მკვლევარები, რომლებიც ჰელსინკის საცდელ პროგრამას აკვირდებიან, ამბობენ, რომ ძაღლებს წამებში შეუძლიათ კორონავირუსის იდენტიფიცირება.
ჰელსინკის აეროპორტში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საცდელი პროგრამის ფარგლებში, ოთხი ძაღლია ჩართული კვლევაში. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მალე ექნებათ ვირუსის დადგენის იაფი, სწრაფი და ეფექტური ალტერნატიული მეთოდი.
ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორის, ანა ჰიელმ-ბიორკმანის განცხადებით, ძაღლს კორონავირუსის იდენტიფიცირება 10 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. მან, ასევე, განაცხადა, რომ ეს ფაქტი ძალიან იმედის მომცემია. მისივე თქმით, თუ ეს მეთოდი იმუშავებს, მისი გამოყენება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტესტირებისთვის იქნება შესაძლებელი.
ტესტის დახმარებით მგზავრების კანიდან აღებულ ნიმუშს ძაღლები დაყნოსავენ, შემდგომი ეტაპი კი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტის ჩატარებაა, რომელიც ძაღლის ვარაუდს განამტკიცებს.
უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული წინასწარი ტესტებით, ძაღლებმა, რომლებმაც წარმატებით ამოიცნეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა სიმსივნე და დიაბეტი, შეძლეს ვირუსის იდენტიფიცირება 100%-იანი სიზუსტით, სიმპტომების აღმოჩენამდე რამდენიმე დღით ადრეც კი.
ივნისში გამოქვეყნებული ფრანგული კვლევის მიხედვით, არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულება იმისა, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანის ოფლის სუნი განსხვავებულია. ძაღლებს კი შეუძლიათ ამ განსხვავების დადგენა.
ჰელსინკის აეროპორტის ცნობით, ძაღლებს, ასევე, შეუძლიათ კოვიდ-19-ის იდენტიფიცირება ბევრად უფრო მცირე მოლეკულური ნიმუშიდან, ვიდრე ზემოთ აღნიშნულ PCR ტესტებს. მათ მხოლოდ 10-დან 100-მდე მოლეკულა სჭირდებათ ვირუსის ამოსაცნობად.
ქალაქის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული საცდელი პროგრამის ხარჯი (რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 300 000 ევროს შეადგენს) მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ლაბორატორიული ტესტირებებისთვის საჭირო თანხა.
ფინური ორგანიზაცია Wise Nose ჯამში 16 ძაღლს ამზადებს ამ პროექტისთვის, მათგან ოთხი ოთხშაბათიდან უკვე აეროპორტში იმყოფება და ჩართულია მოხალისე მგზავრების ტესტირებებში.
როგორც ცნობილია, ავსტრალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნების მკვლევარებიც მუშაობენ მსგავს პროექტებზე, თუმცა, ფინეთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც ძაღლები ჩართო კორონავირუსის იდენტიფიცირების პროცესში.