ბრიტანელი მეცნიერების დასკვნას კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ „დექსამეტაზონის“ გამოყენებასთან დაკავშირებით, საფონდო ბირჟაზე აქციების ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა.
პანდემიის აფეთქების დღიდან, საფონდო ბირჟაზე აქციის ფასები საკმაოდ მგრძნობიარეა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის კვლევების მიმართ. მსგავსად, აპრილის თვეში აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ რემდესივირის კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დამტკიცებას აქციებზე ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა პრეპარატის არაეფექტურობა დაადასტურეს, ფასები მალევე დაეცა.
Covid 19-ის პრეპარატის კვლევების გარდა, აქციებზე ფასების პოზიტიური ცვლილება საცალო გაყიდვების ზრდას და აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ეკონომიკური სტიმულირების დაპირებას უკავშირდება.
17 ივნისის მონაცემებით, დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსი 526.82 ნიშნულით, ანუ 2%-ით გაიზარდა და 26,28989-ს მიაღწია. S&P 500 1.9%-ით, ხოლო ნასდაქის აქციების ფასებმა 1.8%-ით მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას FED-ის განხადებამ, ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნების შესახებ, საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის მკვეთრი დაცემა გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, შტატების ცნობით, მაისის თვეში რეკორდულად, 17.7%-ით გაიზარდა საცალო გაყიდვები აშშ-ში, როდესაც, დოუ ჯონსის გათვლებით, ზრდას მხოლოდ 7.7% უნდა შეედგინა. რეკორდულ მაჩვენებელს თვითერზე პრეზიდენტი ტრამპიც გამოეხმაურა და აღნიშნულ თარიღს საფონდო ბირჟისთვის დიდი დღე უწოდა.
საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი მაღალ ნიშნულს ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტის, ჯერომ პაულის, განცხადების შემდგომ ჩამოცდა. FED-ის პრეზიდენიტის განცხადებით, სამრეწველო ობლიგაციების შესყიდვა ბაზრის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ბაზრის ფუნქციონირება გაუმჯობესდება, ისინი შეამცირებენ ან შეაჩერებენ შესყიდვას, საპირისპირო შემთხვევაში კი სამრეწველო ობლიგაციების შესყიდვა ისევ გაიზრდება.
გარდა ამისა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის, Bloomberg-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია 1 ტრილიონის მოცულობის ინფრასტრუქტურულ გეგმას ამზადებს. პროექტის საწყის ეტაპზე თანხა ტრადიციული ინფრასტრუქტურისთვის გამოიყოფა, როგორიცაა გზებისა და ხიდების პროექტები. გამოყოფილი თანხის ნაწილი, ასევე, მოხმარდება 5G ინტერნეტისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და ქალაქგარეთ broadband-ის განვითარებას.