კორონავირუსთან მებრძოლი ეპიდემიოლოგებისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინფიცირების დინამიკის ზუსტი აღრიცხვაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ოფიციალური სტატისტიკა ვირუსით დაავადების მხოლოდ იმ შემთხვევებს აჩვენებს, როცა დაავადებულის ტესტირება მოხდა. ამიტომ, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების რეალური მასშტაბი გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე გვგონია.
სწორედ ამას აჩვენებს ლონდინის იმპერიული კოლეჯის პროფესორების, ნილ ფერგიუსონისა და სამირ ბატტის, ხელმძღვანელობით ჩატარებული ახალი კვლევაც. 62 მეცნიერისაგან შემდგარმა ჯგუფმა დასავლეთ ევროპის 11 ქვეყანაში ვირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემები შეაგროვა, რომლის შესაბამისი მათემატიკური მოდელით დამუშავების შემდეგ მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ევროპაში ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევებიდან მარტის დასასრულამდე, შესაძლოა, ინფიცირებუთა რეალური რაოდენობა 18.5 მილიონს აღწევდეს (ცდომილება 7 მილიონიდან 43 მილიონამდე), მაშინ, როცა, ოფიციალური მონაცემებით, იმავე რიცხვი 319 500 ადამიანია.
მეცნიერების შეფასებით, COVID-19-ის რეპროდუქციის მაჩვენებელი 3.9-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ერთი ინფიცირებული ადამიანი, საშუალოდ, 4 სხვას აინფიცირებს. ამიტომაც, ვირუსის გადაცემა საწყის ეტაპზე უჩვეულოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დროულად მიღებული საკარანტინე ზომების შემთხვევაში, ვირუსის გადაცემის სიჩქარე და მასთან ერთად დაავადებულთა რაოდენობა, სწრაფად იკლებს. კვლევის დასკვნების თანახმად, შესწავლილ 11 ქვეყანაში სწორედ საკარანტინო ზომებისა და სწრაფი იზოლაციის შედეგად, 21 000-დან 120 000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.