საინვესტიციო კომპანია გალტ&თაგარტი თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის შესახებ კვლევას აქვეყნებს. მიღებული შედეგები 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს ეფუძნება. ზოგადი დასკვნის მიხედვით, აპრილსა და მაისში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნა ივნისში მომხმარებლის აქტივობითა და ბიზნეს სექტორის ისევ აქტიურად ამუშავებით შეიცვალა. ნელა, მაგრამ მაინც, მცირდება ინფლაცია, რომელიც ივნისში 6,1% იყო. ასევე, აპრილში რეკორდულ მინიმუმამდე დაცემული მომხმარებლის განწყობა ივნისში მკვეთრად გაიზარდა.
იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შემცირდა აპრილსა და მაისში (-94,9% და -88,8%), თუმცა კლების მაჩვენებელი შესამჩნევად შენელდა ივნისში (-45,5). კვლევის პროგნოზით, იპოთეკების გაცემა გაიზრდება, რადგან მთავრობის შემოთავაზებული 4%-იანი სუბსიდიის გეგმა, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს, ბინების მოთხოვნას პირველად ბაზარზე გაზრდის.
საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები აპრილში 92,7%-ით, ხოლო მაისში 74,3%-ით შემცირდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც კლების ტემპი 21%-მდე შემცირდა. მეორე კვარტალში გარეუბნებში გაყიდვები ისევ ჭარბობდა, რამაც ჯამური რაოდენობის 54,2% მოიცვა. სუბსიდიის პროგრამა, რომლითაც მხოლოდ 200, 000 ლარამდე გაცემული იპოთეკური სესხები ფინანსდება, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გაყიდვებს გარეუბნებში.
ბინების ფასებს რაც შეეხება, აპრილში გაზრდილი მაჩვენებელი ერთჯერადი იყო, რაც შემცირებულმა გაყიდვებმა და ერთეული პრემიუმ ტრანზაქციების საშუალო ფასმა გამოიწვია. ახალი ბინების ფასი აპრილში 8,3%-ით გაიზარდა, ხოლო მაისსა და ივნისში ისევ შემცირდა, 9-დან 11 პროცენტამდე.
გაყიდული ბინების მახასიათებლებიდან ისევ დაბალფასიანი ბინები დომინირებს 56%-იანი მაჩვენებლით. შედარებისთვის, პრემიუმ სეგმენტში გაყიდვების რაოდენობა 11% იყო. ახალ ბინებს შორის ყველაზე დიდი მოთხოვნა საშუალო ზომის საცხოვრებლებზეა (მთლიანი გაყიდვების 49%). მათზე მოთხოვნა თბილისის ყველა უბანში მაღალი იყო.
უძრავი ქონების მიმწოდებლები ახალ რეალობასთან მალევე ადაპტირდნენ. 2020 წლის მარტის შემდეგ ძირითადად ბინის გამქირავებლებმა შეამცირეს ფასები. 2020 წლის ივნისში ერთ-ერთ ონლაინ პლათფორმაზე განთავსებული განცხადებების საშუალო შეწონილი ფასი 870-დან 817 აშშ დოლარამდე შემცირდა.
უძრავი ქონების ქირის ინდექსი წლიურად 10,7%-ით შემცირდა, თუმცა ფასების წლიური მაჩვენებელი 4,1%-ით გაიზარდა, ამ ფაქტს ხსნის ტურიზმთან დაკავშირებული მოთხოვნის შემცირება.