რისკების შეფასების ხელოვნება – ირინა დადვანი

უკვე ორი ათეული წელია სხვადასხვა სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს განვითარებასა და ეფექტურობის ზრდაში საკონსულტაციო ჯგუფი „აი დი ქონსალტინგი“ ეხმარება. აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურება, გადასახადებთან დაკავშირებული საკონსულტაციო სერვისი ‒ ეს იმ მომსახურების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ორგანიზაციებს „აი დი ქონსალტინგის“ პროფესიონალთა და საქმისადმი ერთგული გუნდი სთავაზობს. როცა საქმე საკონსულტაციო სერვისს ეხება პასუხისმგებლობასა და ბაზრის მოთხოვნების სრულფასოვან ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ბიზნესის ამ დარგში კონკურენცია ყოველწლიურად იზრდება და როცა ბაზარზე 20 წელი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებ, ეს კომპანიის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. „აი დი ქონსალტინგის“ ისტორია 2003 წელს იწყება, Forbes Woman-ის რესპონდენტი მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ირინა დადვანია.

ფოტო: მაკა მიქაუტაძე

ირინა პროფესიით ეკონომისტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტში, მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა . ასევე იყო მცირე მეწარმეთა ხელშეწყობის EBRD-ის პროექტის კონსულტანტი, ირინას სამუშაო გამოცდილებაშია ჟურნალ „გადასახადების“ საგადასახადო ექსპერტის პოზიციაც. 90-იანი წლები, როგორც მთელი საქართველოსთვის, მისი ოჯახისთვისაც რთული გამოდგა. საქვეყნოდ გამეფებული ეკონომიკური სიდუხჭირე საზოგადოებას მუდმივად გამოსავლის ძიებაში აცხოვრებდა, თუმცა მაშინ ეს ყველას არ გამოუვიდა, ირინა და მისი მეუღლე გამონაკლისებს შორის აღმოჩნდნენ.

„90-იან წლებში, როგორც ძირითადად ყველას, ჩვენც გაგვიჭირდა, ჩემი მეუღლეც მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად, ჩვენი ხელფასით ფაქტობრივად მხოლოდ ორი კგ კარტოფილს შეძენა იყო შესაძლებელი. რაღაც აუცილებლად უნდა შეგვეცვალა, რადგან სამწუხაროდ, მაშინ მეცნიერება და კვლევები არავის სჭირდებოდა. 1995 წელს მუშაობა საგადასახადო სამსახურში დავიწყე. ეს არ იყო სუფთა ბუღალტერია, კანონმდებლობის გაცნობა და შესწავლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საგადასახადო სამსახურში გადასახადის გადამხდელთა მომსახურების მიმართულებით ვსაქმიანობდი, იქ გატარებულმა წლებმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა“.

საგადასახადო სამსახურში ირინამ ათი წელი გაატარა. დღეს ამბობს, რომ ეს ნაყოფიერი წლები იყო, რადგან იქ დაგროვილმა გამოცდილებამ მისი მომავალი საქმიანობაც განსაზღვრა, რადგან გადასახადების მიმართულებით სპეციალიზაცია იმ წლებში ბაზარზე მოთხოვნადი და ძალიან საჭირო გახდა.

სახელმწიფო სამსახურში გატარებული ათი წლის შემდეგ ჩათვალა, რომ კერძო სექტორის დრო დადგა. ყველაფერი პატარა, 50 კვ. მეტრის ოფისით და ოთხი თანამშრომლით დაიწყეს. 20 წლის თავზე ბუნებრივია საოფისე ფართითაც და თანამშრომელთა რაოდენობითაც ბევრად სოლიდურად გამოიყურებიან. „აი დი ქონსალტინგის“ გუნდი ახლა 30 პროფესიონალს აერთიანებს და ფილიალი თბილისის გარდა, ბათუმშიც აქვთ. კომპანია აქტიურად საქმიანობს ახალციხეში, ახალქალაქში, რაჭასა და გურიაში.

ირინა დადვანი „აი დი ქონსალტინგის“ დამფუძნებელთან ერთად ამ კომპანიის საგადასახადო ექსპერტიც არის. ამ საქმეს შესაძლოა საოჯახო ბიზნესიც ვუწოდოთ, თუმცა ეს არ ცვლის მთავარს ‒ გუნდის თითოეული წევრი საქმეს პასუხისმგებლობით უდგება და ერთმანეთს განვითარებაშიც ეხმარებიან.

„ჩემი პარტნიორები ‒ ჯიბო მელაშვილი და გიორგი პაქსაშვილი ‒ არიან. ჯიბო საუკეთესო პარტნიორი და კომპანიის მმართველია, თანამშრომელია ‒ სული და გული, კლიენტებისთვის ‒ სანდო და კომპეტენტური პირი. ჩვენს კომპანიაში ნდობის ხარისხი ურთიერთობაში მაქსიმუმზეა აყვანილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში“.

დაფუძნების დღიდან, „აი დი ქონსალტინგმა“ ერთ-ერთ ამოცანად კომპანიებისთვის ყველაზე რეალური სურათის შექმნა დაისახა. აქ ცდილობენ პარტნიორებს ბაზარზე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად ნათლად დაანახონ, სწორად შეუფასონ რისკები და საჭირო რეკომენდაციები მისცენ.

„ბევრი გვინახავს არაკომპეტენტური ან უპასუხისმგებლო ბუღალტრის მიერ გაუბედურებული კომპანია. ან და ისეთი კომპანიებიც, რომელთა ხელმძღვანელები, რბილად რომ ვთქვათ, თავს არიდებენ საბიუჯეტო ვალდებულებებს, ეს ხშირად იმიტომ ხდება, რომ ბოლომდე არ არიან დარწმუნებული ამ მიმართულებით თავიანთ მოვალეობებში“.

ირინა, როგორც „აი დი ქონსალტინგის“ საგადასახადო ექსპერტი, საგადასახადო დავებზეა ორიენტირებული. გვეუბნება, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კერძო კომპანიების. ამიტომაც ბაზარზე „აი დი ქონსალტინგის“ მთავარი ნიშა ობიექტური პოზიციის დაფიქსირებაა. ირინა ამბობს, რომ გადასახადის გადამხდელს მათი კომპანია ეხმარება, ისე რომ ამით სახელმწიფო ბიუჯეტმაც კუთვნილი შემოსავალი მიიღოს.

საგადასახადო დავების პარალელურად, „აი დი ქონსალტინგის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კომპანიების ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მოწესრიგებაა.

„აქ ყოველთვის ვცდილობთ, კლიენტსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის, ოქროს შუალედი ვიპოვოთ“.

ვაჭრობა, როგორც სუპერმარკეტები, ასევე საბითუმო; მრავალფუნქციური მშენებლობა, სამედიცინო სფერო, ესთეტიკა, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული ბრენდები, სტუმარმასპინძლობის სექტორი, ტურიზმის ინდუსტრია, სამშენებლო მასალების წარმოება, მომსახურების სექტორი, სოფლის მეურნეობა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება, პურის წარმოება ‒ ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბიზნეს სფეროებისა, რომელთა წარმომადგენლები თანამშრომლობისთვის სწორედ „აი დი ქონსალტინგს“ ირჩევენ.

ფოტო: მაკა მიქაუტაძე

„აი დი ქონსალტინგში“ 20 წლის განმავლობაში მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ირინა დადვანი გვეუბნება, რომ კომპანიის სამომავლო გეგმებში გაფართოებაა, უფრო ზუსტად მეტი რეგიონის ათვისება. თუმცა, ჩვენი რესპონდენტი გეგმებზე საუბრისას საკუთარი კომპანიის ინტერესებსაც სცდება, ირინას უნდა, რომ ქვეყანას ისეთი საგადასახადო კანონმდებლობა ჰქონდეს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობას განაპირობებს.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს ქვეყანაში საკანონმდებლო ცვლილებებს შევუწყო ხელი, გადასახადის გადამხდელებისათვის ისეთი საგადასახადო შეღავათების მიღწევით, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ ქვეყნის ბიუჯეტსაც სასიკეთოდ დაუბრუნდება. მაგალითად, მეტი საშეღავათო ზღვარი დაუწესდეთ მცირე მეწარმეებს, გაიზარდოს დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარი 500 ათას ლარამდე, ნაცვლად 100 ათასი ლარისა, დაიხვეწოს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის ადმინისტრირების სფერო, ასევე მათი განაკვეთებიც“.

20 წლის განმავლობაში ბუნებრივია იყო ბევრი გამოწვევაც და ბევრი დაბრკოლებაც, თუმცა ირინამ უკვე ზუსტად იცის, რაშია მისი წარმატების ფორმულა. ამბობს, რომ წარმატება სიმართლეს, ობიექტურ და სახელმწიფოებრივ აზროვნებას მოაქვს, აზროვნებას, რომელიც ასეთივე მიდგომებში უნდა კონვერტირდეს.

გამოწვევები განსაკუთრებით ბევრი აქვთ ქალებს, მათ შორის საქმიან და შემდგარ ქალებსაც. ჩვენ ხომ თითქმის ყოველდღიურად გვიწვევს საკუთარი შესაძლებლობები ვამტკიცოთ?!

„რას ვურჩევდი ქალებს? თქვენ ბუნებამ განსაკუთრებული გამძლეობით დაგაჯილდოვათ, გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი, ეს თქვენ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ!“