გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმის გადასხმა, როგორც COVID-19-ის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი

კორონავირუსით გამოწვეული პანდემია თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მეცნიერები და ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მის დასამარცხებლად ეფექტიანი სტრატეგია შეიმუშავონ. აქედან ერთ-ერთი მიდგომა დაავადებულთათვის ინფექციისგან უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმაა.

27 მარტს ჟურნალში JAMA Network გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც განხილულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმის გადასხმის ეფექტიანობა.

კვლევა შენჟენში (ჩინეთი), 2020 წლის 20 იანვრიდან 25 მარტამდე გრძელდებოდა. დაკვირვება მხოლოდ კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტზე მიმდინარეობდა.

საიდან გაჩნდა პლაზმის გამოყენების იდეა?

საქმე ისაა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა შეიცავს SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ წარმოქმნილ სპეციფიკურ ანტისხეულებს (იმუნოგლობულინი G – IgG). ზოგადად, იმუნოგლობულინებით მკურნალობის მეთოდი ახალი არ არის და ემყარება იმ პრინციპს, რომ სპეციფიკურ ანტისხეულებს ამა თუ იმ ვირუსის თუ ბაქტერიის შებოჭვისა და განეიტრალების უნარი აქვს. კვლევის ფარგლებში გამოიყენეს იმ გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმა, რომელთაც დიდი რაოდენობით ჰქონდათ ასეთი ანტისხეულები.

რა შედეგი მიიღეს?

  • პლაზმის გადასხმიდან 12 დღის განმავლობაში 5-იდან 4 პაციენტში მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS, კოვიდ-19-ის გართულება) ალაგდა;
  • 5-დან 3 სამი პაციენტი მექანიკური სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში;
  • ვირუსული დატვირთვა (ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა) შემცირდა უარყოფით მაჩვენებლამდე;
  • გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობამ მოიმატა;
  • ყველა პაციენტი დასტაბილურდა;
  • 5-იდან 3 პაციენტი ჰოსპიტალიდან გაეწერა, 2 მათგანი კი სტაბილური იყო და ჰოსპიტალში რჩებოდა შრატის გადასხმიდან 37-ე დღეს.

რა შეიძლება დავსკვნათ?

პლაზმის გადასხმამდე ხუთივე პაციენტს უტარდებოდა ანტივირუსული და სტეროიდული თერაპია. მიუხედავად ამისა, ვირუსის რაოდენობა მხოლოდ პლაზმის და მის შემადგენლობაში შემავალი ანტისხეულების გადასხმის შემდეგ შემცირდა. გარდა ამისა, პაციენტების ორგანიზმში მოიმატა გამანეიტრალებელი ანტისხეულების რაოდენობამაც და კლინიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ცხადია, 5 პაციენტის მონაცემების განზოგადება ნაადრევია და მკურნალობის ამ მიდგომის ეფექტიანობის შეფასება პაციენტთა უფრო დიდ ჯგუფს და კლინიკურ კვლევას საჭიროებს. თუმცა, იმ ფონზე, რომ დღეს კოვიდ-19-ის მქონე ინტუბირებული პაციენტების 70% იღუპება და გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმა ადვილად ხელმისაწვდომია, ეს შედეგები მეტად იმედისმომცემია. ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ პლაზმის (შესაბამისად, იმუნოგლობულინების) გადასხმა სრულიად ლოგიკური მიდგომაა და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება.

29 მარტს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა თავის Facebook გვერდზე გამოქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ამ მეთოდის დანერგვაზე მსჯელობა საქართველოშიც მიმდინარეობს.

წყარო: JAMA Network

სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა ბლოგზე: Covid-19 ყველაფერი კორონავირუსზე