ესთეტიკური მედიცინა — არაქირურგიული ქირურგიის ხელოვნება

როგორც თავად ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილი ამბობს, ბავშვობიდან ექიმობა სურდა – სხვა პროფესიაში საკუთარი თავი არასდროს წარმოედგინა. დედაც ექიმი ჰყავდა და როგორც ჩანს, არც არასდროს უფიქრია, რომ სხვა პროფესიას აირჩევდა – ყველაზე მეტად, ბავშვთა კარდიოლოგია აინტერესებდა. რეალურად ასეც მოხდა, მაგრამ, ცხადია, მყისიერად და არც თუ ისე სწორხაზოვნად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. სამედიცინო ფაკულტეტზე მხოლოდ ოცდაშვიდი წლის ასაკში ჩააბარა, მანამდე კი ბიოქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა და ამ მიმართულებით ბაკალავრიატი და ასპირანტურა დაამთავრა. მოგვიანებით, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას დერმატოლოგია აირჩია და კოსმეტოლოგია აღმოაჩინა – პროფესია, რომელმაც ესთეტიკურ მედიცინამდე მიიყვანა.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

დღეს, ესთეტიკური მედიცინა ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „ჩემთვის, ესთეტიკური მედიცინა სამსახურიცაა და ჰობიც და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემთვის ამ სფეროში მუშაობა – დიდი სიამოვნებაა და ერთგვარი „მედიტაციაც“, – მიყვება ქალბატონი თამარი სამსახურზე რომ ვეკითხები. როგორც ჩანს, მისი ეს ინტერესი ორმხრივია, მით უმეტეს, რომ ბოლო წლებში, ესთეტიკური მედიცინით საქართველოსა და მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.

თუმცა, იყო დრო, როდესაც მედიცინის ამ მიმართულების შესახებ არავინ იცოდა. „ამ სფეროში 1999 წელს აღმოვჩნდი, როცა ესთეტიკური მედიცინის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი“, – იხსენებს ქალბატონი თამარი. „საზღვარგარეთ ტრენინგზე ვიყავი და ჩამოსვლის შემდეგ სხვადასხვა ადამიანებთან საუბარში ბოტოქსი, მეზოთერაპია და შემავსებლები რომ ვახსენე,თითქმის არავინ იცოდა, თუ რაზე ვლაპარაკობდი“. დღეს ვითარება განსხვავებულია და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ესთეტიკური მედიცინა და ინიექციური პროცედურები ისეთივე მოთხოვნადია, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ამასთანავე, დროთა განმავლობაში, ჩვენს სფეროში გამოყენებული მეთოდები და მუშაობის ტექნიკა თანდათანობით დაიხვეწა და ესთეტიკური მედიცინა, რომელიც ძვირადღირებულ სიამოვნებად ითვლებოდა, ყველასთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა.

როგორც ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილი ამბობს, მისი საქმიანობის პოპულარობის, მის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და გამოყენებული პრეპარატების მაღალი ხარისხისა და შედარებითი რენტაბელობის ფონზე, ესთეტიკური მედიცინა ჩამოყალიბდა იმ მიმართულებად, რომელიც ძალიან ბუნებრივად ჯდება სამედიცინო ტურიზმის კონტექსტში. „ჩვენთან ძალიან მაღალი კატეგორიის ექიმები არიან“, – ამბობს ქალბატონი თამარი, რომელიც თავად ორასამდე საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს, მათ შორის ამერიკის ესთეტიკური აკადემიის დიპლომსაც. „საერთაშორისო კონგრესებზე მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ერთად გვერდიგვერდ ვსხედვართ: ზოგჯერ, ისინი გვასწავლიან, ზოგჯერ კი, ჩვენ ვასწავლით მათ. ამასთანავე, ჩვენ იდენტურ პრეპარატებს, პროცედურებსა და სამუშაო ტექნიკას ვიყენებთ“.

ესთეტიკურმა მედიცინამ, როგორც სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მიმართულებამ, ბოლო დროს ფეხი აიდგა – ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ამ სერვისების მისაღებად, საქართველოში უამრავი ტურისტი ჩამოდის. „ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს, რადგან ხშირ შემთხვევაში, აქ ჩამოსვლისთვის, პროცედურების ჩატარებისთვის, რამდენიმე დღით დარჩენისა და შინ დაბრუნებისთვის მათ გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა უხდებათ, ვიდრე ანალოგიური სერვისების გაწევისთვის თავიანთ მშობლიურ ქვეყნებში“, – ამაყად ამბობს ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილი.

თუმცა, ამგვარი დაინტერესება დიდი პასუხისმგებლობაცაა და მნიშვნელოვანია, რომ პროცედურების ხარისხი, სულ მცირე ერთ დონეზე შენარჩუნდეს და დროთა განმავლობაში აღნიშნული სამედიცინო მიმართულების სწრაფი განვითარების შესაბამისად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. „აღნიშნული პროცედურები მხოლოდ უმაღლესი და სპეციფიკური სამედიცინო განათლების მქონე ექიმებმა უნდა ჩაატარონ, რადგან იმის გარდა, რომ პროცედურები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს საუკეთესო საბოლოო შედეგის მისაღებად, არსებობს უამრავი გართულება, რომელთა დანახვა და მართვა მხოლოდ უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმებს შეუძლიათ“, – ამბობს ქალბატონი თამარი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ საკითხის რეგულირების აუცილებლობა, არამედ მისი აღსრულებაც.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ესთეტიკური მედიცინის პროცედურების ხარისხი თამარ ციციშვილი-ქაუგილისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი კარიერის დიდ ნაწილს ის სწორედ განათლებას უთმობს. ცხადია, საუბარია, როგორც საკუთარ განათლებაზე, რასაც ქალბატონი თამარი სასერტიფიკატო კურსების გავლით, საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებზე დასწრებით ახერხებს, ასევე შემდეგი თაობის აღზრდაზეც – იგი ხშირად სთავაზობს კოლეგებსა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სემინარებსა და ლექციებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. ამასთანავე, ქალბატონი თამარი გახლავთ საერთაშორისო კონფერენციების სპიკერიც. „ესთეტიკური მედიცინის საგანმანათლებლო კუთხით სერიოზული სამომავლო გეგმები მაქვს“, – ამბობს ქალბატონი თამარი, რომლისთვისაც საკუთარი ცოდნისა და მრავალწლიანი გამოცდილების ახალი თაობებისთვის გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანია.

თუმცა, ესთეტიკური მედიცინა ერთადერთი საგანმანათლებლო მიმართულება არ არის, რომელშიც თამარ ციციშვილი-ქაუგილი არის ჩართული, რადგან საკუთარ ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, ის „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ – GAU ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრიცაა. „GAU იმ მიზნით დავაფუძნეთ, რომ გვსურდა, ქართველ ახალგაზრდებს მიეღოთ საუკეთესო განათლება ქართული და ამერიკული საგანმანათლებლო ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გააზრების საფუძველზე“, – ამბობს ქალბატონი თამარი და ასევე აღნიშნავს, რომ დღეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები უკვე ყველა მიმართულებით მოთხოვნადი პროფესიონალები არიან.

ცხადია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად ვითარდება თავად უნივერსიტეტიც, რომელსაც 2017 წელს, სამედიცინო ფაკულტეტიც დაემატა. ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილის შეფასებით, აღნიშნული ფაკულტეტი ქართველ და უცხოელ სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს საკმაოდ კონკურენტულ გარემოში. ქალბატონ თამარს ვკითხე, უნივერსიტეტში სწავლება თუ აინტერესებს, რადგან ამ ნაბიჯს ქალბატონი თამარის აზრით ძალა შესწევს მისი კარიერული განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს.

„სამომავლოდ შესაძლებელია, თუმც ჯერჯერობით კათედრის პროფესორობა არ დამიგეგმავს. ამ ეტაპზე, საკუთარი პროფესიული სრულყოფა უფრო მეტად მაინტერესებს და ამიტომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. უნივერსიტეტში ესთეტიკური მედიცინის ფაკულტეტი რომ გვქონდეს, სიამოვნებით ვასწავლიდი ანატომიას, ბიოქიმიას, კონტურული პლასტიკისა და ბოტულინოტოქსინის ინიექციების პროცედურების ჩატარების ხელოვნებას, ასევე გართულებების მართვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ხომ გეუბნებით, ჩემთვის ეს სამსახურიცაა და ჰობიც“, – დასძენს ქალბატონი თამარი.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ამ ეტაპზე, ქალბატონი თამარი ესთეტიკური მედიცინის საკუთარ კლინიკას, “Klinika XXI Estetyka & Medycyna” უძღვება, რომელიც 6 თვის წინ დააფუძნა. როგორც თავად ამბობს, მისი კლინიკა ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. ქალბატონი თამარი დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში მის კლინიკაში ყველაფერი საათივით აეწყობა და სრულყოფილად იმუშავებს. ამ მიმართულებით, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა მის კლინიკაში პროფესიული კადრების დასაქმებას ენიჭება, რაც, როგორც ქალბატონი თამარი ბრძანებს, ესთეტიკური მედიცინის სფეროში შესაძლებელია, თუმცა არც თუ ისე ადვილად მიიღწევა. არ არის გასაკვირი, რომ ასეთი საკითხების მოგვარებას კვლავ ზოგადი და პროფესიული უმაღლესი განათლების მნიშვნელობის აღიარებამდე მივყავართ.

„ვფიქრობ, ჩვენი განათლების სისტემა ადამიანს სერიოზულ საბაზისო განათლებას აძლევს.უნივერსიტეტში სწავლის დროს, მომავალი პროფესიონალი, ერთი მხრივ, იძენს სათანადო ცოდნასა და განათლებას, მეორე მხრივ, იყალიბებს 21-ე საუკუნისთვის აუცილებელ ზოგად და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას აძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი მწვერვალი დაიპყროს. ასე, რომ ბაკალავრიატის დიპლომი განვითარების კუთხით ახალგაზრდა პროფესიონალისთვის მხოლოდ გზის დასაწყისია და ეს გზა მთელი ცხოვრება გრძელდება“, – ამბობს ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილი, და მისი ეს რჩევა, მის პირად გამოცდილებას ეფუძნება.

„საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და რეზიდენტურა დერმატოლოგიის განხრით დავამთავრე. იმ დროს, ჩემი ხელმძღვანელი ბატონი ალექსანდრე კაციტაძე გახლდათ. იცით, ბატონი ალექსანდრე ვინ არის? ის ფართო განათლების, მაღალი ინტელექტისა და დიდი გაქანების ადამიანია, ჭეშმარიტი პედაგოგი და თავდადებული ექიმი! ცხადია, რეზიდენტურის პარალელურად ინიექციური დერმატოლოგიის მიმართულებით განათლების მიღებაც დავიწყე, თავდაპირველად საფრანგეთში, რადგან საფრანგეთია ესთეტიკური მედიცინის „მშობელი“, – ამბობს ქალბატონი თამარი.

აი, ასე აღმოჩნდა ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილი პირველად საერთაშორისო ტრენინგსა და კონგრესზე საფრანგეთში. „საერთო ჯამში, საფრანგეთში ოცდაერთჯერ ვიყავი, მაგრამ არც ერთხელ დასასვენებლად. ახლო მომავალში ძალიან მინდა პარიზში დასასვენებლად წასვლა ჩემს შვილთან, ანა-მარი ციციშვილ-ქაუგილთან ერთად, რაც მისი დიდი ხნის ოცნებაა. სხვა ქვეყნებიც მოვლილი მაქვს – ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, რომელთაც ძლიერი პროფესიონალები და პედაგოგები ჰყავთ. ამ ქვეყნებს შორის გამოვყოფდი საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც მედიცინის სფეროში რეგულაციის მკაცრი წესები არსებობს. რაც იმის მაუწყებელია, რომ სამედიცინოაპარატურა, პრეპარატები, და აღნიშნულ სფეროში გამოყენებული მეთოდები სკრუპულოზურად მოწმდება, რაც სრული გამჭვირვალობისა და ეკოლოგიურობის გარანტია. განსაკუთრებით საინტერესოა ასევე ბრაზილია, სადაც ექიმები განსაკუთრებული შემოქმედებითობით გამოირჩევიან. ბევრი ახალი ინოვაციური მეთოდის დანერგვაც სწორედ მათი ინიციატივით ხდება“, – ამბობს ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილი, რომლისთვისაც უცხოეთში მოგზაურობა პიროვნული და პროფესიული განვითარების ბუნებრივი გზაა.

როგორც ქალბატონი თამარი აღნიშნავს, საერთაშორისო კონგრესები და კონფერენციები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „ახლა, მაგალითად, „კადავერ“ კურსზე მივდივარ უკვე მესამედ, რაც ესთეტიკური მედიცინის პროფესიონალებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ქირურგებისთვის – ჩვენი სპეციალობა ხომ ფაქტობრივად „არაქირურგიული ქირურგიაა“. ამგვარად, ჩვენ და პლასტიკურ ქირურგებს ერთი და იგივე ცოდნა გვჭირდება – ანატომია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ჰისტოლოგია და ასე შემდეგ“, – ამბობს ქალბატონი თამარ ციციშვილი-ქაუგილი, რომლისთვისაც ესთეტიკური მედიცინა ცხოვრების კრედოა – და ეს მთელი საუბრის მანძილზე იგრძნობა.