თაღლითობა ევროპაში – მილიონებად გაყიდული არარსებული პირბადეები

Photo By europol.europa

ევროპოლისა და ინტერპოლის საერთო საქმის ფარგლებში ჯანდაცვის ადმინისტრაციისთვის მილიონობით ევროს ღირებულების არარსებული პირბადეების მიყიდვის მცდელობა გამოაშკარავდა. გამოძიებაში გერმანიის, ირლანდიის, ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ინსტიტუტები და ხელისუფლება იყო ჩართული.

მარტის შუა რიცხვებში, გერმანიის ჯანდაცვის წარმომადგენლები ციურიხსა და ჰამბურგში ორ სავაჭრო კომპანიას შეუთანხმდნენ, რომ 15 მილიონი ევროს ღირებულების პირბადეებს შეიძენდნენ. სამედიცინო აღჭურვილობის გლობალური დეფიციტიდან გამომდინარე, სიტუაცია ნაცნობ მომმარაგებლებთან გართულდა და შემსყიდველებმა ახალი კონტაქტების ძიება დაიწყეს.

თავდაპირველად ისინი, ერთი შეხედვით, ლეგიტიმურ ვებგვერდს დაუკავშირდნენ ესპანეთში, რომელიც პირბადეებს ყიდდა. შემსყიდველებმა არ იცოდნენ, რომ საიტი ყალბი იყო, მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები კი – მოპარული.

მოლაპარაკებები ელ.ფოსტის საშუალებით მიმდინარეობდა. კომპანია თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ 10 მილიონი პირბადე ჰქონდა, თუმცა, რამდენადაც მიწოდებას თავად ვერ მოახერხებდა, მყიდველები ირლანდიაში, „სანდო“ მიმწოდებელთან გადაამისამართა. ირლანდიელმა შუამავალმა კი შემსყიდველები სხვა მომმარაგებელთან გაუშვა, ამჯერად – ნიდერლანდებში.

თავდაპირველი მიწოდებისთვის 1.5 მილიონ პირბადეზე შეთანხმდნენ, რაც €1.5 მილიონის წინასწარ ჩარიცხვას ითვალისწინებდა. მყიდველებმა თანხა საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გადაიხადეს და დაიწყეს მზადება მიწოდებისთვის, რომელიც 52 სატვირთო მანქანას ნიდერლანდებში მდებარე საწყობიდან გერმანიაში, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე, პოლიციის ესკორტის თანხლებით უნდა შეესრულებინა.

მიწოდების თარიღამდე სულ ცოტა ხნით ადრე, შემსყიდველებს შეატყობინეს, რომ თანხა არ მიუღიათ და საქონელის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო 880 000 ევროს ჩარიცხვა ჰოლანდიელი მიმწოდებლისთვის, თუმცა, მიუხედავად გადარიცხული თანხისა, პირბადეები არ გამოჩენილა.

როგორც აღმოჩნდა, ჰოლანდიური კომპანია მართლაც არსებობს, თუმცა მათი ვებგვერდი კლონირებული იყო და შეკვეთის ოფიციალური ჩანაწერი არ არსებობდა.

მას შემდეგ, რაც მყიდველები მიხვდნენ, რომ მოატყუეს, მაშინვე დაუკავშირდნენ თავიანთ ბანკს გერმანიაში და დაიწყეს საერთაშორისო ძიება თანხის კვალის მისაგნებად.

ევროპოლმა მაქსიმალურად გამოიყენა მისი ფინანსური დაზვერვის მონაცემები. მობილიზდნენ Camden Asset Recovery Inter-Agency Network (CARIN) და Europol Financial Intelligence Public Private Partnership-ის (EFIPPP) კერძო პარტნიორები. გამომძიებლების დამსახურებით მოხერხდა მთლიანი თანხის გამოთხოვა, რომელიც ჰოლანდიაში დააბრუნეს და ხელისუფლებამ გაყინა.

გერმანული კომპანიიდან გადარიცხულ 880 000 ევროს კი ჰოლანდიის ფისკალური ინფორმაციისა და გამოძიების სამსახურმა მიაკვლია. აქედან დაახლოებით 500 000 ევრო, რომელიც განკუთვნილი იყო ანგარიშისთვის ნიგერიაში, უკვე გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში.

ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ნიდერლანდებში უკვე ორი ადამიანი დააპატიმრეს, ახლაც მიმდინარეობს და გამომძიებლები ევროპის მაშტაბით, ევროპოლისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით აგრძელებენ თაღლითობის წინააღმდეგ მუშაობას.