ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც განხილულია covid19-ით გამოწვეული შესაძლო ეკონომიკური ზარალი საქართველოსათვის. მსოფლიო პანდემიის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოსაც დიდი ეკონომიკური დანაკარგები ელის, თუმცა სწორი ფისკალურ-მონეტარული პოლიტიკის გატრების შემთხვევაში, შესაძლოა, ეს დანაკარგები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
ნაშრომში განხილულია სხვადასხვა შესაძლო სიტუაციები და შესაბამისი ეკონომიკური გათვლებით მოცემულია ქვეყნის დანაკარგები. საქართველოს ეკონომიკას უკვე მიადგა გარკვეული ზიანი, მაგრამ COVID19-ის გავრცელებასთან ერთად ამ ზიანის მასშტაბიც იზრდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია, სავარაუდოდ, რა ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე არსებული სიტუაცია.
შიდა მოხმარების შემცირება – შინამეურნეობის მოხმარება საქართველოს მშპ–ის 68%–ს შეადგენს (საქსტატი, 2018წ.), შესაბამისად, დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება შეაფერხებს მშპ–ის ზრდის ტემპს.
შიდა ინვესტიციების შემცირება – გაურკვევლობა და ბიზნესმოლოდინების გაუარესება შეაფერხებს ბიზნესის საინვესტიციო გადაწყვეტილებებს. თუ კომპანიები ელიან, რომ მოთხოვნა შემცირდება, თავადაც შეამცირებენ ინვესტიციებს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მშპ–ს.
ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის შეფერხება – საერთაშორისო მოგზაურობის აკრძალვა მკვეთრად შეამცირებს ტურისტების შემოსვლასა და მათგან მიღებულ შემოსავლებს. ISET-ის გათვლებით საქართველოს ეკონომიკამ თებერვალში უკვე დაკარგა ტურიზმის პოტენციური შემოსავლის 3-9%. მშპ-ის დანაკარგები სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია.
მაგალითად, თუ საერთაშორისო გადამყვანი და შიდა ტურიზმი სრულად შეჩერებულია, მარტი-მაისის პერიოდში საქართველო, სავარაუდოდ, 514 მლნ აშშ დოლარს დაკარგავს. მარტი-ივლისის პერიოდში – 989 მლნ-ს, ხოლო თუ პერიოდი გახანგრძლივდება მარტი-დეკემბრამდე, მაშინ – 2.010 მლრდ-ს.
ვაჭრობის შემცირება – მოსალოდნელი კრიზისი აურყოფით გავლენას იქონიებს საგარეო მოთხოვნაზე, რაც კიდევ უფრო დააზარალებს საქართველოს ვაჭრობას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება – უცხოელი ინვესტორები ცდილობენ უსაფრთხო აქტივებში ინვესტირებას, ვალუტის გაუფასურება კი უარყოფით მოლოდინებს აძლიერებს.
ფულადი გზავნილების შემცირება – ფულადი გზავნილების შემცირება დიდი დარტყმა იქნება საქართველოსთვის, რადგან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 2019 წელს მშპ-ის 9.8% შეადგინა.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია განვითარების სხვადასხვა სცენარი და დანაკარგების სავარაუდო რაოდენობა.
წარმოების შეფერხება – შიდა წარმოება ზარალს განიცდის, რადგან ბიზნესი იძულებით იხურება და დასაქმებულები სამსახურში ვერ მიდიან.
გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი – COVID-19-ის სიკვდილიანობა, ავადობა და ამით გამოწვეული ხარჯების ზრდა ჯანდაცვის სისტემაზე აისახება.