ეკონომიკა კორონავირუსის ტყვეობაში

Photo by Markus Spiske

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა ნაშრომი ,,კორონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა“, რომელშიც განხილულია საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქების გზები.

,,აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მსოფლიო დგას არა კლასიკური ტიპის, არამედ თვისებრივად ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე, როცა მისი გამომწვევი მიზეზები არა ენდოგენური, არამედ ეგზოგენური ხასიათისაა, ანუ როცა ეს მიზეზები გენერირებულია არა ეკონომიკაში, არამედ პროვოცირებულია ეკონომიკის ფარგლებს გარეთ არსებული წყაროს – კორონავირუსის – სწრაფი გავრცელებით.“

მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო გაჩნდა ახალი ტერმინი ,,კორონომიკური კრიზისი“(Coronomic Crises), რომელიც რიგი თავისებურებებით განსხვავდება აქამდე არსებული მსოფლიო კრიზისებისაგან.

კორონავირუსმა უკვე მიაყენა ზიანი საქართველოსთვის სტრატეგიულ დარგებს, მათ შორის ტურიზმსა და მომსახურების სფეროს, თუმცა სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი სწრაფად დაუბრუნდეს წარმოების ჩვეულებრივ დონეს და უკეთეს შემთხვევაში გაზარდოს კიდეც.

შექმნილმა სიტუაციამ, ნათლად დაანახა კომპანიებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოების დივერსიფიკაციას. დიდი ალბათობით, კომპანიები, რომლებიც ამჟამად ჩინეთში ოპერირებენ გადაწყვეტენ თავიანთი ქარხნების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანას. ამ პროცესის სწორად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს აქვს რეალური შანსი გადაიქცეს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთთან რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მას ინვესტორებისათვის.

კორონომიკური კრიზისის ეტაპზე მნიშვნელოვანია ეპიდემიის დაძლევა ეროვნულ ეკონომიკაზე მინიმალური ზიანის მიყენებით, ხოლო შემდეგ პოსტ-კრიზისულ პერიოდში საჭიროა ეკონომიკის სტიმულირების კონკრეტული გეგმის შემუშავება და გატარება.

კორონავირუსის ,,მოთოკვა“ ეხლა მთლიანად მედიცინის მუშაკების ხელშია, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეკონომიკა მედიცინის მძევალია.