ახალგაზრდა კრეატიული დუო დიზაინის სამყაროდან | ინტერვიუ თიკა შელიასთან და ანო ჯიშკარიანთან

ადამიანები განსაკუთრებულ ღირებულებასა და სენტიმენტალურობას ვანიჭებთ ნივთებს, რომლებიც ცარიელი სივრცის ჩვენთვის კომფორტულ და მყუდრო ადგილებად გადაქცევაში გვეხმარებიან. ნივთები გვხვდებიან სხვადასხვა ფორმის, ზომისა თუ სტილის – ასახავენ ინდივიდების თავისებურებებსა თუ იმ ადგილების გენეტიკურ კოდს, სადაც ისინი იბადებიან. ჩვენთვის საყვარელი ნივთები შემთხვევით არ იქმნებიან. ანო ჯიშკარიანის და თიკა შელიას პროფესიული საქმიანობაც ნივთებსა და დიზაინს უკავშირდება. მულტიდისციპლინალური დიზიან სტუდიოს “Around the Studio-ს” შემქმნელები ხანგრძლივი კრეატიული პროცესის შედეგად ქმნიან ნივთებს, იქნება ეს ავეჯი თუ ინტერიერის სხვა დეტალი და გვაძლევენ შესაძლებლობას, ნივთებს უნიკალური ისტორიითა და დიზაინით, ჩვენს სამყოფელ სივრცეებში ადგილი დავუთმოთ.

ფოტო: ანი გაბაშვილი

კრეატიული დუოს, თიკა შელიასა და ანო ჯიშკარიანის მოგზაურობა დიზაინის სამყაროში ადრეულ ასაკში ბუნებრივად დაიწყო. „ღრმა ბავშვობის მკაფიო მოგონებად მახსოვს, 7 წლის ვიყავი, როცა სახლში შემთხვევით იმ ბინის საპროექტო ნახაზი აღმოვაჩინე, რომლის ყიდვასაც ჩემი მშობლები გეგმავდნენ. ნახაზის დაკვირვება და სივრცის შექმნა ძალიან მომწონდა, ხშირად წარმოვიდგენდი ახალი სახლის სხვადასხვაგვარ დაგეგმარებას, ფიქრებში ვიზუალიზაცია უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. ადრეული ასაკიდანვე მქონდა გადაწყვეტილი, რომ მომავალს ამ სფეროს დავუკავშირებდი. ხოლო ამის შემდეგ ინტუიციით აღმოვაჩინე ეს პროფესია, რომლის არჩევანიც არ გამიკეთებია, ეს თითქოს, თავისით მოხდა“, – გვიყვება ანო.

თიკასაც ბავშვობიდანვე რეალური საგნების მისი ხედვის შესაბამისად გარდაქმნა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. „ჩემი აღქმიდან გამომდინარე, ყველა საგანი მედიდებოდა, ამიტომ ჩემი ბავშვური ჰობი რეალური ობიექტების მინიატიურული სახით გამომეძერწა იყო“, – იხსენებს თიკა. საქმიანობას რომელსაც ახლა ეწევა, შეიძლება ამ ბავშვური გატაცების გაგრძელებაც დავარქვათ. „ყოველთვის ვცდილობდი ძიების პროცესში ვყოფილიყავი. ინერციას გავყევი და დროის ცვლილებასთან ერთად გავჩნდი იქ, სადაც ახლა ვარ. რადგან ეს საქმე ჩემს მუდმივ პროცესად იქცა, ზრდასრულობის ასაკში პროფესიის არჩევაც ბუნებრივად მოხდა“.

ბავშვობის გატაცების რეალობად გარდაქმნის პროცესი 2014 წელს ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში, VAADS-ში ჩაბარებით დაიწყო, სადაც ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. „საერთო ხედვა და პროფესიული სიახლოვეც მალევე აღმოვაჩინეთ. არაერთ პროექტზე ვიმუშავეთ ერთობლივად, ძირითადად ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. ამასთან ერთად ვიღებდით მონაწილეობას, დამოუკიდებელი ნამუშევრებით, საერთო და სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში“, – იხსენებენ ჩემი რესპონდენტები.

Cafe Iris project

უნივერსიტეტში დარგის სპეციალისტებთან და საინტერესო პროფესორებთან ერთად მუშაობით დიდი გამოცდილება დააგროვეს. არასდროს შეუქმნიათ საზღვრები საკუთარი შემოქმედების გამოსახატად – „ვმუშაობდით სხვადასხვა მედიუმების გამოყენებით, იქნება ეს ინსტალაცია, სკულპტურა, ობიექტი თუ ადგილის სპეციფიკური ნამუშევარი“. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუდმივ ძიების პროცესში არიან, პროფესიული გამოცდილებაც ისეთ არქიტექტურულ თუ დიზაინ სტუდიოებში დააგროვეს, როგორებიცაა LOA, ROOMS STUDIO და სხვა. „პროდუქტის დიზაინი მედიუმის არჩევით, საშუალება გვაქვს რომ ვიზუალურ ხელოვნებასთან კავშირი არ გავწყვიტოთ, ამიტომ ჩვენი ნამუშევრები გამოყენებადობასთან ერთად ატარებს კონცეფციას, მესიჯებს და ისტორიას“, – გვიყვებიან თიკა და ანო.

Around The Studio დაბადება

2020 წელი ანოსა და თიკას შემოქმედებითი პროცესისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველი ავეჯის კოლექციაზე მუშაობა ამავე წელს დაიწყეს და Around the Studio-ს დაარსების იდეაც გაჩნდა. „სწორედ ამ დროს სახელოსნოს ვაზიარებდით ორ ჩვენ მეგობარ ხელოვანთან ერთად, ძველი მაუდის ტერიტორიაზე, ამ სივრცეში ვახერხებდით ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას, ყოველდღიურობის ნაწილად იქცა ჩვენი სტუდიოს გარშემო გარემოს დაკვირვება, სადაც საბჭოთა შენობა გარდაქმნილი იერსახით, ახალი დანიშნულებებით ფუნქციონირებს“.

Around The Studio მულტიდისციპლინარულ დიზაინის სტუდიად ჩამოყალიბდა, სახელწოდებაც სწორედ გარემოზე რეფლექსიას უსვამს ხაზს. „ჩვენი სტუდიოსთვის მნიშვნელოვანია ავეჯის დიზაინის მედიუმით ადგილობრივად მიმდინარე პროცესების რეფლექსია ასახოს. საბჭოთა სასკოლო სკამი, რომელსაც ახლა ქუჩის გამყიდველები იყენებენ, თუ შემთხვევითად გადაგდებული ნაბდის მიმსგავსებული „ბენჩი“, სწორედ ადგილობრივ ამბებს გვიყვება. ამასთან ერთად, ჩვენს მიერ ძირითადად გამოყენებული მასალა ქართული კულტურული მემკვიდრეობის, არტისტული რეწვის ნაწილია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მოცემული და ამით კიდევ უფრო მეტად გამოვხატოთ ჩვენი იდენტობა“.

რა ფაქტორებმა თუ გარემოებებმა იქონიეს გავლენა თქვენი სტილისა თუ ხედვის ჩამოყალიბებაში?

„საქართველოში მოგზაურობამ და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობების ახლოს გაცნობამ ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით მთიანი რეგიონების პრიმიტიულმა კულტურამ და დღემდე შემორჩენილმა სახელოსნო ტექნიკებმა. ამან სურვილი გაგვიჩინა ახალ კონტექსტთან ერთად შეგვენარჩუნებინა, გადაგვეაზრებინა ძველი, ადგილობრივი მასალები და ტრადიციული ტექნიკები“.

ამბობენ, რომ გარემო, სადაც ცხოვრობენ პირდაპირ აისახება მათ შემოქმედებაზე. „გავიზარდეთ და ვცხოვრობთ მულტიკულტურულ და ამავდროულად, საბჭოთა გავლენებით სავსე გარემოში, ეს ქაოსური, თან ბევრი ავთენტური ელემენტით სავსე გარემო ჩვენთვის ინსპირაციის წყაროა. საბჭოთა ნარჩენები და მეორადი მასალები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ჩვენს აწმყო მდგომარეობას კარგად გამოხატავს ამის გადააზრება და თანამედროვე სამყაროსთან შერწყმის მცდელობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება“.

როგორია თქვენი M.O. (Modus Operandi) სამუშაო პროცესი? როგორ გარდაქმნით თქვენს ხედვას რეალობად?

„მუშაობის პროცესიც სწორედ, არსებული მასალების ექსპერიმენტალური გამოყენებაა. თავად პროცესი არის ჩვენი ინსპირაციის წყარო. ნამუშევრებიც იმ გარემოს ემსგავსებიან სადაც ვმუშაობთ და ხშირად პირდაპირ გვიყვებიან ელიავას ბაზრობის, მშრალი ხიდის, პარტიზანულად გარდაქმნილი საბჭოთა შენობების ისტორიებს“.

ნივთის დიზაინის პროცესი შემოქმედებით თავისუფლებას აძლევთ: „ხშირად კონცეფციის მიხედვით ვმუშაობთ ფორმაზე და ფუნქციაზე, ზოგჯერ თვითონ ფორმის ძიება არის მთავარი პროცესი“. მასალის კვლევა და მათზე დაუსრულებელი ექსპერიმენტები ის შრომატევადი პროცესია, რომელსაც თითოეული კოლექციის შექმნისას გადიან. „ჩვენი სტუდიოს საქმიანობა ასევე მოიცავს ინტერიერის დიზაინის მიმართულებას. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დამკვეთი იზიარებდეს ჩვენს ხედვას. ახალ სივრცესთან შეხება ჩვენთვის ყოველთვის ახალი გამოწვევაა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ სივრცე თავის ფუნქციას ასრულებდეს და ჩვენს მიერ შექმნილი დიზაინი ინდივიდუალურობას სძენდეს“.

მოგვიყევით თქვენს პირველ პროექტსა და უახლესს პროექტებზე, რომლებსაც Around the Studio ქმნის.

Cafe Iris ჩვენი ბოლო პროექტია, დროებითი კაფეს სოციალური-ინსტალაცია ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში იყო განთავსებული სადაც სტუმრებს ოთხი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ფორმის თავშეყრაზე (gathering) ვეპატიჟებოდით. სწორედ ამ პროექტისთვის, შეიქმნა ახალი ავეჯის კოლექცია, ამ კოლექციის ინსპირაცია კი პრაქტიკაში ავეჯად გარდაქმნილი სხვადასხვა საგნებია. ინსტალაციამ, სტუმრებისთვის სხვადასხვა უნიკალური გამოცდილება შექმნა, ტაძარი კი უშუალო კომუნიკაციის და ინტერაქციული პერფორმანსების სივრცედ აქცია.

Wool Diaries Collection ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

Wool Diaries-ზე მუშაობა ქართულ ტრადიციულ რეწვის ტექნიკას უკავშირდება. ვიკვლიეთ კახური და თუშური თექის ტექსტილის დამზადების ტექნიკები, მივყევით პროცესს და შედეგად მივიღეთ ტექსტილი, რომელიც რბილ ავეჯში გამოვიყენეთ. ჩვენთვის ქართული კულტურის ნაირსახეობები დიდი ღირებულების მატარებელია.

Natural Dust სტუდიოს მეორე პროექტი, ჩვენთვის ამჯერად გამოწვევა იყო შეგვექმნა განათების, ობიექტების და ინტერიერის აქსესუარების დაბალ ბიუჯეტიანი ხაზი. აღნიშნულ კოლექციაში ქართულ თექასთან ერთად გამოვიყენეთ სამშენებლო მასალები, თუნუქი, ქართული კრამიტი და სხვა. ელიავაზე ერთთვიანი სპონტანური მუშაობით, ხანგრძლივი ძიებისა და აღმოჩენების ფონზე საინტერესო პროდუქტი მივიღეთ.

ახალგაზრდა დიზაინერებთან საუბრისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათი ყოველი ახალი პროექტი გამოწვევაა სპონტანური და საინტერესო მოგზაურობის დასაწყებად. მათი მუშაობის ფილოსოფია, ნამდვილად არ არის მარტივი, ის გარკვეულწილად თავისთავში რისკსა და დაუშრეტელ ცნობისმოყვარეობას მოიცავს. მათი საკოლექციო ავეჯის კატალოგების თვალიერებისას მივხვდი, რომ თიკა და ანო ავეჯის შექმნის პროცესის დროს იკვლევენ არა მარტო მასალების ინტელექტუალურ გამოყენების თავისებურებებს, არამედ თითქოს დიზაინის ენისა და სხვადასხვა სახელოვნებო ტექნიკის დახმარებით გვიყვებიან ამბებს აწმყო ყოფიდან.

ფოტო: ანი გაბაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელია რაც სტუდია ჩამოაყალიბეს, ქართულ ბაზარზე ინტერიერის დიზაინის პროექტებზე აქტიურად მუშაობენ, ამავდროულად, მათი საქმიანობის მთავარი მიმართულება საკოლექციო ავეჯისა და ნივთების შექმნაა. უახლოესს მომავალში საერთაშორისო ბაზრებზეც აპირებენ მათი საკოლექციო ნამუშევრების საგამოფენო სივრცეებში გატანას. არ სურთ პროფესიული განვითარების შეწყვეტაც და პარალელურად სწავლის გაგრძელებას პროდუქტის დიზაინის მიმართულებით გეგმავენ.