COVID-19 მსოფლიოსთვის უკვე ისეთ გამოწვევად გადაიქცა, რომელიც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. ექსპერტები მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გვესაუბრებიან ახალი ეკონომიკური კრიზისის შესახებ. საინტერესოა, როგორ განიცდის ცვლილებებს საქართველოს სამეზობლო და რა გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოს მეთაურები კრიზისის შესამსუბუქებლად.
რუსეთი (დაფიქსირებულია 7,497 შემთხვევა)
2020 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი საკუთარი ძალაუფლების გაზრდა იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – მის ფარგლებს გარეთ. თუმცა COVID-19-ის გამოჩენამ მის გეგმებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა.
“მიუხედავად მაღალი რისკებისა, ყველაფერს ვაკონტროლებთ,“ – განუცხადა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოსახლეობას გასულ კვირას.
ყველაფრის კონტროლის რუსული ვერსია კი ასე გამოიყურება – COVID-19-მა პუტინს ორი ისეთი ღონისძიების გაურკვეველი დროით გადავადება აიძულა, რომელიც მის ძალაუფლებასა და იმიჯს განამტკიცებდა. პირველი 22 აპრილს დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფერენდუმია, რომლითაც მას შესაძლებლობა ეძლეოდა, კიდევ ორჯერ ეყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში. მეორე ღონისძიება კი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე იუბილე, 9 მაისია. რუსეთში ამგვარი იუბილეს მთავარი დანიშნულება, როგორც წესი, არსებული რეჟიმის ლეგიტიმურობისა და ძალაუფლების დემონსტრაციაა.
იანვრის თვეში პუტინმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებდა და ცხოვრების დონეს აამაღლებდა. მან სამთავრობო ცვლილებებიც განახორციელა და მინისტრებად ეკონომიკის მაღალკვალიფიციური მენეჯერები დანიშნა, რომელთაც პროექტები ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროებიდან აქვთ ჩაბარებული.
აღნიშნულ პროექტებს 2024 წლის ბოლომდე ეკონომიკაში 400 მილიარდი დოლარი უნდა შეეტანათ, თუმცა COVID-19-მა გეგმის განხორციელების დაწყებაც კი შეუძლებელი გახადა. უფრო მეტიც, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის – რუსული რუბლი დღითიდღე უფასურდება, რასაც ნავთობის ფასის მკვეთრად დაცემაც ემატება. 2016 წლის შემდეგ ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარს პირველად ჩამოსცდა. ამასთანავე, რუსეთსა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) შორის შეთანხმება ჩაიშალა.
“რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის ფასის ომით საკუთარ თავს ინადგურებენ. ყველაფერს ვიღონებ, რათა შეერთებული შტატების ნავთობის ინდუსტრია დავიცვა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა და არც ის გამორიცხა, რომ ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს მომავალში ტარიფებს გაუზრდის. აღსანიშნავია, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის იმპორტიორი ყველაზე დიდი ქვეყნები არიან შეერთებულ შტატებში.
რუსეთის მთავრობა ახალ რეგულაციებსაც აწესებს. The Moscow Times-ის ცნობით, ე.წ. “არასამუშაო კვირა“ 30 აპრილამდე გაგრძელდება. პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც 7 წლით თავისუფლება აღკვეთა ემუქრება ყველას, ვინც კარანტინის წესებს დაარღვევს, ხოლო 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მას, ვინც კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში იქნება ბრალდებული.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში რუსეთს ადანაშაულებდნენ. რუსეთი მედიას დაინფიცირებულთა შესახებაც არასწორ ინფორმაციას აწვდის. 18 მარტის მონაცემებით, ოფიციალურად რუსეთში 147 ინფიცირებული იყო, გარდაცვლილი კი არცერთი. ეს კი 140-მილიონიანი ქვეყნისთვის მაშინ, როცა პარალელურად საავადმყოფოებში პნევმონიით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა, არარეალური სტატისტიკაა.
“ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოებრივ დისკურსს და სერიოზული ეჭვები გვიჩნდება დაავადებულთა რაოდენობის რეალურობაზე,“ – განაცხადა ნატალია კრაპივამ, ციფრული უფლებებისა და კონფიდენციალურობის დამცავი ორგანიზაციის Access Now იურიდიულმა კონსულტანტმა.
ანასტასია ვასილიევა, “ექიმების ალიანსის” დირექტორი, 2 აპრილს რუსეთის მთავრობის კრიტიკის გამო დააკავეს. ვასილიევა მთავრობას სიცრუის გავრცელებასა და ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებდა.
მიუხედავად ექიმების კრიტიკისა და სამედიცინო სექტორში არსებული მწვავე პრობლემებისა, რუსეთმა იტალიისთვის, შეერთებული შტატებისა და სერბეთისათვის სპეციალური დახმარებების გაგზავნა მაინც გადაწყვიტა. ამავდროულად, იტალიური გამოცემა La Stampa იტყობინება, რომ რუსეთისგან მიღებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აპარატურის 80% გამოუსადეგარია.
პუტინის მსგავს გულუხვობას სხვაგვარად აფასებენ ევროკავშირის კანონმდებლებიც:
“რუსეთის მიერ დახმარების გაგზავნა იტალიისთვის, ამასთანავე, გაეროს წარმომადგენლების განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება, შესაძლოა, წარმოადგენს რუსეთის მცდელობას, შეცვალოს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დამოკიდებულება სანქციებზე.“
ამჟამად ვლადიმერ პუტინის მთავარი ამოცანა, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსი, ზიანის შემცირებაა. ამიტომაც, პუტინისთვის დიდი ამბიციების წელი დიდ განსაცდლის წლად გადაიქცა.
თურქეთი (დაფიქსირებულია 30,217 შემთხვევა)
ეპიდემიისაგან თავი ვერც თურქეთმა დაიცვა და ვირუსი მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიკეტა ყველა პარკი, აიკრძალა მასობრივი შეკრებები, დაიხურა სანაპირო ზოლი ქვეითად მოსიარულეთათვის.
მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს. 27 მარტს გაუქმდა ყველა საერთაშორისო ფრენა თურქეთიდან და თურქეთის მიმართულებით. ასევე, დროებით შეწყდა მეჩეთებში მასობრივი ლოცვები და ყველა სპორტული აქტივობა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მომსახურების სფეროში არსებული პატარა ბიზნესები დაიხურა, ზოგი კომპანია კი დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა. მძიმე მდგომარეობაა ინდუსტრიულ სექტორშიც.
სტამბულში, სადაც თურქეთის მშპ-ის ¼ იწარმოება, ყოველდღიურად საზოგადოებრივ ტრანსპორტს მილიონამდე ადამიანი გადაჰყავს.
“თურქეთმა უნდა გააგრძელოს წარმოება, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, რათა ხელი შევუწყოთ ექსპორტსა და უზრუნველვყოთ პირველადი პროდუქტის მიწოდება,“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა 30 მარტს.
ერდოღანმა თურქეთის მოქალაქეებისათვის დონაციის კამპანიაც წამოიწყო. მისი თქმით, თავის 7 თვის ხელფასს მთლიანად გაიღებს მოქალაქეთა დასახმარებლად. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთის წარმოების შემცირება იძულებულს გახდის ევროპულ ქვეყნებს, მოიძიონ ალტერნატიული მიმწოდებელი, რომელიც თურქეთი გახდება. სწორედ ამიტომ, მილიონობით მუშას მთავრობა ნებას აძლევს, იმუშაონ და გადაადგილდნენ თავისუფლად. ამ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ თურქეთი კორონავირუსის პანდემიას ახალ შესაძლებლობებად უფრო აღიქვამს, ვიდრე – სერიოზულ საფრთხედ.
18 მარტს ქვეყნის მთავრობამ 100 მილიარდი ლირის ე.წ “სტიმულირების პაკეტისათვის“ გამოყოფა დააანონსა, რაც სუბსიდიების გაცემასა და გადასახადების გადავადებას მოიცავს. თურქეთის ეკონომიკისთვის ეს დიდი გამოწვევაა – ვირუსამდეც კი მათი ეკონომიკა და ფინანსური სისტემა შესუსტებული იყო და ჯერ კიდევ 2016 და 2018 წლის ეკონომიკური კრიზისებისგან თავის აღდგენას ცდილობდა.
მიუხედავად ერდოღანის სურვილის თურქეთის შეუჩერებლად მუშაობისა, COVID-19-ის გავრცელების საშიშროებამ ქვეყანაზე ძლიერი ზეგავლენა იქონია. 4 აპრილს თურქეთის 31 პროვინცია ჩაიკეტა, ხოლო 20 წლამდე მოქალაქეებისათვის ნაწილობრივი შეზღუდვები დაწესდა.
გარდა ამისა, გაიმართა ქარხნებში მომუშავეთა პროტესტი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ იზმირსა და სტამბულში. მუშები კორონავირუსის თავიდან ასარიდებლად სახელმწიფოსგან დამცავი ზომების მიღებას მოითხოვდნენ.
პანდემიასთან გასამკლავებლად, თურქეთის 6 სხვადასხვა საპატიმროში მთელი ქვეყნისათვის პატიმრები 1.5 მილიონ ერთჯერადი მოხმარების პირბადეებს ამზადებენ.
საყურადღებოა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთი დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდება. გამოაცხადებს თუ არა ერდოღანი ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებულთათვისაც დასვენებას, ამას რამდენიმე კვირაში გავიგებთ.
აზერბაიჯანი (დაფიქსირებულია 641 შემთხვევა)
აზერბაიჯანის მთავრობამ ჯერ კიდევ მარტის თვის დასაწყისში ირანსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO), კორონავირუსთან საბრძოლველად, 5 მილიონი დოლარი გადაურიცხა. მარტის თვის დასასრულს კი აზერბაიჯანის მთავრობა უკვე თავად ითხოვდა დონაციებს მოქალაქეების, ბიზნესისა და სხვა ორგანიზაციებისგან, რათა დაავადებას გამკლავებოდნენ.
ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ირანშიც მოგზაურობდა. შექმნილ მდგომარეობას სახელმწიფოს რეაგირება მალევე მოყვა და უკვე 2 მარტს სასწავლო დაწესებულებებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილით ირანიდან ჩამოსულ მგზავრებს ეკიდებოდა, რადგანაც ირანს ვირუსის გავრცელებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
ქვეყანაში პირველი გარდაცვალება 12 მარტს დაფიქსირდა. 14 მარტს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი 10 დღით დაიკეტა. იმავე დღეს აზერბაიჯანმა საჰაერო და სახმელეთო საზღვრები თურქეთთანაც ჩაკეტა. გამკაცრდა კანონი იზოლაციის დამრღვევ პირთათვის. პირველად ჯარიმა, ხოლო განმეორებისას – 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, – ემუქრება ყველა პირს, რომელიც წესებს არ დაემორჩილება.
ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ყველა მედპერსონალს, რომელიც ვირუსთან გასამკლავებლად სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს, დროებით ხელფასი გაეზარდა. სახელმწიფოში 19 მარტს COVID-19-თან ბრძოლის ფონდის შექმნის შესახებაც განაცხადეს, რომელშიც 12 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ფონდის ოფიციალურ საიტზე 25 მარტისათვის უკვე 80 მილიონი მანათი იყო დაგროვილი.
“ფონდის შექმნის მთავარი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატვის საშუალება მივცეთ. ეს ორი რამ არის მთავარი ფუნდამენტი ჩვენი საზოგადოებისათვის. ეს არის შესაძლებლობა, დავინახოთ მთელ მსოფლიოს, რაოდენ ღირსეული ადამიანები ვართ,“ – განაცხადა ალიევმა.
ამ, ერთი შეხედვით, სამაგალითო წამოწყებას კრიტიკაც მალევე მოყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას ფული რეალურად იმ ეკონომიკური კრიზისისათვის სჭირდება, რომელიც ნავთობზე ფასის ვარდნამ გამოიწვია.
აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრი, აზერ ბაირამოვი, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ინფლაციას გააკონტროლებს. ხელფასებისა და პენსიის გაზრდის გამოცხადებასთან ერთად, მან განაცხადა, რომ “წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებლები არ იქნება იმაზე დიდი, ვიდრე ეს პროგნოზირებულია.“
მოსახლეობა კი შექმნილ ვითარებაზე იმავე ოპტიმიზმს არ გამოხატავს – სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გამო.
“იმ ქვეყნებში, რომლებიც ვერაფერს აწარმოებენ და არ ქმნიან დამატებით დოვლათს, პენსიებისა და ხელფასების ზრდა ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს,“ – განაცხადა MeydanTV-სთან საუბრისას ეკონომისტმა ნათიგ ჯაფარლიმ.
ფონდის რესურსების ზრდის ინფორმაციისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის რეალური ქმედებები COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ, ნაკლებადაა ცნობილი. ქვეყანა რეგიონში რიგით ბოლო იყო, რომელმაც ირანს საზღვრები ჩაუკეტა.
ამასთანავე, აზერბაიჯანის მთავრობამ ოპოზიციის წინააღმდეგ აგრესიული ტონიც გამოავლინა და ის კორონავირუსის სათავისოდ გამოყენებასა და პანიკის დათესვის მცდელობაში დაადანაშაულა.
უფრო მეტიც, 19 მარტს ალიევი ოპონენტებს ღიად დაემუქრა:
“ჩვენ ვხედავთ ღია პროვოკაციას. საიდან მოდის ეს პროვოკაცია? – მეხუთე კოლონადან, ჩვენ შორის მყოფ მტერთაგან, საკუთარ თავს ოპოზიციას რომ უწოდებენ. მათი მთავარი მიზანი აზერბაიჯანის განადგურებაა… ისინი ჩვენი მტრები არიან და მათ ღიად უნდა დავუპირისპირდეთ… ამ შემთხვევაში გამართლებულია მეხუთე კოლონას იზოლაცია.“
ალიევის განცხადებიდან დიდი დრო არ იყო გასული, როცა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომამდგენელი, ტოფიქ იაღოფლუ, დაიჭირეს. მოსახლეობის ნაწილის აზრით, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადებები და ქმედებები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ალიევი პანდემიის გამოყენებას პოლიტიკური ძალაუფლების გასაზრდელად ცდილობს.
სომხეთი (დაფიქსირებულია 853 შემთხვევა)
სომხეთმა, სხვა სახელმწიფოთა მსგავსად, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად კანონების გამკაცრება დაისახა. პარლამენტმა სომხეთის მთავრობას უფლებამოსილება გაუზარდა, კერძოდ, მთავრობას უფლება მიეცა, გააკონტროლოს მოქალაქის ადგილსამყოფელი და შეამოწმოს მათი სატელეფონო კონტაქტები.
30 მარტს იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას უფლება მიეცემა, მობილური ტელეფონის მფოლებელთა შესახებ სრული ინფორმაცია შეაგროვოს – სად იმყოფებოდნენ, რამდენი ზარი განახორციელეს და როდის.
“დაინფიცირებული ადამიანის ბოლო 14 დღის განმავლობაში გადაადგილების დადგენა დაგვეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა.
“ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის გაუგებარია, რას აძლევს სახელმწიფოს ორი ადამიანის საუბრის ჩაწერა,” – განაცხადა საპარლამენტო სპიკერმა, არარატ მირზოიანმა.
ამ ყველაფერთან ერთად, სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აკრძალულია 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება, შეზღუდეს მედიაგაშუქება COVID-19-ის შესახებ. ვირუსი პირველად ერევანთან მდებარე პატარა ქალაქ ეჩმიაძინში დაფიქსირდა. COVID-19 აღმოაჩნდა ერევანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელსაც, რის გამოც 15 მარტს მთელი პერსონალის იზოლირება მოახდინეს.
საყურადღებოა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში 5 აპრილს ჩანიშნული რეფერენდუმიც გაურკვეველი ვადით გადადო. აღნიშნული რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს, დაითხოვენ თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს.
პრეზიდენტ პაშინიანისთვის კი რეფერენდუმის კამპანია ტოპ პოლიტიკურ პრიორიტეტად გადაიქცა, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება დღის წესრიგს პანდემიის დასრულების შემდეგ.