ელისაბედ II – დაავადების წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლით მას აუცილებლად დავამარცხებთ

დიდი ბრიტანეთის მონარქმა, ელისაბედ II-მ, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს ტელევიზიის საშუალებით მიმართა. გავრცელებულ განცხადებაში დედოფალი ხაზს უსვამს ქვეყნაში არსებულ მძიმე ვითარებას და იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც თითოეული ქვეყნის მოქალაქე დგას.

დედოფალი, პირველ რიგში, მადლობას უხდის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დაავადების წინააღმდეგ წინა ფრონტზე იბრძვიან, ასევე, იმ ადამიანებსაც, რომლებიც სახლში რჩებიან და ამ გზით ებრძვიან ვირუსის გავრცელებას.

დედოფალი ხაზს უსვამს, რომ დაავადების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით აუცილებლად გაიმარჯვებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ჩვენ უამრავი სირთულის წინაშე ვმდგარვართ, ამჟამინდელი ვითარება ყველასაგან განსხვავებულია. ვუერთდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, რათა ერთიანი ძალისხმევით, მეცნიერული მიღწევებითა და თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარით, შევძლოთ განკურნება. ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება იქნება თითოეული ჩვენგანის“ – განაცხადა ელისაბედ II-მ.

საგულისხმოა, რომ დედოფლის მხრიდან ამ ტიპის მიმართვა საკმაოდ უჩვეულო და იშვიათია. აღნიშნულის გარდა, ელისაბედ II-მ ბრიტანელ ხალხს მსგავსი სტილით მხოლოდ 3-ჯერ მიმართა: 1991 წელს სპარსეთის ყურის ომის დრო, 1997 წელს პრინცესა დაიანას დაკრძალვამდე და 2002 წელს დედოფალ ელისაბედ ბოუზ-ლაიონის გარდაცვალების შემდეგ.