ბიოლოგიური განსხვავების გამო COVID-19-ს ქალები კაცებზე უკეთ უმკლავდებიან

Photo By Macau Photo Agency

COVID-19-ით სიკვდილიანობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. ნიუ-იორკში, სადაც 290,000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევით ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ეპიცენტრია, გარდაცვლილთა 61% მამაკაცია. სხვაობა, ასევე, დიდია იტალიასა და ჩინეთში, სადაც კორონავირუსის ქალ მსხვერპლთა რიცხვი კაცებზე ორჯერ ნაკლებია. მსგავსი სიტუაციაა ავსტრალიაშიც, სადაც, თითქმის, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ქალების სიკვდილიანობა კაცებთან შედარებით დაბალია.

ეს მაჩვენებლები კიდებ უფრო შთამბეჭდავია იმის გათვალისწინებით, რომ ქალები, საშუალოდ, 6 წლით უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები. შესაბამისად, მოწყვლად ჯგუფებში ქალი გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცი.

ამ, ერთი შეხედვით, უცნაურ სტატისტიკას, ძირითადად, ბიოლოგიური განსხვავებები განაპირობებს.

იმუნიტეტი – ცნობილია, რომ ქალებს კაცებზე ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, ხოლო, კარგი იმუნიტეტი ვირუსებთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

ტესტოსტერონი – ტესტოსტერონის მაღალი დონე მამაკაცებს მიდრეკილს ხდის რისკიანი ქმედებებისკენ. კაცებში შედარებით ხშირია მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ჯანმრთელობის ნაკლებად გაფრთხილება და სხვა სარისკო ქმედებები, რომლებიც მთლიანობაში მათ ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამ ფაქტის ექსტრემალური მაგალითია ჩინეთი, სადაც კაცების, თითქმის, 50% მწეველია, ხოლო ქალების კი – მხოლოდ 2%.

ესტროგენი – ქალებს ამ ჰორმონის შედარებით მაღალი დონე აქვთ, რაც მათ სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს. მათ შორისაა გულის დაავადებები, რომლებიც კორონავირუსისგან გარდაცვალების რისკს ზრდიან.

X ქრომოსომა – მამაკაცებს X ქრომოსომის მხოლოდ ერთი ასლი აქვთ, ხოლო ქალებს – ორი. X ქრომოსომა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ფუნქციით აღჭურვილ 1000-ზე მეტ გენს შეიცავს. ორი X-ის არსებობა ერთგვარი დაზღვევაა ქალებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთში გენი მუტაციას განიცდის.

მთლიანობაში, ახალი ტიპის კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკა დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია, – ქალები სხვა ბევრ დაავადებასაც კაცებზე ბევრად უკეთესად უმკლავდებიან.