„ქალებისა და გოგონების ცხოვრებაზე კორონავირუსს დამანგრეველი სოციალური და ეკონომიკური შედეგები აქვს“. – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშიმ 9 აპრილს.
მისი თქმით, პანდემია დიდ როლს თამაშობს უკვე არსებული უთანასწორობის გაღრმავებაში, რამაც შესაძლოა ბოლო 25 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეულ პროგრესს მნიშვნელობა სრულიად დაუკარგოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის ფონზე სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი სწორედ მამრობითი სქესის წარმომადგენლებში ფიქსირდება, სიღარიბის საფრთხის წინაშე სწორედ ქალები არიან, რადგან ისინი მამაკაცებთან შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებენ.
სკოლების დახურვისა და პანდემიით გამოწვეული სხვა მიზეზების გამო ანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვის პარალელურად, ქალების საზრუნავს არაანაზღაურებადი სამუშაოც ემატება, რომელიც ოჯახში შრომას გულისხმობს.
„ამჟამინდელი გამოწვევები ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების წინააღმდეგ ისე გაერთიანდნენ, როგორც არასდროს.“-აცხადებს გუტერეში.
გუტერეშის თქმით, 25 წლის წინ გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაეროს პეკინის კონფერენცია გაიმართა, რომელზეც წევრი ქვეყნების მიერ მიზნის მისაღწევად 150 გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს.
„სანაცვლოდ, მთელი ამ დროის განმავლობაში მიღწეული მცირე პროგრესი COVID-19-ის გავრცელების ფონზე რისკის ქვეშაა.“
გუტერეშის განცხადებით, მიღწეული პროგრესის დაბრუნებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, ამიტომაც ის მოუწოდებს სახელმწიფოებს, ქალთა უფლებების დაცვისთვის სათანადო ზომები მიიღონ. გენერალურ მდივანს ამ მიზნის მისაღწევად ეფექტურ გზად ქალების მმართველ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე დასაქმება, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ქალების არაანაზღაურებადი შრომის სათანადოდ დაფასება მიაჩნია.
გუტერეში საზოგადოებას ახსენებს, რომ ბოლო წლის მონაცემებით, 5-დან 1 ქალი ძალადობის მსხვერპლია და მათ უმრავლესობას პანდემიის ფონზე მოძალადეების გარემოცვაში უწევს ცხოვრება.