20 ივნისიდან საქართველოში მუზეუმები იხსნება

კორონავირუსის პანდემიის პიკის გადავლის შემდეგ საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება ნებადართული გახდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, ამ საქმიანობათა სიას 20 ივნისიდან სამუზეუმო სექტორიც დაემატება.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყველა მუზეუმი, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ფუნქციონირების განახლებას 20 ივნისიდან შეძლებს.

რეკომენდაციებში შედის დამთვალიერებელთა მიმართ ნიღბის ტარების მოთხოვნა, სოციალური დისტანციის დაცვა, ინტერვალები ვიზიტორთა ჯგუფების მიღების საათებს შორის და მუზეუმებისთვის წინასწარ მიწოდებული სანიტარული სითხეებით სივრცის დეზინფექცია.

კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ როგორც დახურული, ისე ღია ტიპის მუზეუმ-ნაკრძალები უკვე მზად არიან ვიზიტორთა მისაღებად.~

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მუზეუმები 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიხურა. მათი უმეტესობა კი, დახურვის შემდეგ, სხვადასხვა ტიპის დისტანციურ აქტივობებს სთავაზობდა დაინტერესებულ პირებს.