სტეფ კარი შეუერთდა ინიციატივას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, რომელსაც ხელი 400-მდე CEO-მ და ინვესტორმა მოაწერა. ღია წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში შაბათს გამოქვეყნდა, Guild Education-ის CEO რეიჩელ რომერ-კარლსონი კომპანიებს მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე.
ხელმომწერები, რომელთა შორის არიან სტეფ კარი, Zoom, Twilio, PagerDuty და სხვები, პირობას დებენ, რომ დასაქმებულებს შეუქმნიან საუკეთესო პირობებს სოციალური დისტანცირების განსახორციელებლად.
იდეის ავტორი ამბობს, რომ კერძო სექტორმა ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის ნაწილი უნდა გაიზიაროს და ხელი შეუწყოს მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტად შეასრულონ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო პირობები, იქნება ეს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, თუ თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებისაკენ მოწოდება.
NBA-ის ვარსკვლავი მხოლოდ ხელმოწერებით არ შემოიფარგლება და თავის ცოლთან ერთად ოკლენდში მცხოვრებ სკოლის მოსწავლეებს ეხმარება. „Eat Learn Play“ (ჭამე, ისწავლე, ითამაშე), რომელიც სტეფენ და ეიშა კარის საქველმოქმედო ორგანიზაციაა, ოკლენდში ბავშვებს, რომლებიც სკოლების დახურვის გამო საჭმელს ვეღარ იღებენ, 1 მილიონი საუზმით დაეხმარება.
სტეფ კარიმ რამდენიმე საათის წინ ტვიტერზე კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც ხალხს სოციალური დისტანცირების და ვირუსის გავრცელების პრევენციის სხვა მეთოდების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.