უმუშევრობა პანდემიის პირობებში – გლობალური სურათი და საქართველო

პანდემიამ მსოფლიოს ტემპი შეცვალა. ადამიანები იძულებულები გახდნენ, ყოველდღიური რუტინა და ცხოვრების სტილი ეპიდსიტუაციისთვის მოერგოთ. COVID-19 ის სწრაფი დარტყმა აღმოჩდა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის არც პრაქტიკა და არც გამოცდილება არსებობდა. გაუქმებული ვაჭრობა, შეწყვეტილი საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა, დაცარიელებული მაღაზიები – შენელებულმა ეკონომიკურმა აქტივობებმა შემოსავლების შემცირება გამოიწვია. უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა.

გაეროს  სააგენტოს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ბაზრიდან დაახლოებით 225 მილიონი სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი გაქრა. მიღებული მაჩვენებელი 2009 წელს გლობალური ფინანსური  კრიზისის ფონზე დაკარგული სამუშაო საათების მაჩვენებელს ოთხჯერ აღემატება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს გლობალური სამუშაო საათების 8.8 პროცენტი დაიკარგა, რაც შრომის ბაზრისთვის უპრეცენდენტო შემთხვევაა. მიმდინარე პროცესით განსაკუთრებით  ქალები და ახალგაზრდები დაზარალდნენ. მაშინ, როდესაც კაცების დასაქმების მაჩვენებელი 3.9%-ით შემცირდა, მსოფლიო მასშტაბით ქალებთან 5%-იანი კლება დაფიქსირდა. ორგანიზაციის დირექტორის, გაი რაიდერის თქმით, პანდემიის ზეგავლენა დიდია, ვიდრე ეს  სხვა ფინანსური კრიზისებისა და დიდი დეპრესიის დროს, 1930 წელს იყო: „სამუშაო ადგილების შემცირება, ალბათ, 2021 წელსაც გაგრძელდება. თუმცა, შესაძლოა ეკონომიკა მას შემდეგ აღდგეს, რაც ვაქცინაცია დაიწყება“.

უმუშევრობის დონემ ძირითადად საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში იმატა. თუ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში დაუსაქმებელ ადამიანთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი 7.6% იყო , დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში ეს მონაცემი 12.3%-ს უტოლდებოდა. ამასთანავე, 2019 წელთან შედარებით შრომის გლობალური შემოსავალი 3.7 ტრილიონი დოლარით შემცირდა.

უცნაურია, რომ ეკონომიკური რეცესია და შემოსავლების შემცირება  გარკვეულ ადამიანებს არ შეხებიათ და პირიქით, პანდემიის ეფექტი მათზე დადებითად აისახა. ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის ბიზნესისთვის არსებული ვითარება მომგებიანი გამოდგა. არასამთავრობო ორგანიზაცია ოქსფამის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ორი ყველაზე მდიდარი ადამიანი და  ორი მილიარდელი პანდემიის დროს კიდევ უფრო გამდიდრდა. მათივე თქმით, 50 მილიარდელიდან, მხოლოდ სამი მათგანის ბიზნესი დაზარალდა და თუ შევკრებთ 10 წამყვანი მილიარდელის მოგებას 2020 წელს, რაც 540 მილიარდს შეადგენს, პლანეტაზე მცხოვრები მთელი პოპულაციის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. „ეპიდემია სარკესავითაა საზოგადოებისთვის, რომელიც მსოფლიოში არსებულ უთანასწორობას ააშკარავებს“ – ამბობს ბრიტანელი გეოგრაფი და ანთროპოლოგი მელისა ლიჩი. იმავეს ადასტურებს ოქსფამის დირექტორიც, რომლის თქმითაც, გლობალური სიღარიბის დასაძლევად და პრე-პანდემიურ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად ღარიბ ქვეყნებს მდიდრებთან შედარებით 14-ჯერ მეტი დრო დასჭირდებათ.

ბუნებრივია, რომ მიმდინარე ეკონომიკური სიტუაცია საქართველოს მდგომარეობაზეც აისახა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე იზრდებოდა. იანვარი-ივნისის თვეში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 40,000-ით შემცირდა, რაც უმუშევრობის დონის მატებაზე 1.7%-ით აისახა. თუმცა, მესამე კვარტალში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. დასაქმების დონე ივლისი-სექტემბრის თვეში 0.7 პროცენტით აღემატებოდა გასული თვეების მონაცემებს. მიუხედავად ზრდის ტენდენციისა, წინა წლის იმავე პერიოდში დასაქმების უფრო მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა. 2020 წლის მონაცემებით, მატულობდა თვითდასაქმებულთა რაოდენობაც. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ წლის მესამე კვარტალში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მონაცემებზე დაკვირვებით მარტივი შესამჩნევია დასაქმებულთა და უმუშევართა დონეებს შორის სხვაობა გენდერული ნიშნით. ივლისი-სექტემბრის თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალების მხოლოდ 34.4 % არის დასაქმებული, მაშინ, როდესაც მამაკაცების დასაქმების დონე 50.2%-ია. გარდა ამისა, რეცესიის დროს უმუშევრობა ძირითადად ქალებს შეეხოთ. იანვარი-ივნისის პერიოდში დასაქმებული ქალების რაოდენობა 26,000-ით შემცირდა, რაც 2.2-ჯერ მეტია იმ კაცების რაოდენობაზე, რომლებიც აღარ იყვნენ დასაქმებულები. ასევე,  მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდა შეინიშნებოდა ქალებში, ხოლო კაცებში კი შემცირება.  წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მესამე კვარტალში 28,000-ით ნაკლები ქალი და 15,000 ნაკლები კაცია დასაქმებული.

მონაცემები არასრულია, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას მაინც ქმნის. ISET-PI მონაცემებს შორით გენდერულ სხვაობას იმით ხსნის, რომ ეკონომიკურად ძირითადად ისეთი სექტორები დაზარალდნენ, სადაც მთავარ დაქირავებულ ძალას ქალები წარმოადგენდნენ. ხელოვნება, გართობა, საკვების მიწოდების საქმიანობები და სხვა მომსახურებები – ამ სექტორებში ქალების დასაქმება ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქალების მაჩვენებელზე უფრო მაღალია: „2018 წელს, ზემოთ აღნიშნულ სექტორებში სულ 37,900 ქალი მუშაობდა. აქედან 24,700 ქალი დასაქმებული იყო განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების სექტორში. ქალებში უმუშევრობის დონის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს შინამოსამსახურეებზე მოთხოვნის შემცირება. შინამოსამსახურეები კი ძირითადად ქალები არიან(დაახლოებით 99%, 2019 წლის მონაცემებით) გარდა ამისა, სავარაუდოდ პანდემიამ უმუშევრად დატოვა დამლაგებლები, მზარეულები და ძიძები, რამაც გამოიწვია ის, რომ „ახალ“ უმუშევრებს შორის 89% ქალია.“