ახალმა კორონავირუსმა თითოეული ჩვენგანის რეალობა შეცვალა. ერთ-ერთი გამოსავალი, რათა ძველ ყოველდღიურობას დავუბრუნდეთ, ვაქცინის შექმნაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დღეისათვის 70 პოტენციური ვაქცინა გადის შესაბამისი განვითარებისა და ტესტირების ეტაპს. მათ შორისაა ნიდერლანდებში მდებარე ბიოფარმაცევტული კომპანია Janssen Vaccines & Prevention B.V. სწორედ ამ კომპანიის ვაქცინის დამამზადებელ ჯგუფში მუშაობს 2 მეცნიერი ქალი – დოქტორი Rinke Bos და Hanneke Schuitemaker.
ჯერ კიდევ იანვრიდან მოყოლებული, როდესაც ვირუსმა ჩინეთში იფეთქა, მათ დაიწყეს დოკუმენტური ინტერნეტ-სერიების მომზადება სახელწოდებით The Road to a Vaccine („გზა ვაქცინამდე“).
მეცნიერ ქალებთან ინტერვიუ Vogue-მა აიღო. Vogue-ს აინტერესებდა, სავარაუდოდ, როდის იქნება ვაქცინა მზად და რას ნიშნავს იყო 3 შვილის დედა და უმკლავდებოდე ბრძოლას ასეთ დიდ საქმეში. ისინი საუბრისას აცხადებენ, რომ დაამზადეს რამდენიმე ათეული შესაძლო ვაქცინა, რომლიდანაც 10 საუკეთესო აირჩა. ეს 10 ვაქცინა ამჟამად კლინიკურ შემოწმებას გადის და პარალელურად მათი დახვეწა და გაუმჯობესება მიმდინარეობს.
როგორც გაირკვა, აღნიშნული მეცნიერები აქტიურად მუშაობდნენ 2014 წელს დასავლეთ აფრიკიდან წამოსული ებოლა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დასამზადებლადაც. ამჟამად, გამომდინარე მობილობის შეზღუდვებიდან, მუშაობის პროცესი ბევრად რთულია. თუმცა, მათ გათვიცნობიერებული აქვთ, რომ საქმეზე კონცენტრირება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან დასაკარგი დღე არ არსებობს.
მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ, რომ ამორჩეული 10 ვაქცინიდან რომელიმე აუცილებლად იქნება კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პირველი, ყველაზე მძლავრი იარაღი.