ვინ იყიდის Covid-19-ის ვაქცინას პირველი?

photo – xinhuanet


ევროკავშირი მილიარდობით ევროს გამოყოფს Covid-19-ის პოტენციური ვაქცინის წინასწარ შესაძენად.

ევროკომისია წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გამოყონ თანხები იმ ფარმაცევტული კომპანიების დასაფინანსებლად, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე. ამით ევროკავშირი ქმნის მარაგს, რომელიც მომავალში ევროკავშირის მოქალაქეებს ვაქცინით უზრუნველყოფს.

ფარმაცევტულ კომპანიებთან ხელშეკრულება იდება ოფიციალური დოკუმენტის ფარგლებში სახელწოდებით ,,ვაქცინის სტრატეგია“. დოკუმენტი წარმოადგენს 27 წევრი სახელმწიფოს პოზიციას, რომლის საბოლოო დამტკიცებას კომისია 17 ივნისს გეგმავს.

ამ დროისთვის უკვე შესაძლებელია მიმდინარე კლინიკურ ცდებში გამოყენებული ყველა ვაქცინის წინასწარი შეძენა, გამონაკლისს წარმოადგენს ამერიკაში დამზადებული ვაქცინები. ვაშინგტონი უარს აცხადებს ამერიკული ვაქცინის საზღვარგარეთ გაყიდვას მანამ, სანამ, ვაქცინით თავად ამერიკელი მოქალაქეები არ იქნებიან უზრუნველყოფილნი.

ევროკავშირი ვაქცინის წინასწარ შეძენას საგანგებო ბიუჯეტში არსებული თანხებით აპირებს, რომელიც ამ ეტაპზე 2.4 მილიარდ ევროს შეადგენს.