სამხრეთ ბრაზილიაში მდებარე სათნოების სახლმა ხანდაზმულებსა და მათ მნახველებს შორის უსაფრთხო კონტაქტის დამყარების მიზნით ,,ჩახუტების გვირაბი“ შექმნა. გვირაბი პოლიეთილენის ბარიერებისგან მოეწყო და ყოველ ბარიერს ოთხი მკლავი აქვს. მოხუცები ახლობლებთან ჩახუტებას პირდაპირი კონტაქტის გარეშე შეძლებენ. იდეა გასულ თვეს, დედის დღის შემდეგ გაჩნდა.
,,ჩვენ შევნიშნეთ, რომ მოხუცებმა მოიწყინეს, რადგან კორონავირუსის გამო საყვარელმა ადამიანებმა მათი მონახულება ვერ შეძლეს. ვიფიქრეთ, უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ ახლობლებთან ჩახუტების საშუალება ექნებოდათ.“ – აცხადებენ თავშესაფრის თანამშრომლები.
დაწესებულებაში სულ 28 მოხუცია განთავსებული. ისინი 17 მაისიდან იზოლირებულნი იყვნენ და გარე სამყაროსთან კონტაქტს მხოლოდ ვიდეოზარების მეშვეობით ამყარებდნენ.
სტატისტიკის მიხედვით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვით, აშშ-ის შემდეგ. ქვეყანაში ვირუსით 49,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.