ამ ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში ხშირად წააწყდებით ტერმინს „ჯოგური იმუნიტეტი“. ეს ფენომენი აქტიური განხილვის საგანი ახალი კორონავირუსის ფართო გავრცელებასთან ერთად გახდა. თუმცა, COVID-19-ისგან განსხვავებით, ჯოგური, უფრო სწორად კი „საზოგადოებრივი/კოლექტიური იმუნიტეტი“ ახალი ცნება სულაც არ არის.
იმისთვის, რომ გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე და რა კავშირი აქვს კორონავირუსს და საზოგადოებრივ იმუნიტეტს, უნდა გვქონდეს ზოგადი წარმოდგენა ინფექციური დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (მაგ., ვირუსის) გადადებასა და გავრცელებაზე. ამისთვის ერთი შეხედვით რთული ტერმინი „რეპროდუქციული მაჩვენებელი“ დაგვჭირდება.
მარტივად რომ ავხსნათ, რეპროდუქციული მაჩვენებელი (R0) არის რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, საშუალოდ რამდენ ადამიანს გადასდებს ინფექციას ერთი ინფიცირებული ადამიანი. ამ რიცხვის საშუალებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა სიხშირით გავრცელდება ინფექცია ისეთ პოპულაციაში, რომელიც ამ მიკროორგანიზმს საერთოდ არ იცნობს, ანუ, არ აქვს მის მიმართ იმუნიტეტი და სრულებით მოწყვლადია. აღსანიშნავია, რომ R0 ყველა პათოგენისათვის განსხვავებულია. მაგალითისთვის, თუ ეს მაჩვენებელი ერთია, ინფიცირებული ადამიანი აინფიცირებს საშუალოდ ერთ სხვა ინდივიდს. რაც უფრო მაღალია კონკრეტული პათოგენის R0, ინფექცია მით უფრო გადამდებია და უფრო სწრაფად ვრცელდება.
R0-ზე სამი ფაქტორი მოქმედებს:
- ალბათობა იმისა, რომ კონტაქტის შემთხვევაში ინფიცირებული ადამიანი ინფექციას მეორე ადამიანს გადასდებს
- რამდენ ხანსაა ინფიცირებული ადამიანი გადამდები
- რამდენად ხშირი და მჭიდროა ადამიანებს შორის კონტაქტი
პირველი ორი ფაქტორი ინფექციის გამომწვევ პათოგენსა და ადამიანთან მის ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ მესამე კომპონენტზე შეგვიძლია გავლენის მოხდენა. რაც უფრო მეტია ადამიანთა შორის კონტაქტი, მით უფრო მარტივად ვრცელდება ინფექცია. შესაბამისად, ფიზიკური დისტანცირება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ.
ეპიდემიის მიმდინარეობისას, დროთა განმავლობაში R0 მცირდება და ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. რატომ? რა მოხდა?
სწორედ აქ ერთვება პროცესში საზოგადოებრივი, კოლექტიური, გნებავთ პოპულაციური იმუნიტეტი.
ინფექციის გავრცელებასთან ერთად, საზოგადოების ნაწილი ინფიცირდება და ინფექციას გადაიტანს. თუ დაავადება მყარ იმუნიტეტს ტოვებს, ადამიანი ამ კონკრეტული ინფექციისადმი მდგრადი, გამძლე ხდება და ინფექციის გადაცემის ჯაჭვიდან ავტომატურად „ამოვარდება“. როცა საზოგადოებაში იმუნური ადამიანების რაოდენობა იზრდება, ინფექციის გავრცელება მცირდება. მაგალითად, დადგენილია, რომ რაც უფრო იზრდება საზოგადოებაში იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც წითელას გადატანის შემდეგ ჩამოუყალიბდათ ბუნებრივი იმუნიტეტი, მით უფრო მცირდება წითელას შემთხვევები საზოგადოებაში, მათ შორის, წითელას მიმართ იმუნიტეტის არმქონე ბავშვებში. წარმოვიდგინოთ, რომ იმუნური ადამიანების სახით ვირუსს ხვდება ბარიერები, რომლებიც მას გავრცელებაში ხელს უშლის. აქედან გასაგები ხდება, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი არის კონკრეტული დაავადების მიმართ იმუნიტეტის არმქონე ადამიანების არაპირდაპირი დაცვა ინფიცირებისგან. ამ დაცვას კი საზოგადოებაში იმუნიტეტის მქონე ადამიანები განაპირობებენ. მოქმედი საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, პოპულაციის უმრავლესობას ჰქონდეს ბუნებრივი (ინფიცირების გზით ჩამოყალიბებული) ან ხელოვნური (ვაქცინაციის გზით შეძენილი) იმუნიტეტი კონკრეტული ინფექციის წინააღმდეგ.
თუ პოპულაციის ნაწილი უკვე იმუნურია კონკრეტული ინფექციისადმი, გადადების აღსაწერად ვიყენებთ არა R0-ს, არამედ ეფექტურ რეპროდუქციულ მაჩვენებელს (R-effective). R-effective გვიჩვენებს, რამდენი ადამიანის ინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულს, თუ საზოგადოების ნაწილი უკვე იმუნურია ამ ინფექციის მიმართ. თუ ეფექტური R<1, ინფექცია უბრალოდ წყვეტს გავრცელებას, რადგან იმუნიტეტის არმქონე ადამიანების რაოდენობა ზედმეტად მცირეა საიმისოდ, რომ მიკროორგანიზმი მათ „მიწვდეს“.
რაც უფრო მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი (R-0), ანუ, რაც უფრო სწრაფია ინფექციის საბაზისო გავრცელება, პოპულაციის მით უფრო დიდი ნაწილი უნდა იყოს იმუნური იმისთვის, რომ ეფექტური R (R-effective) ერთს ჩამოსცდეს და ინფექციის გავრცელება შეწყდეს.
მაგალითად, თუ R0 = 2, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ეფექტური საზოგადოებრივი იმუნიტეტი და ინფექციის გავრცელება შეწყდეს, კონკრეტული ინფექციის მიმართ მოსახლეობის 50% უნდა იყოს იმუნური.
მოსახლეობაში ამა თუ იმ ინფექციის საწინააღმდეგო კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების ყველაზე ეფექტური გზა მასობრივი ვაქცინაციაა. ეს საშუალებას გვაძლევს, შევაფერხოთ ინფექციის გავრცელება და დავიცვათ ის ინდივიდები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო არ შეუძლიათ იმუნიტეტის შეძენა. ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ, მიუხედავად ვაქცინების ეფექტურობისა, ამ გზით კოლექტიური იმუნიტეტი ყოველთვის ვერ ყალიბდება. ამის მიზეზი სხვადასხვა ინფექციური პათოგენის ბიოლოგიური თავისებურებებია – განიცდის თუ არა ის მუტაციას, რამდენად მყარ და ხანგრძლივ იმუნიტეტს ტოვებს ადამიანში, ბინადრობს თუ არა სხვა სახეობებში და ა.შ.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელების სიხშირე ბოლომდე დადგენილი არ არის და არსებული მაჩვენებელი (R0 – 2,5-3) შესაძლოა მკვეთრად შეიცვალოს. შესაბამისად, ამ დროისათვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ადამიანი უნდა იყოს იმუნური ამ ინფექციის მიმართ იმისთვის, რათა ვირუსის გავრცელება შეიზღუდოს.
რაც შეეხება კორონავირუსის მიმართ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ იმუნიტეტს, ვაქცინის არარსებობის გამო, ჯერჯერობით მისი ჩამოყალიბების ერთადერთი გზა ბუნებრივი იმუნიტეტია, რაც დაავადების გადატანას გულისხმობს. COVID-19 რა გამოსავლით დასრულდება, წინასწარ არავინ იცის და, ბუნებრივია, იმუნიტეტის გამომუშავების მიზნით დაავადების “გადატანა” სარისკოა და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც გამოდგეს. ამას გარდა, დაზუსტებით არაა ცნობილი, დაგვიცავს თუ არა ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ხანგრძლივად და იცვლება თუ არა კორონავირუსი დროსთან ერთად.
ზემოთ აღწერილი მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო საზოგადოებრივ (ჯოგურ) იმუნიტეტზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია.
დღეისათვის COVID-19-ისგან თავდაცვის ერთადერთი გზა სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის წესების დაცვაა.
შეჯამებისთვის, მოკლედ:
- ინფექციური პათოგენის საზოგადოებაში გავრცელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ცნება: რეპროდუქციული მაჩვენებელი და ეფექტური რეპროდუქციული მაჩვენებელი.
- R0 – რეპროდუქციული მაჩვენებელი გვიჩვენებს რამდენ ადამიანს შეიძლება გადასდოს ინფექცია ერთმა ინფიცირებულმა ინდივიდმა და მასზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.
- რაც უფრო მეტია ადამიანთა შორის კონტაქტი, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ინფექცია.
- საზოგადოებრივი იმუნიტეტი არის კონკრეტული დაავადების მიმართ იმუნური ადამიანების მიერ იმუნიტეტის არმქონე პირების ინფიცირებისგან დაცვის არაპირდაპირი მექანიზმი.
- საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო მეთოდი მასობრივი ვაქცინაციაა.
- ვაქცინის არარსებობის გამო, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბების ერთადერთი გზა ბუნებრივი იმუნიტეტია, რაც დაავადების გადატანას გულისხმობს.
- SARS-CoV-2-ის გავრცელების შესახებ ბევრი რამ კვლავ უცნობია და დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, შესაძლებელია თუ არა ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება.
წყარო:
სტატიის ორიგინალი ვერსია გამოქვეყნდა ბლოგზე: Covid-19 ყველაფერი კორონავირუსზე