ფინტექ ინდუსტრია – გამოწვევები და შესაძლებლობები პანდემიის ერაში | ქეთი მეფარიშვილის ოპედი

თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ მოსაწყენი დროა, მთელი მსოფლიო გაჩერებულია და არაფერი საინტერესო არ ხდება. სინამდვილეში, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავებისა და ადაპტაციის საკითხებმა ახალი მიდგომები და სტრატეგიები წარმოშვა, განსაკუთრებით, ფინტექ (ფინანსური ტექნოლოგიების) ინდუსტრიაში.

Image via iStock

ფინტექ ინდუსტრია ჯერ კიდევ ახალი დარგია, რომელიც ტრადიციული ფინანსური მომსახურებებისგან აღმოცენდა, თუმცა, მათგან განსხვავებით, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ოსტატურად მოირგო და მომხმარებლებს ფინანსურ სახსრებზე წვდომა გაუმარტივა. ალგორითმებსა და მონაცემთა მეცნიერებაზე დაფუძნებულმა ბიზნესმა მომხმარებლებს მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭა  და დაამსხვრია კონსერვატიული ფინანსური მიდგომები. დარგი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მრავალი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს თავსატეხი გაუჩინა, როგორ შეძლონ ამ დარგის ჩარჩოებში მოქცევა და კონტროლის მექანიზმების გავრცელება. ეს არის ფინანსური სექტორის ევოლუცია, რომელმაც მრავალი ტრადიციული მიდგომა შეცვალა.

საინტერესოა, რა გავლენა აქვს COVID-19-ს ყველაზე სწრაფად მზარდი ფინტექ ინდუსტრიისთვის? ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ გაქრება ფინტექი ფინანსური ინდუსტრიის რადარებიდან, ან ხომ არ მოხდება ამ ბიზნეს მოდელის სიღრმისეული გარდაქმნა.

დარგის ძირითადმა მოთამაშეებმა უკვე მოახდინეს ადაპტაცია და მომხმარებლის მოთხოვნებზე გადაწყობა. მაგალითად, ამერიკულმა ნეო-ბანკმა Chime მათი აპლიკაციის საშუალებით ყველა მოქალაქეს გზა გაუხსნა, პირდაპირ ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ბენეფიტებით. არც ღია საბანკო პლატფორმა Railsbank ჩამორჩენია მოვლენებთან ადაპტირებას და სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გამოუყო COVID-19-ით დაზარალებულ ჯგუფებს. ბრიტანულმა საკრედიტო ბიურომ Credit Kudos, რომელიც მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიას აწვდის ფინანსურ ინსტიტუტებს, თვითდასაქმებულთათთვის ახალი ხელსაწყო შექმნა, რომლის მეშვეობით, მომხმარებლებს შემოსავლების დადასტურება შეუძლიათ, რაც ფინანსურ რესურსებზე წვდომას ზრდის. გაორმაგებულია მოთხოვნა P2P (peer 2 peer) პლატფორმებზე, სადაც მომხმარებლები შაუამავალი ფინანსური ინსტიტუტების გარეშე ითხოვენ თანხებს ფიზიკური პირებისგან. ასეთმა მზარდმა მოთხოვნამ, მყისიერი ცვლილება გამოიწვია რისკების შეფასების სისტემაში და თითქმის ყველა წამყვან P2P პლატფორმას მოუწია ადაპტირება ახალ რეალობასთან. ასეთი ტიპის პლატფორმების წარმატების ინდიკატორი, სწორედ ვადაგადაცილებული სესხების პროცენტის დაბალი ზღვარია (default rate), რომელიც COVID-19-ის პირობებში, სადაც რეალურ დროში დადასტურებული შემოსავალი ფუფუნებად იქცა, კიდევ უფრო რთულდება მომხმარებელთა შეფასება და მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება.  ვადაგადაცილებული აქტივების მართვის თვალსაზრისით, აქტიურად განვითარდა მეორადი ბაზრები, სადაც ფინანსური დავალიანებების რეფინანსირება და პლატფორმებიდან ინვესტირების მოზიდვა ხორციელდება. შეცვლილია რისკების შეფასების სისტემები და ტექნოლოგიები, მიმდინარეობს სამომხმარებლო ქცევის ცვილებების სიღრმისეული დაკვირვება, რაც ახალისებს ადაპტირებული პროდუქტების გამოჩენას ბაზარზე.  პანდემიასთან ადაპტირება არც Google Pay-ს გამორჩენია და ბაზარზე ახალი სადებეტო ბარათი წარმოადგინა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ ონლაინში, არამედ ოფლაინშიც განახორციელონ შესყიდვები. ეს კი „გუგლს“,  მდიდარ სამომხმარებლო ბაზას, კიდევ უფრო გაუზრდის მონაცემების მოპოვების არეალს. „გუგლი“ სამომავლოდ განავითარებს ნეო-საბანკო პროდუქტებს, რომელიც ხელიმისაწვდომი იქნება ფართო მასებისათვის. გადარიცხვების აპლიკაცია Venmo-მაც მყისიერად უპასუხა ამერიკის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და არასაბანკო, მთავრობის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტის მისაღებად მომხმარებლებს მიმდინარე ანგარიშის პრობლემა მოუხსნა.

რა გამოიკვეთა COVID-19-ის პანდემიის დროს და როგორ შეიცვალა სამომხმარებლო ქცევა – ყოველდღიურად იმატებს იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელმაც არამიზნობრივი ხარჯების დასარეგულირებლად ფინანსური მართვის აპლიკაციებს მიმართა. გაიზარდა ფინანსური დაგეგმვისა და ხარჯების ოპტიმიზირების კულტურა. 72%-ით გაზრდილია უკონტაქტო გადახდები და სულ უფრო მეტი ადამიანი რეგისტრირდება გადარიცხვების აპლიკაციებში. გაზრდილია მოთხოვნა სამომხმარებლო და მცირე საწარმოო სესხებზე. ეს ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ პანდემია სამუდამოდ შეცვლის მომხმარებელთა ქცევებს და ფინტექ ინდუსტრიის მოთამაშეებს კიდევ უფრო სწრაფად მოუწევთ ახალი ტექნოლოგიების განვითარება.

იმის გათვალისწინებით, რომ გლობალურად კრიზისის პერიოდი 2020 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო აღდგენასა და საწყის ნიშნულზე დაბრუნებას 12-18 თვე დასჭირდება, ფინანსური ინდუსტრიის დიჯიტალიზაცია უკვე არა ტრენდი, არამედ – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება. სულ უფრო მეტი ფიზიკური ფილიალი შეწყვეტს მუშაობას და გადაინაცვლებს ონლაინ-სამყაროში. გაიზრდება მოთხოვნა ღია საბანკო სერვისებზე.

ფინტექ ინდუსტრიის ისეთი მოთამაშეები,  რომლებიც სამომხმარებლო და მცირე საწარმოთათვის სესხებს გასცემენ, ძალიან სწრაფად მოახდენენ თავიანთი მანქანური სწავლების გადაწყობას და  ეფექტურად მიაწვდიან კაპიტალს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტებს. გაიზრდება მოთხოვნა ისეთ P2P lending პლატფორმებზე, როგორიცაა (Funding Circle, Prosper, Mintos, Twino და მსოფლიოს წამყვანი სხვა კომპანიები). აღსანიშნავია, რომ P2P პლატფორმების სექტორს გამოეთიშება ის მოთამაშეები, რომლებმაც ვერ შეასრულეს კრიზისის დროს ინვესტორის წინაშე აღებული ვალდებულებები.

დიჯიტალიზაციის ჯაჭვში აუცილებლად აღმოჩნდებიან უძრავი ქონებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის წარმომადგენლები. პროდუქტების დიჯიტალიზაცია გარდაუვალი იქნება, ტექნოლოგია ჩაანაცვლებს შუამავალ რგოლს და ფიზიკური შეხების წერტილებს.

პანდემიამ დააჩქარა მოთხოვნის ზრდა AI ხელოვნურ იტელექტსა და და IoT ტიპის ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე. სულ უფრო მოიმატებს ჩატ და ქოლ ცენტრის ბოტებზე საჭიროება, ანგარიშის გახსნისა და სესხის გაცემის ავტომატიზაცია, რაც შეიძლება მინიმალური ადამიანური რესურსის ჩართვის ფაქტორით.

მოთხოვნის მზარდი ტრენდით ახასიათებს ციფრულ საფულეებსა და ციფრულ იდენტიფიკატორებს (Digital ID). ბიომეტრიული ID ვერიფიკატორის მეშვეობით ფინანსურ ინსტიტუტებს გაუმარტივდებათ მომხმარებელთა შემოწმება, აგრეთვე გაიზრდება უსაფრთხოება.

შედარებით დიდი სიძნელეებისა და გამოწვევების წინაშე დადგება ტრადიციული საბანკო სექტორი პოსტ-კრიზისულ პერიოდში, კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი ბუფერების შესანარჩუნებლად. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწევთ  საჭირო მოცულობის ლიკვიდობის რესურსი გამოუყონ საბანკო სექტორს, რათა მათ სწრაფად აათვისებინონ ფინანსური სახსრები ეკონომიკას. სავალუტო გადარიცხვები მოიკლებს, რაც აისახება საკომისიოების რაოდენობაზე. მოსალოდნელია, ფიუჩერსებისა და ოფციების ინსტრუმენტების გამოყენების ზრდა.

საინტერესოა, როგორ შეიცვლება ვენჩერული ინვესტიციები და რამდენად ხელმისაწვდომი დარჩება დაფინანსება ახალი ფინტექ მოთამაშეებისათვის – ცხადია, კომპანიების შეფასება და ფინანსებთან წვდომა შეფასების მკაცრს ეტაპებს გაივლის.

თავისთავად, ისეთი ტიპის ფინტექ სტარტაპებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ფინანსური და ტექნოლოგიური რესურსების სერიოზული რეზერვი, მოუწევთ კოლაბორაცია დიდ კომპანიებთან ან ძალიან ვიწრო სეგმენტზე მუშაობა. სამწუხაროდ, პანდემიის წესები მკაცრია – გადარჩება ის, ვისაც ძლიერი საყრდენი და ახალ წესებთან მორგების უნარი აქვს.

 

ავტორი: ქეთი მეფარიშვილი | საერთაშორისო ფინტექ კომპანიის „TWINO“ აზიის რეგიონის მენეჯერი