17 მარტს გამოქვეყნდა უახლესი კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა სახის ზედაპირზე განსხვავებული დროის განმავლობაში ძლებს.
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახალ კორონავირუსს 72 საათის განმავლობაში შეუძლია იარსებოს ისეთ ზედაპირებზე, როგორიცაა პლასტმასი და ფოლადი. მეცნიერთა თქმით, ზედაპირიდან დაინფიცირების რისკი დაბალია, თუმცა ისინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ამის შესახებ მაინც აფრთხილებენ.
COVID-19 ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა მუყაოს ზედაპირზე, ის ფუნქციას საშუალოდ 24 საათის განმავლობაში კარგავს. ეს ამცირებს იმის რისკს, რომ ფოსტის საშუალებით მუყაოს შეფუთვაში მოთავსებულმა ნივთმა მომხმარებელსა და თანამშრომელს საფრთხე შეუქმნას.
„სასურსათო მაღაზიებსა და რესტორნებში გამოყენებულმა კონტეინერებმა და სპეციალურმა ჩანთებმა, თეორიულად, შეიძლება ინფიცირების რისკი გაზარდოს. ჩვენ ამაზე ფიქრით შეიძლება გავგიჟდეთ, რადგან თეორიულად ყველაფერი შეიძლება იყოს ინფიცირების გავრცელების წყარო“- განაცხადა ექიმმა ლინზი მარიმ.