ბორის ჯონსონი COVID-19-ის დამარცხების შემდეგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მოსახლეობას მიმართა. ვიდეოჩანაწერის ძირითადი მიზანი ბრიტანელების გამხნევება და სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვა იყო.

ბორის ჯონსონმა ინდივიდუალურად დაასახელა რამდენიმე ადამიანი ჯანდაცვის ეროვნული სამსახურიდან (NHS). ასევე, განსაკუთრებით გამოყო ორი ექთანი, რომელიც მის საწოლს 48 საათი მეთვალყურეობდა – ახალ ზელანდიელი ჯენი და პორტუგალიელი ლუისი.

„ერთკვირიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საავადმყოფო დღეს დავტოვე. ეჭვგარეშეა, რომ ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა სიკვდილისაგან მიხსნა.“ – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, მკურნალობის პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე დღით ბორის ჯონსონის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანა გახდა საჭირო. დღეის მდგომარეობით, იგი მკურნალობას სახლში აგრძელებს.