ამერიკის სენატორი მართა მაქსალი WHO-ს გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს, თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზი ორგანიზაციის მიმართ გავრცელებული ბრალდებებია, რომლის თანახმადაც ისინი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში ფარულად ეხმარებიან.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს მათი ინფორმაციის დამალვა. ვფიქრობ, ბატონმა ტედროსმა უნდა დატოვოს თანამდებობა და ჩვენც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ. ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, წარმოუდგენელია, რაც მათ ჩაიდინეს, როცა უამრავი ადამიანი იღუპება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“ – განაცხადა სენატორმა Fox Business-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩინეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის შიდა ინფიცირების დონის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით.
მართა მაქსალი რიგით უკვე მეორე სენატორია, რომელმაც WHO-ს გენერალურ დირექტორს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მიმდინარე კვირაში სენატორმა რიკ სკოტმა ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართ ამავე ბრალდებას გაუსვა ხაზი.