კაფეში ევროპული მენიუ ელოდება უგემრიელესი კერძებითა და დესერტებით.
“მენიუ ისეთი კერძებითაა შედგენილი, რომელთა უმრავლესობის დაგემოვნებაც, ძირითადად, საზღვარგარეთ მოგზაურობისას არის შესაძლებელი, თბილისში კი გვენატრება. პირადად ჩემი ფავორიტია ქათმის მილანეზა, რომელიც სიახლეა თბილისისთვის. ასევე, უგემრიელესი ხახვის სუპი, რომლის დაგემოვნებასაც ყველას ვურჩევ. გვაქვს არაჩვეულებრივი დესერტები. აქ მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეხვდეთ მეგობრებს, გამართოთ საქმიანი შეხვედრები, აღნიშნოთ დაბადების დღეები, მოაწყოთ სხვადასხვა წვეულება. საკმაოდ დიდი და მრავალფუნქციური სივრცე ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა. გვაქვს ბარი, ღვინის ფართო არჩევანი, კოქტეილების მენიუ. შოურუმის ეს გასტრონომიული ნაწილი ძალიან აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან. ჩვენი ძირითადი იდეაც ეს იყო- შეგვექმნა კომფორტული ზონა, ერთგვარი კომუნა და თვითონაც უფრო ახლოს ვყოფილიყავით ჩვენს მომხმარებლებთან. გარდა იმისა, რომ აქ შეგიძლია ისაუზმო, ისადილო ან ივახშმო, ასევე საშუალება გაქვს Dalood-ის კლუბის წევრი გახდე და მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებში, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ. ჩანაფიქრშია, მაგალითად, ცნობილი სომელიეების ჩამოყვანა, შემეცნებითი, გასართობი, კულტურული ღონისძიებების გამართვა, სადაც გვინდა ყველა ასაკის ადამიანები ჩავრთოთ“.
2024 წელი Dalood-ისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც კაფეში დაგეგმილი ღონისძიებების თვალსაზრისით, ისე თბილისში გამართული ჩვენების მხრივ, რომელიც ბრენდისთვის პირველი იქნება პანდემიის შემდეგ. ამასთან, Dalood-ი ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის გაფართოებაზე, ხოლო იმისთვის, რომ საერთაშორისო მომხმარებლების რაოდენობა გაზარდოს, ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს ჩინეთის შოურუმებთან. მაკა გვიყვება იმასაც, თუ რა მოსწონთ მომხმარებლებს Dalood-ში და რატომ ირჩევენ მის ბრენდს:
„Dalood-ის კაბაში ქალი თავს გამორჩეულად და თავდაჯერებულად გრძნობს. სწორედ ამაში ვხედავ ჩვენი წარმატების გასაღებს. ჩვენ ფემინური ფორმების ერთგულები დავრჩით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის და რასაც ხშირად ვეღარ ვხვდებით ბევრ ბრენდში. ჩვენი სამოსი მრავალფუნქციურია, ბევრგან და განსხვავებულად შეიძლება ჩაიცვა. გარდა ამისა, ხარისხი და ფასი თანხვედრაშია ერთმანეთთან და ამასაც გვიფასებენ. ყველა, ვისაც აცვია Dalood-ი, ამბობს, რომ ჩვენს სამოსში გამორჩეულად ბევრ კომპლიმენტს იღებს. საკუთარ თავზეც მაქვს იგივე გამოცდილი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქალს უხდებოდეს ის, რაც აცვია. ყოველთვის ამით ვხელმძღვანელობ. ტანსაცმელი ქალს თავდაჯერებულობას უნდა სძენდეს და როცა რაღაც გიხდება, ეს თავდაჯერებულობაც მოდის. სტილიც ასე იბადება- რაღაც მოგონილი რომ არ გაცვია, ვიღაცაზე დანახული და ინსტრაგრამით თუ სხვადასხვა სოციალური მედიით თავსმოხვეული. მომხმარებელს სულ ამას ვურჩევ- ატარეთ ის, რაც თქვენია, რაც მოგწონთ შინაგანად, თქვენში აღმოაჩინეთ თქვენი ბრილიანტი და გამოიტანეთ ის გარეთ. ტანსაცმელი სწორედ ამაში გვეხმარება. ჩვენ უნიკალურები ვართ, სტილიც უნიკალური გვაქვს. როცა საკუთარი თავი მოგწონს, სხვებსაც მოსწონხარ. არ ვიცი ეს როგორ ხდება, მაგრამ ასეა“.