უკრაინის ადგილობრივი ფარმაცევტული მწარმოებლები პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პირობებში მედიკამენტების მიწოდების საკითხების დროულად და ორგანიზებულად მოგვარებაა.
განცხადება უკრაინის მედიკამენტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრებმა, რომელიც უკრაინის წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს აერთიანებს, პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ასოციაციის პრეზიდენტის, პიოტრ ბაგრის თქმით, სამუშაო ჯგუფმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაჭრას პრობლემები. მან აღნიშნა, რომ სირთულეები არსებობს ნივთიერებების მომარაგების, შეფუთვისა და მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომაც, კარგი იქნებოდა ერთგვარი „შტაბის“ შექმნა და საქმიანობის დაგეგმვა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, რათა დაეხმარონ შიდა მწარმოებლებს არსებულ გამოწვევებთან სწრაფად გასამკლავებლად და უკრაინის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად.
კომპანიის Indar სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლიუბოვ ვიშნევსკაიამ გააცხადა, რომ უკრაინის მთავრობა უნდა გაერთიანდეს ნივთიერებების მომარაგების პრობლემის გადასაჭრელად და ხაზი გაუსვა მედიკამენტების შესახებ ახალი კანონის მიღების აუცილებლობას.
ფარმაცევტული კომპანიის „იური-ფარმა“ გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი დერკაჩმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი ფარმაცევტული მწარმოებლები ხშირად აწყდებიან ნედლეულის მომარაგების პრობლემებს.
”ჩვენ საბოლოოდ უნდა გავიაზროთ, რომ არ უნდა ვიყოთ საგარეო დახმარების იმედზე”
ფარმაკოლოგიური კომპანია „ფარმაკის“ დირექტორმა, ვიტალი უსენკომ კი განაცხადა, რომ COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე ქვეყნებმა დაიწყეს საზღვრების ჩაკეტვა და აკრძალეს საქონლის ექსპორტი.
„ჩვენ უკრაინაში უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის იმედი გვქონდეს. ამისთვის საჭიროა სტრატეგიული გეგმა წარმოების განვითარებისთვის, რომელიც საკმარისი იქნება მოსახლეობის გადაუდებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“