EBRD-ისა და ADB-ის პრეზიდენტებმა დაადასტურეს მზაობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დაბრუნებაში დაეხმარონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ, ვიდეოკონფერენცია გამართა.

ვიდეოკონფერენციისას ყურადღება მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე გამახვილდა. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც საქართველომ, შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად დღეს ხორციელდება.

აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-ისა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე – სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე იქნება ორიენტირებული.

საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომლებიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ი და ADB-ი საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების, უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანსა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია.

მთავრობის მეთაურმა EBRD-სა და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.