ისრაელის ჯანმრთელობის სამინისტროში „დეზინფორმაციასთან ბრძოლის შტაბი“ ვაქცინაციის დაწყებიდან მალევე, 2021 წლის იანვარში შეიქმნა. განყოფილებაში 27 ადამიანი მუშაობს. თანამშრომლების უმეტესობა მაღალი კომპეტენციის დეველოპერი, პროგრამისტი ან IT სპეციალისტია, მცირე მხარდამჭერი გუნდი კი სოციალური მედია-მენეჯერებისგან და იურისტებისგანაა დაკომპლექტებული. მათ კეთილშობილური მიზანი აქვთ: მოიძიონ და გაანეიტრალონ დეზინფორმაციის კერები ისრაელის სოციალურ და ტრადიციულ მედიაში. მათ მიერ შექმნილი ალგორითმი არა მხოლოდ აღმოაჩენს დეზინფორმაციის წყაროს, არამედ კარგად ითვლის გავრცელების პოტენციალს 💪. შესაბამისად, „შტაბის“ ინტერესი მხოლოდ ისეთ კერებს უკავშირდება, რომელსაც უარყოფითი გავლენის მოხდენის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვს. მონაცემი ისრაელის იუსტიციის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტს გადაეცემა რეაგირებისთვის, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება მედია კომპანიებს (ფეისბუქი, ტვიტერი, ა.შ.). საფრთხის შემცველი ინფორმაციის წყარო შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში იბლოკება ან უქმდება 😯.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის შტაბის შექმნის ინიციატივა მას შემდეგ დადგა, რაც ისრაელში ვაქცინაციის ტემპი შენელდა ‒ დღეში 100,000 აცრიდან ჩამოვიდა 50,000-ზე და ამის ძირითადი მიზეზი მომრავლებული ფეიქ-ამბები გახდა.
ჯანმრთელობის სამინისტროს ეს ძალისხმევა კარგად მიანიშნებს, თუ რა რანგშია აყვანილი ვაქცინაციის კამპანია. პრემიერ-მინისტრის თაოსნობით ვაქცინაციის პროცესი თავიდანვე „მოინათლა“ როგორც სამხედრო ოპერაცია, რომ ვირუსთან ბრძოლისა და მისი საბოლოოდ დამარცხების ჟინი გაეღვივებინათ. ოპერაცია “Back to Life” ‒ განახლების, გამოცოცხლების, გამოღვიძების კამპანიაა. ვაქცინაციის პირველი ცენტრი კი თელ-ავივის მთავარ მოედანზე, რაბინის მოედანზე გაიშალა ‒ კიდევ ერთი იმუნიზაციის მნიშვნელობის დემონსტრაცია. რასაკვირველია, აქ არ აღვნიშნავთ კომუნიკაციის მასშტაბს და მრავალფეროვნებას ‒ ისრაელის სახელმწიფომ არა მხოლოდ ორჯერ და ზოგიერთი ცნობით, სამჯერ მეტიც გადაიხადა ვაქცინაში, არამედ მილიონები დახარჯა და ხარჯავს სხვადასხვა ღონისძიებაში, სხვადასხვა საინფორმაციო და სარეკლამო არხში ვაქცინაციის წასახალისებლად.
ისრაელმა კარგად იცის, თუ რა უჯდება ქვეყნის ეკონომიკას ლოქდაუნის თითოეული დღე და ის შეფერხება, რასაც პანდემია ქმნის და ამიტომაც, არ იშურებს ძალას, ენერგიას და თანხას, რომ ვაქცინაცია სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნები ‒ აშშ-მ თებერვალში უპრეცედენტო მასშტაბის, $500 მლნ-იანი კამპანია ჩაუშვა, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ გიგანტი კერძო კორპორაციებიც მონაწილეობენ. კამპანია 6 ენაზე მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ჩართულობით. აღარ მოვიყვან მაგალითად დიდ ბრიტანეთს, ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებს, მათ შორის, არც თუ ისე მდიდარ ქვეყნებს.
ჩვენი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში (საქართველოში COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა) საინფორმაციო კამპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა მაღალი კომპეტენციითაა შედგენილი და ეფუძნება კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებსა და კვლევებს. ეს აკადემიური დოკუმენტი საფუძველია, ხოლო რეალურად კი კამპანიისთვის ნეთანიაჰაუსის მსგავსი სულის შთაბერვას უკვე უფრო მაღალი ეშელონების ნება სჭირდებოდა. თუმცა, ეს ნება არ ჩანს და ოფიციოზი კამპანიის არდაწყების რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ მიზეზზეც საუბრობს:
არ ვიცოდით, რა ვაქცინა შემოვიდოდა და ამიტომ არ გავაკეთეთ: 🙂
ვიცოდით, რადგან ვაქცინაციის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში აღწერილია სამი სცენარი და აღნიშნულია მოდერნას, ფაიზერისა და ოქსფორდ-ასტრაზენეკას ვაქცინები. ამას დაუმატეთ ჩინური ვაქცინა, რომელზეც საუბარი ღიად მიმდინარეობდა იანვრიდან. შესაბამისად, თითოეულ ამ ვაქცინაზე ადეკვატური ინფორმაციის მომზადება თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდებოდა მისი შემოტანისთანავე. ხელმისაწვდომობაში ვგულისხმობ, როგორც მინიმუმ, ოფიციალურ რესურსებში განთავსებას სხვადასხვა ენაზე, არასამეცნიერო ტერმინებით, საინფორმაციო მასალების მიწოდება არა-ონლაინ არხებშიც. უნდა მომხდარიყო ამ ინფორმაციის რეგულარულად განახლება საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ.
ბრენდს აქვს მნიშვნელობა ნამდვილად, თუმცა ესეც არ იქნებოდა დაბრკოლება, მთავრობა რომ ზემოთაღნიშნული სულისკვეთებით მოქმედებდეს. ვაქცინაციის სიკეთეების კამპანია არ ნიშნავს ერთი რომელიმე მწარმოებლის პრომოუშენს, არამედ, მარტივად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ყველა ფენის მობილიზებას ამ პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის. რომ არ ვახსენოთ ოქსფორდ ‒ ასტრაზენეკას გარშემო ატეხილი აურზაური, დააკვირდით, რა ინფორმაცია ვრცელდება ახლადშემოტანილ ჩინურ ვაქცინაზე. მოზომილად მოსაუბრე ექსპერტებიც კი ვერ მალავენ შეშფოთებას.
ონლაინ სივრცეში, სამთავრობო ვებ-გვერდებზე არა მხოლოდ ინფორმაციის განთავსება იქნებოდა საკმარისი, არამედ ამ გვერდების ოპტიმიზება საძიებო სისტემასთან, რომ დაინტერესებულ ადამიანებს, პირველ რიგში, გადამოწმებული ინფორმაცია ამოუვარდეთ. ესეც ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.
კარგი, ვთქვათ, დავიჯერეთ ეს არგუმენტი ‒ ცოტა დრო ჰქონდათ მოსამზადებლად, ვიდრე დააზუსტებდნენ, რომელი ვაქცინა შემოვიდოდა ‒ ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგაც არ არის ინფორმაცია (გვერდითი მოვლენები, ეფექტურობა, კითხვა-პასუხი და ა.შ.). უბრალოდ, „დაგუგლეთ“ და თავად დარწმუნდით, რა მონაცემს გთავაზობთ საძიებო სისტემა ‒ ყველაფერს, გარდა ოფიციალური ინფორმაციისა.
ჯერ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინა და წინმსწრები კამპანია გადაყრილი ფულია:
აქ ორი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ: პირველი ის, რომ ვაქცინაცია უკვე დაიწყო წინმსწრები კამპანიის გარეშე, უფრო სწორად, წინმსწრებად ძირითადად, ანტივაქსერები აქტიურობდნენ და კარგადაც მოახერხეს აუდიტორიის მოზიდვა. და მეორე ‒ ამიტომაც ხდება, რომ დღემდე მხოლოდ 34897 ადამიანია აცრილი, რაც დღეში საშუალოდ 760 აცრაა. ამ ტემპით მოსახლეობის 60%-ის აცრას (კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად საჭირო რაოდენობა) დაახლოებით 7 წელი დასჭირდება 😯.
ერთთვიანმა პატარა ექსპერიმენტმა ნათლად დაგვანახა, რომ მცირე რაოდენობის დოზების ათვისებაც კი ვერ მოვახერხეთ და ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი არის მხოლოდ და მხოლოდ დაბალი ნდობა და მაღალი სკეპტიციზმი. ყველაზე დიდი უნდობლობით კი, როგორც აღმოჩნდა, გამოირჩევიან ექიმები და სამედიცინო პერსონალი.
არ გვეგონა, რომ ექიმებსაც კამპანია დასჭირდებოდათ: 🤦♀️
ეგონათ, რადგან ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში სამედიცინო პერსონალი საკომუნიკაციო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აუდიტორიაა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სამედიცინო პერსონალის აცრა პირველ რიგში ხდება და ყველა ქვეყანაში გადამწყვეტია მათი დამოკიდებულება და ქცევა. ექიმების რეზისტენტულობას კოვიდის ვაქცინის მიმართ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვხედავთ და საქართველოც არაა გამონაკლისი. ერთი მცირე განსხვავებაა: არაერთი გლობალური კვლევით, ექიმების მზაობა თითქმის ემთხვევა, ზოგადად, მოსახლეობის მზაობას (არ არის მეტი), მაგრამ ეს მაჩვენებელი რადიკალურად იცვლება, როდესაც საუბარია ე.წ. ფრონტ ლაინ მედპერსონალზე, ანუ მათზე, ვინც კოვიდის მკურნალობაშია ჩართული. პირადი გამოცდილება და ცოდნა დიდწილად განსაზღვრავს მათ ძალიან მაღალ მზაობას (70%-80%), თუმცა არა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ. შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყვნენ „იმედიანად“ მთავრობის მესვეურები, რომ წინა ხაზზე მომუშავე ექიმებში მაინც იქნებოდა მაღალი ინფორმირებულობა 😞 (მოვიფიქრე გამართლება).
გაცხადებულ მიზეზებს დავუმატოთ კამპანიის არდაწყების სავარაუდო მიზეზები, რომელზეც ოფიციალურად არ საუბრობენ, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ გარემოებებსაც აქვთ არსებობის უფლება:
- კამპანია ჰგონიათ ერთი ან ორი „კლიპი“ და არ უნდათ „კლიპებში“ ფულის ხარჯვა;
- კამპანია ჰგონიათ, რომ რომელიმე ერთი სამთავრობო სტრუქტურის „პრ“ დეპარტამენტის მოვალეობაა და ვერ გაერკვნენ, რომელი სტრუქტურის რომელ „პრ“ დეპარტამენტს დაავალონ;
- სიტუაცია გაურკვეველია ‒ როდის რა ვაქცინა შემოდის, არავინ იცის და არ უნდათ ხმამაღალი კამპანიით მაღალი მოლოდინი შექმნან. მალე წინასწარ რეგისტრაციას დაიწყებენ და იმდენს კი ჩამოიტანენ, რამდენიც დარეგისტრირდება ‒ მოსახლეობის მაქსიმუმ 20%, რომელიც მტკიცედ არის მზად, აიცრას (IRI-ს ბოლო კვლევის მონაცემი). მეტი რაღა გინდათ!
მაგრამ, მგონი, გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან სანამ მთავრობა ფიქრთა ჭიდილშია, სჭირდება თუ არა კამპანია, მოსახლეობის ზემოთ აღნიშნულ 20%-ში თავად იშვა შესანიშნავი კამპანია ‒ აი, 👍! – ჭეშმარიტად სახალხო ამოძახილი გაისმა: დევიზი, რომელიც თან მოგვიწოდებს და თან მოგვიწონებს, თუ ავიცრებით 👏 .
ფორბსის ახალი პლატფორმა FORBESHEALTH აქტიურად იყენებს ამ ლოგოს და ჰეშთეგს #აიცერი
ფეისბუქის მომხმარებლის თვითშემოქმედების ერთ-ერთი მაგალითი ❤️ 😊
ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც გადარჩენას ვაქცინაში ხედავს. ვიდრე სახელმწიფო დუნედ, უღიმღამოდ, მოგუდულად გვეუბნება სათქმელს, ამ კამპანიის ფარგლებში ენთუზიასტები თავად ქმნიან ფეისბუქ ჯგუფებს, რომ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელონ ყოველდღიურად (მაგ. COVID 19 & ვაქცინაცია | V-Talk Georgia), თავად ადგენენ მორჩენილი დოზებისთვის სარეზერვო სიებს და თავად აკომპლექტებენ მოხალისეთა სიას სხვადასხვა პროფესიისა და მისწრაფებების ადამიანებისგან, რომ აიცრან და იმუნიზაციის პოპულარიზებაში წვლილი შეიტანონ (ავიცრათ (Covid-19)) და ა.შ..
მოსახლეობის ამ ნაწილის ენთუზიაზმის ფონზე, მიუხედავად ვაქცინაციის სავალალო ტემპისა, ხელისუფლება ჯერჯერობით გულგრილად გვპასუხობს: „აი, დარდი, აი ☝️, აი …“.
პ.ს. სტატია აგებულია ჯიპა-ს რეკლამის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი კონცეფციის მოტივებზე. ვაქცინაციის კამპანიის კონცეფციის ავტორები: სალომე კეჟერაშვილი, გია ტყემალაძე, გიორგი ფოფხაძე, მარიამ სონღულაშვილი, თაკო სირაძე. დიდი მადლობა მათ ინსპირაციისთვის. ❤️