COVID-19-ის პრევენციის მიზნით გატარებულმა რეგულაციებმა ადამიანებს მისცა საშუალება მეტი დრო გაეტარებინათ სახლში. მეცნიერები დაინტერესდნენ ადამიანის ახალი ცხოვრების სტილით და ბევრი სოციალური კვლევაც ჩაატარეს, მათ შორის ძილის რეჟიმის საკითხზეც.
ორი კვლევის თანახმად, „დარჩი სახლში“ კამპანიების შედეგად ადამიანებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ეძინათ, თუმცა ერთ-ერთ კვლევაში ჩართულმა ავტორებმა აღნიშნეს, რომ ეს ძილი არც თუ ისე ჯანსაღი ყოფილა.
მეცნიერებმა შეადარეს კოლორადოს უნივერსიტეტის 139 სტუდენტის ძილის ხანგრძლივობის მონაცემები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლამდე და მის შემდეგ. კვლევის თანახმად, სტუდენტების ძილის ციკლმა სწავლის ონლაინ ფორმატზე გადასვლის შემდეგ უფრო რეგულარული სახე მიიღო. აშშ-ის მედიცინის აკადემიამ აღნიშნა, რომ ადამიანის ძილის დღიური ნორმა 7 საათს შეადგენს. ონლაინ სწავლებაზე გადასვლამდე სტუდენტების 84%-ს ეძინა 7 საათი და მეტი, ხოლო ონლაინ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ ეს მონაცემი 92%-მდე გაიზარდა.
მეორე კვლევის ფარგლებში, გამოკითხვები ჩატარდა ავსტრიაში, შვეიცარიასა და გერმანიაში, რის შედეგადაც ადამიანებმა აღნიშნეს, რომ მათ ძილი უფრო გაუხანგრძლივდათ. თუმცა ამასთანავე, აღნიშნეს, რომ მათ სულაც უჭირდათ ჩაძინება ან მათი ძილი არ იყო ღრმა. მეცნიერებმა ასევე შეამჩნიეს, რომ რეგულაციების შედეგად მოსახლეობას ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ექპერტები ამ პრობლემების გადაჭრის მთავარ და ეფექტურ ხერხად ფიზიკურ აქტივობას მიიჩნევენ.