ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის პერსპექტივებზე ისაუბრეს. პანელისტებს შორის იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორები: მარტინ რეიზერი(ჩინეთში, მონღოლეთსა და კორეაში) და არუპ ბანერჯი(ევროკავშირის ქვეყნებში).
დისკუსიაზე განიხილეს იმ ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც შედარებით წარმატებით გაართვეს თავი პანდემიას და უკვე დაიწყეს ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი, მათ შორის ჩინეთი, სამხრეთ კორეა, გერმანია და შვედეთი. ამასთანავე, ხაზი გაესვა იმასაც, რომ თითოეული ქვეყნის შემთხვევა ძალიან სპეციფიკურია და დამოკიდებულია როგორც ეკონომიკის მოცულობასა და ეკონომიკური განვითარების კრიზისამდელ დონეზე, ისე სოციალურ გარემოსა და ბევრ სხვა ფაქტორზეც. ამიტომ, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უნდა შევისწავლოთ სხვა ქვეყნების წარმატებებისა და შეცდომების მაგალითები, მაგრამ არა პირდაპირ გავიმეოროთ, არამედ შევიმუშაოთ კონკრეტულად საქართველოზე მორგებული სპეციფიკური მოქმედების გეგმა.
არუპ ბანერჯიმ გამოყო ის 5 ძირითადი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია გადადგას ყველა ქვეყანამ: 1. საყოველთაო კარანტინი 2. მასობრივი ტესტირებები 3. ინფიცირებულთა კონტაქტების მეთვალყურეობა 4. კონტაქტების დადგენის შედეგად გამომჟღავნებული ადამიანების იზოლირება 5. დაავადებულთა მკურნალობა.
„საყოველთაო კარანტინის დაწესებით მხოლოდ დროებით ვამსუბუქებთ პრობლემას და თუ სხვა არაფერს მოვიმოქმედებთ, კარანტინის დასრულებისთანავე დაავადება კვლავ შემოგვიტევს“- ამბობს არუპ ბანერჯი.
მარტინ რეიზერიც ფიქრობს, რომ არსებობს ეპიდემიის მეორე ტალღის მაღალი რისკები, თუ ყველა ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ და არ შეგვეძლება ადამიანების ძალიან სწრაფად დატესტვა, იზოლირება და მკურნალობა, ძალიან რთული იქნება ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესის წარმატებით განხორციელება.
რეიზერსის აზრით მტკივნეული ეკონომიკური შეზღუდვები და საყოველთაო კარანტინი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოვიგოთ დრო რესურსების მოსაბილიზებლად და შევძლოთ როგორც ადამიანების, ისე ბიზნესების დახმარება. ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესი კი უნდა იყოს ეტაპობრივი და ძალიან ნელი. სასურველია თავდაპირველად შეზღუდვები მოეხსნათ მხოლოდ რისკჯგუფში არმყოფ ახალგაზრდებს. ეფექტურია ადამიანების შემთხვევითობის პრინციპით ტესტირებაც.