ჰარვარდის სპეციალისტები ეპიდემიოლოგიის, ინფექციური დაავადებების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა სფეროებში გვთავაზობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოიტანოს COVID-19-ის სწრაფმა გავრცელებამ.
ოლგა ჯონასი, ჰარვარდის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის უფროსი თანაშემწე, პანდემიის რისკების მართვის ექსპერტია, მან The Gazette-თან ისაუბრა, თუ რა შეიძლება ისწავლოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელებისგან და რა განსხვავებაა 1918 წლის ესპანურ გრიპსა და კორონავირუსს შორის.
1918 წელს ევროპაში გლობალური პანდემია დაიწყო, როცა გრიპის ვირუსი ესპანეთიდან საფრანგეთში, ბრიტანეთში და შემდეგ კი იტალიაში გავრცელდა, – 1918-1919 წლებში, როცა გრიპის ვაქცინა არ არსებობდა და, შესაბამისად, მეცნიერებს ვირუსების შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია ჰქონდათ.
„საბედნიეროდ, ამგვარ პანდემიებს ძალიან ხშირად არ აქვთ ადგილი, მაგრამ გავრცელების სიჩქარე ვირუსის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცუდი თვისებაა. ერთი აშკარა განსხვავება ისა, რომ მსოფლიოში ახლა უფრო მჭიდროდ არის დასახლებული, ვიდრე 1918 წელს. 1918 წელს 2 მილიარდ ადამიანზე ნაკლები იყო, ახლა კი 7.5 მილიარდია, ხოლო მოსახლეობა ბევრად უფრო მობილურია. 1918 წელს საჰაერო ფრენები არ ხორციელდებოდა,“ – აღნიშნა ჯონასმა.
1918 წლის გრიპის პანდემიის შესახებ არაერთი წიგნი და ნაშრომია დაწერილი, თუმცა საზოგადოებამ ეს გრიპი საკმაოდ სწრაფად დაივიწყა.
ჯონასმა აღნიშნა, რომ გაკვეთილი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ ქვეყნების მთავრობებს აქვთ პასუხისმგებლობა, მზად იყვნენ პანდემიისთვის, განახორციელონ ინვესტიცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები, როგორც საშიშროებისგან, ასევე, შემდეგი პანდემიის რეალობისგან.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობამ არ მოახდინა არც სწრაფი და არც ადეკვატური რეაგირება ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც აღმოაჩინეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, მაშინ, როცა მთავრობა ვალდებულია, იმოქმედოს ეფექტურად ადრეულ ეტაპზევე.
ჯონასმა შეადარა სიტუაცია და მთავრობის რეაგირება აშშ-სა და სამხრეთ კორეაში.
„COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა აშშ-ში იმავე დღეს აღმოაჩინეს, როცა სამხრეთ კორეაში – 20 იანვარს. სამხრეთ კორეამ იმოქმედა სწრაფად და დაუყოვნებლივ აკრძალა მასობრივი შეკრებები, ჩატარდა მასშტაბური ტესტირება.
პანდემიის განვითარების რისკის შესამცირებლად, აუცილებელია მთავრობას ჰქონდეს მეთვალყურეობის, დიაგნოსტიკისა და რეაგირების სისტემები, რომლებიც მდგრადი გზით უნდა ფინანსდებოდნენ,” – ამბობს ჯონასი.
1918 წლის გრიპის პანდემიიდან ცნობილია, რომ ქალაქები და მთავრობები, რომლებმაც მიიღეს დროული ზომები კარანტინების დაწესებასთან, სკოლების დახურვასთან და მასობრივი შეკრებების აკრძალვასთან დაკავშირებით, სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ის ადგილები, სადაც უფრო ნელა, დაგვიანებით მოქმედებდნენ.
„მთავრობებმა უნდა მოუსმინონ ექსპერტებს და მეცნიერებს, რომლებმაც უკეთ იციან, როგორ აიცილონ ინფექციური დაავადებების გავრცელება თავიდან. ირონიულია, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში, არავინ აქცევდა ყურადღებას, თუ რას ამბობდნენ ექსპერტები, ხოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში, ყველას სურს, მოისმინოს ექსპერტების აზრი,“ – აღნიშნა ჯონასმა.
წყარო – harvard.edu