ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19-ის სწრაფი ტესტები შეიმუშავა, რომელიც დიაგნოზს, რამდენიმე დღის ნაცვლად, 15-30 წუთში აჩვენებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის დასადგენი ახალი ტესტები არამარტო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, არამედ მსუბუქი და მარტივად გამოსაყენებელია. ვირუსის სწრაფად დადგენის საშუალება, მისივე გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია.
ბილ და და მელინდა გეითსების ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მომავალი ექვსი თვის მანძილზე იგეგმება 120 მილიონამდე სწრაფი ტესტის გამოშვება. Covid-19-ის დასადგენ სწრაფ ტესტებს უშუალოდ კომპანიები Abbott და SD Biosensor შექმნიან.
დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნების სწრაფი ტესტებით მომარაგება 5 დოლარად (ან უფრო ნაკლებად) მოხდება. ამასთანავე, წარმოებული ტესტების 20% ავტომატურად გადანაწილდება დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებზე, რაც მათ კორონავირუსის შედარებით უკეთ გაკონტროლების საშუალებას მისცემს.